I
სამოთხის მოგონება 1
შვედი. ომის დროს, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ეს სახელი მომნუსხველად ჟღერდა ჩვენს კვარტალში, ნიუარკში, თვით მოზრდილთათვისაც, რომელთა მამებიც პრინს-სტრიტის ძველი გეტოდან გადმოსახლდნენ და ჯერ იმდენად არ იყვნენ გაჟღენთილნი ამერიკული სულისკვეთებით, რომ აღტაცებით შეგუბებოდათ სული მოსწავლის სპორტული ოსტატობის გამო. შვედის სახელი ისევე გვაჯადოებდა, როგორც მისი უჩვეულო სახე. ჩვენს სკოლაში, რომელიც თითქმის მთლიანად ებრაელი ბავშვებით იყო შევსებული, რამდენიმე ქერა ებრაელიდან არც ერთი არ ჰგავდა ამ ქერათმიან ცისფერთვალა ვიკინგს, რომელსაც ძლიერი ნიკაპი და ნიღბის მსგავსი განურჩეველი გამომეტყველება ჰქონდა. ის ჩვენი ტომის პირმშო იყო - სეიმურ ირვინგ ლევოვი ერქვა.
შვედი ბრწყინვალე თავდამსხმელი იყო ფეხბურთში, შესანიშნავი ცენტრალური მოთამაშე - კალათბურთში და პირველი ბაზის დამცველი - ბეისბოლში. ამათგან ვარგოდა მხოლოდ კალათბურთის გუნდი, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა ქალაქის ჩემპიონატში და სწორედ შვედმა მოუპოვა მას ქულების ყველაზე მეტი რაოდენობა. სანამ შვედი ბევრად ჯობნიდა თავის მოწინააღმდეგეებს, გუნდის ბედ-იღბალი დიდად არ გვაღელვებდა: ჩვენ ვიყავით ნაშიერნი არასაკმარისად განათლებული და ჯაფით დაქანცული მშობლებისა, რომლებიც, პირველ რიგში, აკადემიურ წარმატებას აფასებდნენ. ფიზიკური აგრესია - თუნდაც სპორტული უნიფორმით შენიღბული და მკაცრი წესებით შეზღუდული, რომელიც, ამასთანავე, ებრაელების წინააღმდეგ არ იყო მიმართული - მათ განსაკუთრებულ სიამოვნებას სულაც არ ანიჭებდა, კარგი ნიშნები კი - ანიჭებდა. და მაინც, შვედის წყალობით, ჩვენი კვარტალის მცხოვრებნი გულშემატკივრების მიერ საკუთარი თავისა და გარემომცველთა შესახებ შექმნილ ფანტასტიკურ წარმოდგენებს ეზიარნენ: არაებრაელთა მსგავსად (როგორც მათ წარმოედგინათ არაებრაელები), ისინი დროებით ივიწყებდნენ რეალობას და იმედებს სპორტულ ბრძოლებზე ამყარებდნენ. უპირველეს ყოვლისა, მათ შეეძლოთ დაევიწყებინათ ომი.
შვედ ლევოვის აღიარება უიკვეიკელ ებრაელ აპოლონად, ჩემი აზრით, აიხსნებოდა გერმანელებთან და იაპონელებთან ომით - შიშით, რომლითაც ეს ომი ავსებდა სულს. სანამ შვედ ლევოვი სპორტულ მოედანზე ბობოქრობდა, ცხოვრების უაზრო ზედაპირი გარდაისახებოდა უჩვეულო ილუზორულ სამყაროდ, სადაც თავდავიწყებით ეზიარებოდნენ შვედის სიწმინდეს ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით ეშინოდათ, რომ ვეღარასდროს იხილავდნენ ვაჟიშვილს, ძმას ან ქმარს.
მაგრამ რა იყო მისთვის ეს დიდება, იმ ზუსტი ნახტომების, პასების, მძლავრი დარტყმების ეს საკრალიზაცია, მეორე ბაზამდე მირბენის საშუალებას რომ აძლევდა? ამან ხომ არ ჩაუნერგა შვედს თავშეკავება? ამან ხომ არ მიამსგავსა ის ქვისგან გამოთლილ კერპს? ან იქნებ ის, რასაც მოზრდილთათვის დამახასიათებელ სიდარბაისლედ მივიჩნევდით, გამოწვეული იყო მხოლოდ შეუპოვარი შინაგანი ჭიდილით ნარცისიზმთან, რომელსაც მთელი საზოგადოება აღტაცებითა და სიყვარულით უღვივებდა?
სკოლის ჩირლიდერები აღტაცების შეძახილებით ხვდებოდნენ შვედს. მოთამაშეების გამამხნევებელი ან მაყურებელთა აღმგზნები ჟივილ-ხივილისგან განსხვავებით, ეს იყო მხოლოდ შვედისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებული, რიტმული ფეხების ბაკუნი და მქუხარე შეძახილები, რომლებიც განადიდებდა მის უბადლო, სწორუპოვარ სრულყოფილებას. კალათბურთის თამაშის დროს ეს ყიჟინა მთელ დარბაზს აზანზარებდა, როდესაც შვედი პასს იღებდა ან ქულას მოიპოვებდა. ფეხბურთის მატჩის დროს ის ჩვენს თავზე გუგუნებდა (ქალაქის სტადიონის იმ ნაწილში, სადაც ვისხედით) ყოველთვის, როდესაც შვედი კარში ბურთს აგდებდა ან პასს იღებდა. თვით ბეისბოლის ნაკლებად პოპულარულ საშინაო მატჩებზეც ირვინგ-პარკში, სადაც ვერ ნახავდით სტადიონის განაპირას ჩაჩოქილ აღგზნებულ ჩირლიდერებს, ეს ყიჟინა გაისმოდა ხის სკამებზე მსხდარი უიკვეიკელი თავგადაკლული გულშემატკივრების თავზე არა მარტო მაშინ, როდესაც შვედი დასარტყმელად ემზადებოდა, არამედ მაშინაც, როდესაც ის ყველაზე იოლ სიტუაციაში ბურთს აწვდიდა პირველ ბაზას. ყიჟინაში გაისმოდა რვა მარცვალი, რომელთაგან სამი მისი სახელის მარცვლები იყო. ბა-ბაბა-ბა - გაისმოდა მოედნის თავზე - ყოველი განმეორებისას სულ უფრო ხმამაღლა - სანამ, აზვირთებული აღტაცების ზენიტში, ჩვენი ათიოდე ჩირლიდერი გოგონას აფრიალებული კაბები და ნარინჯისფერი სპორტული შარვლები ფეიერვერკივით ფეთქდებოდა აღტაცებული მაყურებლების თვალწინ... ეს იყო არა ჩვენდამი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შეუდარებელი შვედისადმი სიყვარულის გამოხატულება. „შვედ ლევოვი! სიყვარული! შვედ ლევოვი! სიყვარული! შვედ ლევოვი! სიყვარული!“
დიახ, სადაც უნდა გამოჩენილიყო, მას სიყვარულით ხვდებოდნენ. ტკბილეულის მაღაზიათა მფლობელები, რომელთაც ჩვენ თავს ვაბეზრებდით, გვიყვიროდნენ: „ხელი არ ახლო!“ ან „აქედან მოუსვი!“, მაგრამ მას პატივისცემით შვედს ეძახდნენ. მშობლები უღიმოდნენ და ალერსიანად სეიმურს უწოდებდნენ. როდესაც ქუჩაში მოჟღურტულე გოგონათა ჯგუფს ჩაუვლიდა, ისინი ჩუმდებოდნენ, ხოლო ყველაზე გაბედულები უყვიროდნენ: „მოდი, მოდი, ჩემო სიცოცხლევ, ლევოვ!“ მას კი ამგვარი დამოკიდებულება არ აღელვებდა. სიყვარულით გარემოცული დადიოდა ჩვენს კვარტალში და ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. ჩვენ ვოცნებობდით იმ აღტაცებაზე, რომელსაც საყოველთაო, მგზნებარე და უსაზღვრო თაყვანისცემა მოგვანიჭებდა, ხოლო შვედი თითქოს განურჩევლად ეკიდებოდა თავსმოხვეულ სიყვარულს. ეს ბიჭი, რომელიც ამდენ ადამიანს იმედის სიმბოლოდ, ძალის, შეუპოვრობის, სიქველის განსახიერებად მიაჩნდა და რომლის წყალობითაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები უვნებლად უნდა