თავი პირველი
ცივი გონებით ლაგმავდა გრძნობებს
და იმარჯვებდა მღელვარე სულზე,
ძლივსღა ბჟუტავდა ცეცხლი გულისა,
ვით ეტნას ალი მზის მბრწყინავ შუქზე.
ასე თრგუნავდა ის მძიმე სევდას...
თომას კემპბელი.
„გერტრუდა ვაიომინგიდან“ (ექსები და ეპიგრაფები, გარდა შექსპირიდან მოტანილისა, თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა)
1780 წლის მიწურულს უესტჩესტერის (საგრაფო ნიუ-იორკის შტატში, რომელიც ესაზღვრება ქალაქ ნიუ-იორკს.) საგრაფოს ერთ პატარა ხეობაში, რომლის მსგავსი ამ მხარეში ძალიან ბევრია, ეული მხედარი ცხენს მიაქროლებდა. ნესტიანი სიცივე ძვალ-რბილში ატანდა და ზენა ქარიც ისე ბობოქრობდა, აშკარა იყო, სულ მალე გრიგალი ამოვარდებოდა. გრიგალი კი იშვიათი სტუმარი როდი იყო აქეთ. თანაც, რაკი ერთხელ გაშლიდა მხრებს, რამდენიმე დღეს მაინც აღარ ჩადგებოდა. გზად მიმავალი მხედარი სიბნელეში თვალებგაფაციცებული ამაოდ ეძებდა შესაფერის ღამის გასათევს. არადა, წვიმის წვეთები უკვე შეერია საღამოს სქელბინდიან ნისლს და სადაცაა წამოუშენდა. გზაზე აქა-იქ მხოლოდ მდაბიოთა ღარიბული ქოხმახები მოჩანდა. ამ არეულ დროში, ჯარების ცხვირწინ ჭკუათამყოფელი ვერ გაბედავდა იქ თავის შეფარებას.
როგორც კი კუნძული ნიუ-იორკი ინგლისელებმა დაიპყრეს, უესტჩესტერის ტერიტორია, ამერიკელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი პერიოდის განმავლობაში, ორი მოქიშპე მხარის სამოქმედო ასპარეზად იქცა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, ნათესაური გრძნობების ბრალი იყო თუ შიშისა, პირადი სიმპათიების მიუხედავად, ნეიტრალიტეტს იცავდა. სამხრეთის ქალაქები, ჩვეულებრივ, მეფის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ, როცა ჩრდილოეთის ქალაქების მოსახლეობა სარგებლობდა იმით, რომ კონტინენტის ჯარები (კონტინენტის ჯარები ეწოდებოდა ამერიკის ეროვნულ არმიას, რომელიც შეიქმნა 1775 წელს, 19 მაისს, ფილადელფიაში მოწვეული მეორე კონტინენტური კონგრესის დეკრეტით) ახლოს იყვნენ, გაბედულად იცავდა თავის რევოლუციურ შეხედულებებს და თვითმმართველობის უფლებას. ბევრი ისევ ნიღაბს ატარებდა, რომლის მოხსნაც ჯერ კიდევ ვერ მოესწრო; ამის გამო არა ერთი და ორი კაცი ჩასულა სამარეში თანამემამულეთა კანონიერი უფლებების მტრის სამარცხვინო სახელით დაღდასმული, თუმცა სინამდვილეში რევოლუციის ბელადთა საიდუმლო აგენტი იყო. მეორე მხრივ კი, ზოგიერთი მგზნებარე პატრიოტის საიდუმლო საცავისთვის რომ თავი აგეხადათ, მზის სინათლეზე გამოიტანდით მეფის შეუვალობის სიგელებს (მეფის შეუვალობის სიგელებს აძლევდა ინგლისის მეფე გიორგი III (1760-1820), ვაჭრობისა და ჩრდილოამერიკულ კოლონიებში მიწების შეძენის უფლებით) , რომლებიც საიდუმლოდ განისვენებდნენ ბრიტანული ოქროს მონეტების ქვეშ.
ჩაუვლიდა თუ არა რომელიმე ფერმას, მისი დიდებული ცხენის ფლოქვების თქარუნის ხმაზე შეშინებული დიასახლისი კარს ოდნავ გამოაღებდა და უცნობს მალულად შესცქეროდა. ალბათ, ამ დაკვირვების შედეგებს დაუყოვნებლივ ანიშნებდა ქმარს, რომელიც სახლის უკან იდგა და ელოდა მახლობელ ტყეში გასაქცევად გამზადებული, სადაც ის, ჩვეულებრივ, იმალებოდა, როცა რაიმე საფრთხე იყო მოსალოდნელი. ხეობა დაახლოებით საგრაფოს ცენტრში მდებარეობდა და ორივე არმიასთან საკმაოდ ახლოს იყო. ამიტომ ხშირად ასეც ხდებოდა, რომ ერთ მხარეს გაძარცულ კაცს მეორე უბრუნებდა სარჩო-საბადებელს. სიმართლე თუ გინდათ, ყოველთვის თავისსავე საქონელს ვერ აძლევდნენ, მაგრამ ზოგჯერ დაზარალებულს დანაკარგს ჭარბადაც კი უნაზღაურებდნენ იმის გამო, რომ მისი საკუთრება სხვამ მიითვისა. ისე კი, ამ მხარეში კანონიერება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდა და გადაწყვეტილებებსაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა სურვილების საამებლად იღებდნენ.
მშვენიერ რაშზე ამხედრებული მგზავრი, ისევე, როგორც მისი ცხენი, სამხედრო აღკაზმულობის გარეშე იყვნენ, მაგრამ მათმა ამაყმა და ლაზათიანმა გარეგნობამ გარშემო ფერმების მცხოვრებნი, რომლებიც ცოტა არ იყოს, ეჭვით უთვალთვალებდნენ, საგონებელში ჩაყარა. ზოგ-ზოგებს, ვისაც სინდისი სუფთა არ ჰქონდა, მოსვენებაც კი დაუკარგა.
არაჩვეულებრივად მძიმე დღით მოქანცულ მხედარს ერთი სული ჰქონდა, როდის დააღწევდა თავს იმ ჯოჯოხეთს, რომელიც უფრო და უფრო მძვინვარდებოდა და, როცა ერთბაშად კოკისპირულმა წვიმამაც წამოუშინა, მგზავრმა გადაწყვიტა, პირველივე შემხვედრი სახლის კარზე დაეკაკუნებინა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. შევიდა თუ არა ერთ მორყეულ ჭიშკარში, ცხენიდან არც კი ჩამოსულა, ისე დააბრახუნა ღარიბული ქოხის კარზე. კაკუნზე კარი გაიღო და შესასვლელში შუახნის ქალი გამოჩნდა, რომლის გარეგნობა ისეთსავე შთაბეჭდილებას ახდენდა, როგორსაც მისი საცხოვრებელი. ქალმა დაინახა თუ არა ზღურბლზე მხედარი, რომელსაც გაჩაღებული კერიის შუქი საკმაოდ კარგად ანათებდა, შეშინებულმა უკან დაიხია და კარიც სანახევროდ მიხურა. მხოლოდ ამის შემდეგ ჰკითხა მოსულს, რა გნებავთო. სახეზე ცნობისმოყვარეობასთან ერთად შიშიც გამოუკრთოდა.
თუმცა ნახევრად მიხურულ კარში მგზავრმა ვერ მოახერხა, კარგად დაეთვალიერებინა ოთახის მორთულობა, მაგრამ, რასაც თვალი მოჰკრა, ისიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავისი მახვილი მზერა ისევ სიბნელისთვის მიეპყრო იმ იმედით, იქნებ უფრო მოხერხებული თავშესაფარი ვიპოვოო. მიუხედავად ამისა, თავს ძალა დაატანა, ზიზღი დამალა და ღამის გასათევი ითხოვა. ქალი აშკარად უხალისოდ უსმენდა და სიტყვა არ დაამთავრებინა:
- მართალი გითხრათ, არ მიყვარს უცხო ხალხის სახლში შემოშვება, ხომ იცით, რა არეული დროა, - მოურიდებლად,