გემზე
– რა მშვენიერია! – აღმოხდა გრაფინია დე კუდს.
– რა მოხდა‚ ძვირფასო? – ჰკითხა გრაფმა თავის ახალგაზრდა მეუღლეს‚ – ასე რამ მოგხიბლათ? – და თვალი მოავლო გარემოს. უნდოდა დაენახა‚ რამ აღაფრთოვანა მისი ცოლი.
– ისეთი არაფერი‚ ჩემო კარგო! – უპასუხა გრაფინიამ და დარცხვენილს ისედაც ვარდისფერი ღაწვები აელანძა‚ – იმ დიდებულ ცათამბჯენებზე ვფიქრობდი‚ ნიუ-იორკში რომ ვნახეთ.
გრაფინია უფრო მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და კვლავ მუხლებზე გადაშლილი ჟურნალის კითხვა განაგრძო.
ქმარმაც წიგნში ჩარგო თავი. ცოტა დაბნეული კი იყო. ვერ მიმხვდარიყო‚ ასე ანაზდად რატომ აღფრთოვანდა გრაფინია იმ ცათამბჯენებით‚ სამი დღის წინ სრულიად რომ არ მოეწონა ნიუ-იორკში. გრაფი ცოტა ხანს კითხულობდა‚ შემდეგ წიგნი გადადო.
– რა მოწყენილობაა‚ ოლგა‚ – თქვა მან‚ – წავალ‚ იქნებ ვინმე ერთ პარტია ბანქოზე დავითანხმო...
– ყურადღებიანობით არ გამოირჩევი‚ ჩემო ძვირფასო‚ – ღიმილით უთხრა ცოლმა‚ – მაგრამ რადგან თვითონაც მოწყენილი ვარ‚ ამჯერად გაპატიებ. წადი‚ ითამაშე‚ თუკი ეგ მოსაწყენი ბანქო სიამოვნებას განიჭებს.
ქმარი რომ გასცილდა‚ გრაფინიამ ცერად გახედა შორიახლო სავარძელში მჯდომ ჭაბუკს.
– რა ლამაზია! – ისევ ჩაიჩურჩულა მან.
გრაფინია ოლგა დე კუდი ოციოდე წლისა იყო, მისი ქმარი – ორმოცის. გრაფინია ერთგულ მეუღლეობას უწევდა გრაფს‚ მაგრამ არ უყვარდა. გრაფს თავისი სურვილით კი არა‚ მამის‚ მდიდარი რუსი არისტოკრატის დაჟინებული მოთხოვნით გაჰყვა.
ეს უცნობი კი მოსწონდა ქალს‚ მაგრამ არა იმ ვნებიანი ლტოლვით‚ ღალატი რომ მოსდევს ხოლმე. გრაფინია ისე ტკბებოდა მისი ცქერით‚ როგორც რომელიმე ჯიშის სრულყოფილი წარმომადგენლით. ეს ყმაწვილი მართლაც უაღრესად მომხიბლავი იყო.
ქალმა კიდევ ერთხელ გააპარა თვალი‚ მის მშვენიერ პროფილს გახედა‚ მაგრამ ანაზდად ყმაწვილი წამოდგა და გემბანი დატოვა.
– ვინ არის ეს ბატონი? – ჰკითხა გრაფინიამ გვერდით ჩავლილ მსახურს.
– ჩვენ იგი ბატონ ტარზან აფრიკელად გაგვეცნო.
გასართობი სალონისკენ მიმავალი ტარზანი კართან ცხარედ მოჩურჩულე ორ კაცს შეეფეთა. ალბათ არც მიაქცევდა ყურადღებას‚ ერთერთს მორიდებით‚ დამნაშავესავით რომ არ შეეხედა. ამ ორმა ტარზანს პარიზის თეატრების სცენაზე ნანახი მელოდრამული ბოროტმოქმედები გაახსენა.
ტარზანი სალონში შევიდა და იქ მყოფთაგან ოდნავ მოშორებით დაჯდა. საერთო საუბარში ჩაბმა არ სურდა. განმარტოებულს აბსენტიანი ჭიქა ედგა წინ და ნაღვლიანად იხსენებდა უკანასკნელი ხნის თავგადასავალს.
კვლავ და კვლავ აწვალებდა კითხვა‚ გონივრულად მოვიქეცი თუ არა‚ მემკვიდრეობით უფლებებზე უარი რომ ვთქვი თითქმის უცნობი ადამიანის სასარგებლოდო.
მას მოსწონდა კლეიტონი‚ მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მხოლოდ უილიამ სესილ კლეიტონის‚ ლორდი გრეისტოკის გამო არ უთქვამს უარი ამა ქვეყნის ყველა სიკეთეზე. უარი იმის გამო თქვა‚ ვინც ორივეს უყვარდა და ვინც‚ ბედის ჭირვეულობით‚ მას კი არა‚ კლეიტონს ერგო. ტარზანმა იცოდა‚ რომ ქალსაც უყვარდა იგი‚ მაგრამ სწორედ ეს სიყვარული ურთულებდა არჩევანს‚ რადგან ის‚ რაც შორეული ვისკონსინის რკინიგზის პატარა სადგურზე გადაწყვიტა‚ აუცილებელი იყო ქალის კეთილდღეობისთვის.
ტარზანს უმთავრესად სწორედ საყვარელი არსების ბედნიერება მიაჩნდა. კულტურულ ხალხთან ხანმოკლე ნაცნობობამ დაარწმუნა‚ რომ მათთვის უწინარესი იყო ქონება და სახელი. ჯეინ პორტერი კი‚ სწორედ იმისთვის იყო დაბადებული‚ რომ ერთიც ჰქონდა და მეორეც‚ ამიტომაც გადგა განზე და ხელი არ შეუშალა‚ კლეიტონს გაჰყოლოდა ცოლად. არ სურდა სიღარიბისა და სიდუხჭირისთვის გაეწირა ქალიშვილი.
ტარზანს უცებ მომავლისკენ გაექცა ფიქრი – რა გრძნობა დაეუფლებოდა‚ როცა კვლავ მშობლიურ ჯუნგლებში დაბრუნდებოდა‚ იმ მკაცრ‚ ველურ ჯუნგლებში‚ სადაც სიცოცხლის ოცი წელი გაატარა. მაგრამ ვინღა დახვდებოდა იქ‚ ვინ გაიხარებდა მისი დაბრუნებით? არავინ. მხოლოდ სპილო ტანტორი თუ გაუწევდა მეგობრობას. დანარჩენები გააგდებდნენ‚ ან ადრინდელივით გაექცეოდნენ. საკუთარი ტომის მაიმუნებიც კი აღარ მიიჩნევდნენ თავისიანად.
თუმცა ცივილიზაციამ ტარზანს ღირებული ვერაფერი შესძინა‚ ის მაინც ასწავლა‚ თავისნაირების საზოგადოება დაეფასებინა და მეგობრული სითბოთი დამტკბარიყო. სხვაგვარად‚ მისთვის ცხოვრება აზრს კარგავდა. ამქვეყნად ძალზე გაუჭირდებოდა უმეგობროდ‚ გაუჭირდებოდა ცოცხალი არსებების გარეშე‚ იმ ახალ ენაზე რომ ლაპარაკობდნენ‚ ამ მცირე ხნის განმავლობაში რომ შეუყვარდა ტარზანს. ამიტომ ფიქრს მისთვის სიხარულით არ აუჩქროლებია გული.
ვიდრე იჯდა და თამბაქოს ეწეოდა‚ მისი მზერა სარკემ მიიპყრო‚ რომელშიც მეზობელ მაგიდასთან ბანქოს თამაშში გართული ოთხი კაცი მოჩანდა. სწორედ იმ წუთას წამოდგა ერთერთი მოთამაშე და იმავე წამს მაგიდას ვიღაც კაცი მიუახლოვდა‚ აქამდე მოშორებით რომ იდგა. მან ძალზე თავაზიანად ითხოვა‚ თამაშის გაგრძელების ნება დაერთოთ‚ რათა მოთამაშეებისთვის საშუალება მიეცა‚ პარტია არ შეეწყვიტათ.
ტარზანმა იცნო – ერთი მათთაგანი იყო‚ ოთახის შესასვლელში რომ შეეფეთა, ამიტომ მეტი გულისყურით დააკვირდა