კულინარი – მოგონება უცნაური რამ არის, სიმართლეს კი ჰგავს, თუმცა მის ორეულად ვერ გამოდგება. ახალგაზრდობაში ყველაფერი კარგად გვახსოვს, მაგრამ ნელ-ნელა გონება კოჭლობას იწყებს და სიბერეში მხოლოდ იმას ვიხსენებთ, რაც არასდროს მომხდარა, – ასე დაიწყო საუბარი იოსებ ლაღიაშვილმა ქართველ მეზღვაურ ჭავჭანიძესთან, რომელსაც შემთხვევით გადააწყდა ბარში, ჩვენებურად – დუქანში, ბუენოს-აირესის პორტის სიახლოვეს. კაცი რომ დაფიქრდეს, სულ მთლად ალალბედზე შეხვედრასაც ვერ დაარქმევს ამას ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ლაღიაშვილი მართლაც შემთხვევით გადაეყარა მეზღვაურს, თუმცა ამ შეხვედრას გვარიანი გარჯაც უძღოდა წინ.
იოსები ყოველი გემის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა, იმ იმედით, რომ ოდესმე ბედი ქართველს აუცილებლად გადაჰყრიდა.
ასეც მოხდა.
იმ დროისთვის, როდესაც ლაღიაშვილს გადაეყარა, ალექსანდრე ჭავჭანიძეს ჰქონდა გემზე უფროსი ოფიცრის ჩინი, პატივისცემა და დიდი გამოცდილება.
იოსებ ლაღიაშვილი იყო თავისი დროის ლეგენდარული კაცი, სემინარიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელი, რომელიც ამ დანაშაულისთვის გასამართლებულ და გადასახლებულ იქნა ციმბირში ოცი წლით. ლაღიაშვილმა, სხვების დახმარებით, კატორღიდან გაქცევა მოახერხა, ჯერ იაპონიაში, შემდეგ ამერიკაში, ბოლოს კი არგენტინაში ამოყო თავი.
საუბარსა და სასმელს მონატრებული ლაღიაშვილი მეზღვაურს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდა, გამუდმებით ლაპარაკობდა, ძირითადად საკუთარ თავზე, და, როგორც ყველა ქართველი, სასმისს სასმისზე ცლიდა, რა თქმა უნდა, ახლად გაცნობილი მეგობრის ხარჯზე.
კაცმა რომ თქვას, ალექსანდრესაც მონატრებული ჰქონდა ქართული სიტყვა. თვეობით ზღვაში ნამყოფს, მუდმივად რუსულად მოლაპარაკეს, ეჩვენებოდა კიდეც, რომ მშობლიური ენა საცაა დაავიწყდებოდა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ლაღიაშვილმა სულზე მიუსწრო ქვეყნიდან გადახვეწილ ალექსანდრეს და ეროვნული ღირსების გრძნობაც დაუბრუნა. ამის ბრალი უნდა ყოფილიყო ის ყურადღება თუ სიამოვნება, რომლითაც ალექსანდრე ათას შარგამოვლილ ლაღიაშვილს უსმენდა. მეტიც, ერთი-ორჯერ მხარზე ხელიც კი დაჰკრა იმის ნიშნად, რომ კაციც შენ ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებიაო.
ლაღიაშვილსაც მეტიც რა უნდოდა და, ამ ქცევით გათამამებულმა, საკუთარი გმირული წარსულის თხრობა განაგრძო.
თხრობა კი კარგი იცოდა სემინარიის ყოფილმა მოწაფემ.
ყველაფერ ცუდში ყოველთვის მოინახება უარესი.
ეგზარქოსი პავლე საკითხავს მაშინ დასწვდებოდა, როდესაც მისი სარეცლიდან წამომდგარი რექტორის მეუღლე ჩაცმას იწყებდა, იმ საქმის შემდეგ, რომელსაც არც დიდი ახსნა ესაჭიროება და არც მინიშნება.
ამჯერად დარცხვენილი ეგზარქოსი ეცნობოდა უჩენიკ ლაღიაშვილისთვის ჩამორთმეულ აკრძალულ ლიტერატურას. ამ აკრძალულ ლიტერატურაში, სხვა წიგნებთან ერთად, შედიოდა რამდენიმე დასურათებული გაზეთი, რომლებშიც არგენტინული ტანგოს შესახებ გახლდათ მოთხრობილი.
სიმართლე უნდა ითქვას და, ამ გაზეთებს საქართველოში მოქმედი მარქსისტული წრეები მართლაც სათავისოდ იყენებდნენ და მარტივი ხერხით ატყუებდნენ საბაჟოზე ჩასაფრებულ მეფის ოხრანკას. გაზეთის შუაგულში ბუნტოვშჩიკურ მოწოდებას ჩააყოლებდნენ ხოლმე, რა თქმა უნდა, ასოთა მოყვანილობითა და შრიფტის ზომის დაცვით, შემდეგ მებაჟეებს ამ შეკვრას წინ დაულაგებდნენ იმის იმედით, რომ მოსაწყენი სამუშაოთი გართული სახელმწიფო მოხეელეები დასურათებულ გაზეთებს ყურადღებას არ მიაქცევდნენ. ასეც ხდებოდა, მებაჟეთა უმეტესობამ კითხვა არ იცოდა და ვინც იცოდა, იმათთვის სულ ერთი იყო. ამით კიდევ სახელმწიფოს მტრები სარგებლობდნენ – მერე საქართველოში შემოტანილ გაზეთებს საჭირო გვერდს ამოაცლიდნენ ხოლმე, დარჩენილს ბუკინისტურ ლავკაში ჩააბარებდნენ და რაც დარჩებოდა, იმ ბრძოლას ახმარდნენ, რომლითაც ასე ჰქონდათ ტვინი დაბნელებული.
გარდა ამ გაზეთებისა, პავლეს ხელში ჩავარდნოდა სხვა ლიტერატურაც, კერძოდ: დობროლუბოვის თხზულება, პისემსკის ჩანაწერები, „ატეჩესტვენნიე ზაპისკი“ და თავად ლაღიაშვილის დღიური, რა თქმა უნდა, მისი საკუთარი ხელით შევსებული.
პავლემ, გასაგები მიზეზების გამო, ქართული არ იცოდა. მეტიც, ენის შესწავლის სურვილიც კი არ გააჩნდა, რადგან ვერც ამ ველურ ხალხს იტანდა და ვერც მათ ლაპარაკს. როცა კი საშუალება მიეცემოდა, ქართველების ლანძღვას არ ერიდებოდა, განსაკუთრებით კი, ეერთი გამონათქვამი ჰქონდა ამოჩემებული: გრუზინი, ია ვაშუ არმიანსკუიუ მატ..., რაც ქართულად ნიშნავს, ქართველებო, მე თქვენი სომეხი დედა ასე და ისეო.
ამიტომ იყო, რომ პავლემ დღიური სათარგმნელად რექტორს გაუგზავნა. არც ამან იცოდა ქართული, მაგრამ მრავლად ჰყავდა მასთან და სასულიერო სემინარიის ადმინისტრაციასთან დაახლოებული, ენის მიმტან-მომტანი ქართველი უჩენიკები.
არადა, დიდი სათარგმნელი არც არაფერი იყო, რადგან ლაღიაშვილის დღიური შეიცავდა ქართული თუ ევროპული საჭმელ-სასმელის დამზადების წესსა და რიგითობას, ანუ კულინარიის პირველ ქართულენოვან სახელმძღვანელოს, რომელშიც ქართული ენის მცოდნე დაინტერესებული ადამიანი ასეთ რამეს ამოიკითხავდა: