თარჯიმანი
ჭორები როდესაც ბერდებიან, მითებად იქცევიან.
იმ წელს დიდ ქალაქში ბევრი ავკაცობა მომხდარა: კაცის კვლა, კაცის მოკვლის სურვილი, თვითმკვლელობა, დაჭრა, ძარცვა, კლიტის გატეხვა, ყალბი ფულის მოჭრა, ქონების განადგურება, მკრეხელობა, ძალადობა, მამათმავლობა, ნამუსის ახდა, ცილისწამება.
იყო ის ამბავიც.
ხან ნებით, ანუ თანხმობით, ხან ეშმაკობით, შეტყუებით, დაპირებით, გატაცებით, მუქარით, ხანაც ძალით, ზოგჯერ ანგარებით. ასე რომ, დიდ ქალაქში წმინდა ზნეობის გზიდან გადახვევას არავინ თაკილობდა.
თავიდან პოლიცია პატიოსნად უდგებოდა ყველა დანაშაულს: სწავლობდა, იძიებდა, ძალას არ იშურებდა და დავთრებშიც გულმოდგინედ შეჰქონდა ყოველივე. მიუხედავად ამისა, ბევრი არაფერი გამოსდიოდა. რა გასაკვირია, ქალაქის მოსახლეობა იზრდებოდა, პოლიციის შემადგენლობა კი იგივე რჩებოდა.
ამის გამო ქალაქში სრული განუკითხაობა სუფევდა.
თბილისის სახლები, დუქნები და ხალხი უმოწყალოდ იძარცვებოდა. შუადღისას ქუჩა-ქუჩა უშიშრად დაიარებოდნენ ჯიბგირები თუ იშკილბაზები და მოსახლეობას ძალიან ადვილად აცლიდნენ სარჩო-საბადებელს. ეს კიდევ არაფერი, ხშირი იყო კაცის კვლა. თუმნის გულისათვის ადამიანს ადვილად გამოსჭრიდნენ ყელს და საბრალოს მტკვარში გადაისროდნენ. ათი ბოქაული, ორმოცდაათი საპოლიციო მოხელე, სამასი პოლიციელი დიდ ქალაქს ვეღარ მეთვალყურეობდა. მოქალაქეთა დახმარების არც სურვილი ჰქონდათ, არც ცოდნა და მუდმივად იმით იყვნენ დაკავებულები, როგორმე თავიდან მოეცილებინათ მომჩივნები. თუ სიტყვა არ ჭრიდა, ძალას ხმარობდნენ. თუკი ჩოხიან უბრალო ადამიანს მოჰკრავდნენ თვალს, აუხირდებოდნენ, მიზეზს მოუძებნიდნენ და ცემა-ტყეპით მიათრევდნენ პოლიციაში. ეს თბილისში ჩვეულებრივი სანახაობა იყო.
„ღამის თორმეტ საათზედ მე მოვდიოდი გოლოვინის პროსპექტზედ. ჯიბეში საწყალი ხუთმანეთიანი მედო. უეცრად გადმომიდგა წინ სამი კინტო და აღარ გამიშვეს. დამიწყეს ერთი რაღაც ძიძგილი, თითქოს კიდეც მეხუმრებოდნენ და ამასობაში ამომაცალეს ჯიბიდან ხსენებული ხუთი მანეთი. დავიწყე ძალის ხმარება, მაგრამ სამთან რა გამივიდოდა, ერთი ორი სილაქიც გამარტყეს და წავიდნენ. ჩემს ახლოს იდგა გოროდოვოი, გამიხარდა, მივედი და დავუწყე თხოვნა, რომ ეწვალნა და ის ხუთი მანეთი დაებრუნებინა, კინტოებიც ხომ იქვე ახლოს ტრიალებდნენ. მაგრამ თქვენი მტერი, წადი, არა მცალიან შენთვისო, რა არა გცალიან, რა დიდი საქმე შენა გაქვს, გავუმეორე და დავუწყე უარესი ხვეწნა. ოტოიდი ტი გრაზნი გრუზინო, იყვირა და ხელი მკრა. სისხლზე მოსულმა ვეღარ მოვითმინე და მეც ხელი ვკარი. როგორ თუ შენ ხელი მკარიო, დაუშტვინა, შეკრიბა სხვა პოლიციელებიც და წამათრიეს ვერის პირველი განყოფილების პოლიციაში. გამოიხმეს პრისტავი, ვიღაც სემიონ ჩუვკოვი და უთხრეს ჩემზედ, ამან ძალა იხმარაო. მეც, ჩემის მხრით, უნდა მომეხსენებინა, როგორ იყო საქმე, მაგრამ ვიღამ დამაცალა. სცემეთ მაგას, მაგას ცემა მოუხდებაო და წამიშინეს კიდეც. იმდენი მირტყეს, ბატონო, რომ სიცოცხლეში წილი აღარ მედო, სააქაოს აღარ ვიყავი და იმ დრომდინა მცემეს, სანამ არ დაიღალნენ. შემიკრეს თოკით ხელ-ფეხი და ჩამაგდეს გომში, სადაც ვეგდე გათენებამდის. გათენებისას რაღაც პროტოკოლი შეადგინეს და გამომიშვეს მუქარით, ახლა საქმეს სუდში გადავცემთ და ჰნახამ, რა დღე დაგადგებაო. ვერ მივმხვდარვარ, ეს სადაური სამართალი და კანონია, რუსის მოხელეები უკანასკნელს ლუკმას გვტაცებენ, ჩვენვე გვცემენ და ჩვენვე გვემუქრებიან.“
პოლიცია ისე დასუსტდა, რომ საკუთარი ღირსების დაცვაც უჭირდა და ხშირად მთელი თბილისის დასაცინი ხდებოდა. ერთ დილით, ქალაქის მეათე სამმართველოში ვიღაც კაცი საცვლების ამარა გამოცხადებულა და ნირწამხდარს ბოქაულისთვის შეუჩივლია.
– გამძარცვეს!
– ვინ გაგძარცვა?
– რა მოგახსენოთ... გამეღვიძა და ვეღარც წაღებს მივაგენი, ვეღარც შარვალს და ვეღარც რევოლვერს...
– რევოლვერს?
– ხმალიც ხელს გააყოლეს...
– ვინ ბრძანდებით?!
გაძარცული მოქალაქე აღმოჩნდა პოლიციელი ეფრემ ნოვიკრეშჩევი, რომელიც ახლახან მიეღოთ სამსახურში. იმ დღეს ნაძალადევში, სადარაჯოზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ უსაქმურობისგან ძილს წაეღო და დარჩენილა ასე საცვლების ამარა. იმის მაგივრად, რომ სამსახურიდან დაეთხოვათ, კანცელარიაში გადაიყვანეს და ქაღალდის საქმე ჩააბარეს, სწორედ პოლიციელთა მცირე რაოდენობის გამო. ამის ბრალი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, თბილისის მოსახლეობა მუდამ ავაზაკების მხარეს იჭერდა. მოქალაქენი პოლიციას არ ენდობოდნენ, ყველაფრისგან თავს შორს იჭერდნენ, მედუქნეები, კინტოები და გასართობი ბაღების პატრონები ავკაცებს ნავარდობაში ხელს უმართავდნენ. თუკი მოხდებოდა და ვინმეს მაინც გაუყენებდნენ მეტეხის ციხის გზას, მოჰყვებოდნენ ვაივიშს, მოთქმას, გოდებას და თავში ცემას.
– აფსუს, ბიჭო!
– სხვებიც გააფუჭა, თვითონაც გაფუჭდა!
– უარესებიც არიან, ბედნიერად კი ცხოვრობენ!
– გაფუჭდეს ის, ვინც მაგისთანა ბიჭი გააფუჭა!
მიუხედავად ამისა, დროდადრო დიდ ქალაქში მაინც გამოჩნდებოდნენ ხოლმე აზრიანი და საქმის მცოდნე პოლიციელები. სწორედ ასეთს წარმოადგენდა გრიგორი ბაბალოვი. ამ ბაბალოვმა უფროსობას შესთავაზა, დაჭერილ ხალხს კარტოჩკა გადავუღოთ, დამნაშავეთა ალბომი შევადგინოთ და საქმეც გაგვიადვილდებაო. ახალი ამბავი ორიოდე დღეში მთელ თბილისს მოედო,