1.
ყველამ იცის 1998 წლის ზაფხული იდგა, როდესაც ორი წლის პენსიაზე გასული ჩემი მეზობელი ქოულმენ სილქი, ახლომდებარე ათინა-კოლეჯში ანტიკური სიტყვიერების პროფესორად ოცდარამდენიღაც წელიწადი ნამუშევარი, მას მერე კი ამავე სასწავლო დაწესებულების დეკანის პოსტზე ნამყოფი, გამომიტყდა, რომ სამოცდათერთმეტი წლის ასაკში კოლეჯში მომუშავე ოცდათოთხმეტი წლის დამლაგებელთან ჰქონდა რომანი გაჩაღებული. კვირაში ორჯერ, გარდა სასწავლებლისა, ეს ქალი ჩვენს მიყრუებულ ფოსტასაც ალაგებდა, კედლებზე ფიცარაკრულ ნაცრისფერ სახლს, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ოცდაათიან წლებში რომელიმე უბადრუკი ოჯახი ოკლაჰომის ქარიშხლებს აქ აფარებდაო თავს; ფოსტა ჩვენს ბორცვებიან დაბაში ავტოგასამართ სადგურსა და უნივერმაღს შორის იდგა და ამერიკის დროშა უფრიალებდა თავზე.
პირველად თურმე ასე შეხვედრიან ერთმანეთს: ქოულმენი დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მისულა ფოსტაში კორესპონდენციის წასაღებად, ქალბატონი კი თურმე ჩამუხლული იატაკს ხეხავდა. ქოულმენს მაშინვე შეუთვალიერებია ეს მაღალი, მოფერფლისფროთმიანი ქალი, ზურგზე დაშვებული კიკინით. ქალს ქანდაკებასავით პირხმელი სახე ჰქონია, რომელიც, ჩვეულებრივ, დილიდან დილამდე მუხლჩაუხრელად მომუშავე ახალინგლისელი ოჯახის დიასახლისსა და ადრეულ კოლონიურ წლებში მრავალჭირნახულ ქალს მოაგონებს ადამიანს, ღვთისმოშიშსა და უფლის კანონებით მცხოვრებს. მას ფაუნია ფარლი რქმევია და გადატანილ ჭირ-ვარამს თურმე მისი ლოყებჩაცვენილი, პირქუში სახე მარტოობის ნიღბის მიღმა მალავდა. საცხოვრებლად ამ ქალს ახლომდებარე სარძევე ფერმაში ჰქონია ბინა დადებული, სადაც ბინის ქირას ძროხების წველით იხდიდა და გაჭირვებით ეწეოდა ცხოვრების ჭაპანს. განათლებით ვერ დაიკვეხნიდა, დაწყებითი სკოლა და კიდევ ორი საშუალო კლასი ჰქონია გავლილი.
იმ ზაფხულმა, როდესაც ქოულმენმა ეს საიდუმლო გამანდო, მართლაც ყველას დაგვამახსოვრა თავი, რადგან ბილ ქლინთონის საიდუმლო თავისი დეტალებითურთ ყველასთვის გახდა ცნობილი - ნამდვილი, მაგრამ დაუჯერებელი დეტალები, რომელთა სიმართლეცა და დაუჯერებლობაც ვითარების პიკანტური გარემოებით აიხსნებოდა. მსგავსი რამ მას მერე არ განგვეცადა, რაც ახალგამომცხვარი მის ამერიკის პიკანტურ ფოტოებს გადააწყდა ვიღაც „პენტჰაუსში“, სადაც ეს მშვენიერი ქალიშვილი ნაირ-ნაირ პოზაში იყო გადაღებული - ხან მუხლებზე და ხან ზურგზე, - რის შემდეგაც ამ სახელგანთქმულმა გოგონამ გვირგვინზე უარი თქვა და უმაღლესი დონის პოპვარსკვლავად გადაიქცა. ოთხმოცდათვრამეტი წლის ზაფხული ახალ ინგლისში უჩვეულოდ თბილი და მზიანი დაიჭირა, ბეისბოლში კი ის ზაფხული ბიტისორი ღმერთის - თეთრისა და ყავისფრის - შერკინების ხანად მოინათლა, ხოლო თავად ამერიკაში წესრიგმა და კეთილზნეობამ არნახულად გაშალა ფრთები, როდესაც ტერორიზმმა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საფრთხე - კომუნიზმი ჩაანაცვლა და თავად კი ორალურ სექსს დაუთმო ადგილი, როდესაც შუახნის პრეზიდენტმა და უდარდელმა ოცდაერთი წლის გოგონამ, როგორც მოზარდებმა ავტოსადგომზე, ოვალურ დარბაზში ამერიკის უძველესი ჟინი - შესაძლოა, ისტორიულად ყველაზე საბედისწერო და მავნებელი - ფარისევლობის ექსტაზი გააღვიძეს. კონგრესში თუ მედიასაშუალებებში, ერთი სიტყვით, ყველგან, შეტევა დაიწყო და დროშასავით აფრიალდა ხელოვნურად მაღალზნეობრივი სისაძაგლე, რომელიც მორალის სახელით ბრალმდებელიც იყო და განადგურებასაც უქადდა უზნეოთ, და ისეთი დევნა ჰქონდა გამოცხადებული მათზე, თითქოს იმ დევნის სულით ყოფილიყოს შეპყრობილი, XIX საუკუნის სამოციან წლებში ჩემს ამჟამინდელ სახლთან ახლოს მცხოვრები ჰოთორნირომ წერდა; ერთგვარი განმწმენდი რიტუალის მეშვეობით ამ ხალხმა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში ერექციის მოსპობა განიზრახა და ყველაფრისთვის კეთილსახიერების მინიჭება სცადა, რითიც სენატორ ლიბერმანის ათი წლის ქალიშვილს მამიკოსთან ერთად ტელევიზორის ყურების ნება დაერთო. მამიკო კი ამ დროს სულით ხორცამდე იყო შეძრული. არა, თუკი აქ არ გიცხოვრიათ 1998 წელს, არც ის გეცოდინებათ, ფარისევლობა რას ეწოდება. უილიამ ბაქლი,რომელსაც სვეტი აქვს დათმობილი კონსერვატიულად განწყობილ გაზეთებში, წერდა: „როდესაც ამდაგვარი საქციელი აბელარმაც ჩაიდინა, მაშინ საშუალება გამოინახა, რომ მსგავსი რამ აღარ გაემეორებინაო“, - ამით მან პრეზიდენტის საქციელზე მიგვანიშნა, მით უმეტეს, სხვა ადგილას ქლინთონს „თავაშვებულ ავხორცობაში“ დასდო ბრალი, - და იმპიჩმენტისგან განსხვავებით სულ სხვა განაჩენისკენ გვიბიძგა: დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, იმდაგვარი დასახიჩრება იგულისხმა, რომლითაც XII საუკუნეში კანონიკ აბელარს გაუსწორდნენ კანონიკ ფულბერის დანიანი ხელქვეითები. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ აბელარს ფულბერის ძმისწულ ელოიზასთან საიდუმლო კავშირსა და ქორწინებაში დასდეს ბრალი. ხომეინისგან განსხვავებით, რომელმაც თავისი ფეთვით სალმან რუშდის სიკვდილი მიუსაჯა, ბაქლის სანუკვარ ოცნებად მხოლოდ დამნაშავის დასაჭურისება ექცა, თუმცა ამ საქმის შემსრულებლისათვის ფულადი ჯილდოს დაწესება არც გახსენებია, არადა, აიათოლასავით მომთხოვნი და მასავით მაღალზნეობრივი იდეალებით ნასაზრდოებიც კი აღმოჩნდა.
ამერიკას იმ ზაფხულს გულისრევა ვერ ასცდა, რადგან არც ხუმრობა შეუწყვეტია, არც განსჯა-განხილვისა და გადაჭარბებული ნააზრევების ფრქვევისთვის დაუკლია ხელი, მით უმეტეს, რომ იმ დროს ზნეობრივი აუცილებლობა, ბავშვებისთვის აეხსნათ უფროსების ცხოვრება, დაჯაბნა მოზარდებში იმ იდეალების შენარჩუნების მორალურმა აუცილებლობამ, რომ მათ უფროსების პატივისცემა არ დაეკარგათ, ამ დროს