ძუძუ
ჩემი ამბავი უცნაურად დაიწყო. თუმცა, თუკი საერთოდ უნდა დაწყებულიყო, სხვანაირად ვერც იქნებოდა. მგონი, ნათქვამიცაა - ამქვეყნად რაც იწყება, უცნურად იწყება, უცნაურადვე მთავრდება და საერთოდ, თავისთავად უცნაურიაო. „უცნაურია“ სრულყოფილი ვარდი, ისევე, როგორც არც მთლად სრულყოფილი და კიდევ, სრულიად ჩვეულებრივი, ამ ჯიშის ერთი შეუხედავი ყვავილიც თუნდაც შენივე კარის მეზობლის ბაღში. ისიც გამიგონია, მთავარია, თვითონ რა თვალით შეხედავ, თორემ შეიძლება ყოველივე არსებულში მარტო საოცრება და იდუმალება დაინახოო. ისე, მარადისობაზე თუ დაფიქრდები კაცი, თუ არ დაიზარებ და დავიწყების რაობასაც აწონ-დაწონი, მაშინ შენთვის ყველაფერი სასწაულად გადაიქცევა. და მაინც, დიდი მორიდებით ვეცდები დაგარწმუნოთ, ზოგიერთი რამ სხვა დანარჩენზე მეტად გამაოგნებელია-მეთქი და ამის თვალნათელი მაგალითი პირადად მე გახლავართ.
მართლა უცნაურად დაიწყო - ხანგამოშვებით მსუბუქი ჩხვლეტით საზარდულის მიდამოში. იმ პირველი კვირის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე შევრბოდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მამაკაცთა ფეხსადგილში, ზუსტად ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით, შარვალს ქვევით ვიწევდი, უდიდესი გულისყურით ვითვალიერებდი სხეულს, მაგრამ მთელი ჩემი მოწადინების მიუხედავად, უჩვეულოს მაინც ვერაფერს ვამჩნევდი. ბოლოს თავს შევუძახე, საერთოდ აღარ მიაქციო-მეთქი ყურადღება მაგ ჩხვლეტას, არადა მთელი ცხოვრება სულ დაფეთებული ვიყავი ჯანმრთელობის გამო: ყოველთვის უკიდურესად მძაფრად აღვიქვამდი სიცხის აწევასაც და კუჭისა თუ შარდის ბუშტის ჭირვეულობებსაც, ოღონდ რაკიღა საღად აზროვნების უნარიც არასოდეს მღალატობდა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მივხვდი - შეუძლებელია ავადობის ყოველი ცალკეული, იდუმალი თუ ავბედითი ნიშანი ერთნაირად საყურადღებო იყოს-მეთქი. უეცარი სიკვდილის, დამბლის, რაღაც სრულიად ახალი სენისა თუ ჩვეულებრივი ცხელების თანამდევი გაუსაძლისი ტკივილის პირქუშად ჯიუტი წინათგრძნობის მიუხედავად, ოცდათვრამეტი წლის ასაკში მაინც ერთობ ჯანმრთელი, მოვლილ-ნაპატიები, თითქმის ორი მეტრი სიმაღლის მამაკაცი ვიყავი; არ ვუჩიოდი არც მადას, არც უძილობას, არც უძლურებას, არც თმის ცვენას, არც კბილების ნაკლებობას და საერთოდ, არც რამე შემაშფოთებელი ჩანაწერი არსებობდა ჩემს სამედიცინო ისტორიაში. მოკლედ, საზარდულის მიდამოში გაჩენილი ის ჩხვლეტა ჩემებური ფეთიანობით რაღაც მეტ-ნაკლებად საგანგაშო ნევროლოგიურ დაავადებად კი მოვნათლე უცებვე, მაგრამ იმასაც მშვენივრად ვაცნობიერებდი, უეჭველად ამჯერადაც ტყუილად ვიხეთქავ-მეთქი გულს.
არადა, თურმე ვცდებოდი. თურმე სულაც არ ვღელავდი უსაფუძვლოდ. ერთი კვირის შემდეგ უცებ შევამჩნიე, ბოქვენზე, თმის ქვეშ, ოდნავ როგორ გამივარდისფერდა კანი, თუმცა იმდენად მკრთალად, ბოლოს გადავწყვიტე საერთოდ აღარც დამეხედა ზედ - ტყუილად და უმიზეზოდ რატომ ვიღიზიანებ-მეთქი თავს. კიდევ ერთი კვირა გავიდა (ჩემი ანგარიშით, ოცდაერთდღიანი საინკუბაციო ვადაც უნდა ამოწურულიყო ამასობაში) და როცა იმდღევანდელი ლექციებით, თათბირით, ბოლოს კი საღამოს წვეულებით გადაღლილი წყლის გადასავლებად სააბაზანოში შევედი, ჩემდა უნებურად თვალი მაინც გამექცა და დავინახე, ახლა უკვე ღია წითლად როგორ შეფერილიყო კანი ზუსტად ჩემი ასოს ძირში. პირველი რაც ვიფიქრე, საცვალს გადასვლია საღებავი-მეთქი (თვითდამშვიდების ამ გიჟური მცდელობისას ვინღა აქცევდა ყურადღებას იქვე, ფეხებთან დაგდებულ ღია ცისფერ ტრუსს!). ისე, ერთი შეხედვით, რაღაც ლაქასაც ჰგავდა, თითქოს რომელიღაც კენკროვანი მცენარის ნაყოფი ზედ ბოქვენზე მიმჭყლეტოდა, წვენი გასვლოდა და ამ წითელ ლაქად შემრჩენოდა ზედ.
ასოც და ბოქვენიც სამ-სამჯერ, დიდი მონდომებით დავიბანე შხაპში მდგარმა; მერე წელს ქვემოთ კიდევ გავისაპნე ტანი, მთელი წუთი ვიზელდი ქაფს გამალებული და ბოლოს ცხელი, ამჯერად ლამის მართლა მდუღარე წყლით ჩამოვიბანე. მაგრამ ის ლაქა არსად გამქრალა. თან, არც ნაკაწრს ჰგავდა, არც იარას, არც დაჟეჟილობას, არც მუწუკს - ახლა აშკარად რაღაც მკვეთრ პიგმენტურ ცვლილებას დავცქეროდი საკუთარი თვალით, რაც, ცხადია, იმწამსვე კიბოს დავუკავშირე.
ზუსტად შუაღამე იყო, სწორედ ის დრო, როდესაც საშინელ ამბებში, როგორც წესი, ყველაზე საბედისწერო გარდასახვები ხდება ხოლმე და როცა ნიუ-იორკში ექიმთან დაკავშირება თითქმის სრულიად უიმედო საქმეა. ამის მიუხედავად, მაინც დაუყოვნებლივ ავკრიფე ჩემი პირადი ექიმის, ბატონი გორდონის ტელეფონის ნომერი და მართლა ძალიან გულით ვეცადე, ხმაზე შეშფოთება არ შემტყობოდა. არადა, ის მაინც უცებვე მიხვდა ყველაფერს და თვითონვე შემომთავაზა, ახლავე ჩავიცვამ და ქალაქის მეორე ბოლოდან საჩქაროდ შენ გასასინჯად გამოვეშურებიო. ვინ იცის, იმ ღამით კლერი ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო და არა თავის ბინაში, სადაც რაღაც მოხსენებასა თუ ანგარიშს წერდა, ალბათ არც კი ვეცდებოდი, შიში მომეთოკა და პირდაპირ ვეტყოდი ექიმს - აჯობებს, თავპირისმტვრევით თუ გამოვარდები-მეთქი. ცხადია, მხოლოდ ხსენებული სიმპტომების საფუძველზე ექიმი გორდონი იმ ღამით დაუყოვნებლივ არ გადამიყვანდა საავადმყოფოში, ხოლო იმისდა მიხედვით, რაც უკვე ვიცით - ანდა უწინდებურად არ ვიცით - საავადმყოფოშიც ვერ იზამდნენ ვერაფერს ისეთს, რაც მოსახდენს თავიდან თუ ვერ ამარიდებდა, ერთხანს გადაავადებდა მაინც. სიმარტოვეში გატარებული მომდევნო ოთხი საათის ტანჯვა-წამებას