ეიბილინი
თავი I
აგვისტო, 1962
მეი მობლი კვირას დაიბადა, დილაადრიან. 1960 წლის აგვისტო იყო. ეკლესიის შვილი, - ასე ვეძახდით ხოლმე. მე თეთრი ბავშვების მოვლა, საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება მევალება. სულ ჩვიდმეტი ბავშვი მყავს გამოზრდილი. ვიცი, როგორ დავაძინო პატარა, როგორ დავამშვიდო, როცა ტირის და ღამის ქოთანზე როგორ დავსვა, როცა დედიკო ჯერ კიდევ ლოგინში ნებივრობს დილით.
მაგრამ ბავშვი რომ ისე კიოდეს, როგორც მეი მობლი ლიფოლთი, არასოდეს მინახავს. პირველად რომ მივედი, სულ ერთიანად წითელი იყო ტირილისაგან. ნამდვილად მუცელი სტკიოდა. ბოთლსაც ეჭიდავებოდა, არ იკარებდა, დამპალი ბოლოკივით. მის ლიფოლთი შეშინებული მისჩერებოდა შვილს. რას ვაკეთებ არასწორად? რატომ ვერ ვაჩუმებ ამას?
ამას? პირველად მაშინ იყო, რომ ეჭვმა გამკრა, აქ რაღაცაშია-მეთქი საქმე.
ავიყვანე ეს ვარდისფერი, ჩაბჟირებული არსება, თეძოზე შემოვისვი და დავუწყე რწევა. მინდოდა, გაზები გამოეშვა. ორ წუთში აღარ ტიროდა და მიღიმოდა. მაგრამ მის ლიფოლთმა, მთელი დღე ისე გავიდა, რომ ერთხელაც კი არ აიყვანა შვილი ხელში. ასეთ რამეს ბევრჯერ გადავყრივარ: მშობიარობის შემდეგ რომ სულ უხასიათოდაა ქალი. ჰოდა, მივხვდი, რომ აქაც ესაა.
კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა მის ლიფოლთზე: გარდა იმისა, რომ სულ დაღვრემილია, გაჩხინკულიც არის. ფეხები ჩხირებივით აქვს, იფიქრებ, ერთი კვირაა, რაც გამოებაო. ოცდასამისაა და თოთხმეტი წლის ბიჭს კი ჰგავს. ყავისფერი თმა ისეთი თხელი აქვს, რომ შუქი გასდის. ცდილობს, აიჩეჩოს, მაგრამ აჩეჩით კიდევ უფრო თხელი უჩანს. სახის მოყვანილობა წაწვეტებული ნიკაპით ზუსტად იმ წითელ ეშმაკს მიუგავს, დარიჩინიანი კანფეტების ყუთს რომ ახატია. სხეულიც ასეთივე აქვს: გამოწვეტილი და კუთხოვანი. რა გასაკვირია, რომ ბავშვი ვერ დაუმშვიდებია. პატარებს ხომ მსუქნები უყვართ, რომ გემრიელად ჩარგონ თავი მკერდში და დაიძინონ. ფეხებიც მსუქანი მოსწონთ, დიდი. ამაზე მეტი რა ვიცი.
ერთი წლის რომ შეიქნა მეი მობლი, სადაც უნდა წავსულიყავი, სულ კუდში დამდევდა. ხუთი საათი შესრულდებოდა თუ არა, ჩააფრინდებოდა ჩემს ბრახუნა სანდლებს და მიაწოწიალებდა, თან მოთქვამდა, თითქოს აღარასოდეს დავბრუნდებოდი. მის ლიფოლთი ისე მიყურებდა მოჭუტული თვალებით, გეგონებოდა, რაღაც დავაშავე. მერე ძალით ამაგლეჯდა ბავშვს ფეხიდან. ჩემი აზრით, ძალიან დიდ რისკზე მიდიხარ, როცა შვილებს სხვას აზრდევინებ.
მეი მობლი ახლა ორი წლისაა. დიდი ყავისფერი თვალები და თაფლისფერი კულულები აქვს. ერთი ისაა, რომ კეფაზე აქვს თმა ცოტა შეთხელებული. როცა ბრაზობს, წარბებს შორის ზუსტად დედამისისთანა ნაოჭი უჩნდება. მთლიანობაშიც ჰგვანან ერთმანეთს, უბრალოდ, მეი მობლი პუტკუნაა. სილამაზის დედოფალი მისგან, ალბათ, არასდროს დადგება და მის ლიფოლთი, როგორც ვხვდები, ამას განიცდის. მე კი მეი მობლი ყველას მირჩევნია.
ჩემი საკუთარი ბიჭი, თრილორი დამეღუპა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, მის ლიფოლთთან რომ დავიწყე მუშაობა. ოცდაოთხი წლის იყო. არაჩვეულებრივი დროა ადამიანის ცხოვრებაში. ცოტა ხანი მოუწია ამქვეყნად ყოფნამ.
ცალკე ჰქონდა პატარა ბინა ფოლი-სთრითზე. კარგ გოგოს ხვდებოდა, ფრენსისი ერქვა. იმედი მქონდა, დაქორწინდებოდნენ, მაგრამ ჩემმა ბიჭმა არ იცოდა აჩქარება ასეთ რაღაცებში. იმიტომ კი არა, რომ ვინმე უკეთესი უნდოდა, უბრალოდ დინჯი იყო, ჭკვიანი. დიდ სათვალეს ატარებდა და სულ კითხულობდა. თვითონაც კი დაიწყო წიგნის წერა: როგორია ფერადკანიანების ცხოვრება და მუშაობა მისისიპიში. ღმერთო, როგორ ვამაყობდი მისით. ერთხელ გვიან ღამემდე დარჩა სამსახურში სქენლონ-თეილორის ფაბრიკაში. ტომრებს ეზიდებოდა სატვირთო მანქანაზე. ხელები სულ ხიწვით ჰქონდა დაჩხვლეტილი. ნამეტანი სუსტი და გამხდარი იყო ასეთი საქმისთვის, მაგრამ სამსახური სჭირდებოდა. დაიქანცა, თან თავსხმა წვიმა იყო. ფიცარნაგზე ფეხი დაუსრიალდა და მანქანების სავალ გზაზე გადავარდა. ტრაილერის მძღოლმა ვერ დაინახა და გადაუარა. განძრევაც კი ვერ მოასწრო. სულ ჩაჭყლეტილი ჰქონდა ფილტვები. მე რომ შევიტყვე, უკვე მკვდარი იყო.
იმ დღეს მთელი ქვეყანა თავზე დამემხო. ჰაერი, მზე, ყველაფერი გაშავდა. ვიწექი და ჩემი ოთახის შავ კედლებს მივშტერებოდი. მინი ყოველდღე მოდიოდა, რომ ენახა, კიდევ ვსუნთქავდი თუ არა. ძალით მაჭმევდა, რომ არ მოვმკვდარიყავი. პირველად სამი თვის შემდეგ გავიხედე ფანჯარაში. ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ გამეგო, ცოცხალი დარჩა თუ არა ვინმე ან რამე დედამიწის ზურგზე და ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილის სიკვდილის გამო ქვეყანას არ შეუწყვეტია არსებობა.
დასაფლავებიდან ხუთი თვის შემდეგ ძალისძალად წამოვდექი ლოგინიდან. თეთრი უნიფორმა ჩავიცვი, ყელზე პატარა ოქროს ჯვარი ჩამოვიკიდე და მის ლიფოლთის სანახავად წავედი, რადგან ახალშობილი გოგო ჰყავდა. არცთუ დიდი დრო იყო გასული, რომ მივხვდი, ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა. თითქოს მწარე მარცვალი გამიჩნდა გულში და ადრინდელივით მორჩილად აღარ ვეგუებოდი ყველაფერს.
- დაალაგეთ სახლი