1 ფომა პუხოვი გულჩვილი კაცი არ გახლდათ: უდიასახლისობის გამო დამშეული, ცოლის კუბოზე მოხარშულ ძეხვს ჭრიდა.
– ბუნებას თავისი გააქვს! - დაასკვნა პუხოვმა ამის გამო.
ცოლის დამარხვის შემდეგ პუხოვმა დაიძინა, რადგან ძალიან გაისარჯა და გაწვალდა. გამოღვიძებულს ბურახი მოუნდა, მაგრამ ბურახი ცოლის ავადმყოფობისას გაუთავდათ, სანოვაგეზე მზრუნველი კი ახლა აღარ ჰყავდა. მაშინ პუხოვმა წყურვილის გადასავიწყებლად გააბოლა. მოწევა არ დაემთავრებინა, რომ კარზე ვიღაცამ მბრძანებლურად დაუბრახუნა.
– რომელი ხარ? - დაუყვირა პუხოვმა და ერთიც გააზმორა. - დარდის მონელებას არ გაცდიან, არამზადები!
მაგრამ კარი მაინც გააღო, იქნებ კაცი საქმეზეა მოსულიო.
ოთახში დისტანციის უფროსის კანტორის დარაჯი შემოვიდა.
– ფომა ეგორიჩ, საგზური მოგიტანეთ! გრაფაზე ხელი მოაწერეთ! ისევ დაუბერა - მატარებელი გაჩერდება!
ფომა ეგორიჩმა ხელი მოაწერა და ფანჯრიდან გაიხედა: მართლაც ქარბუქი იწყებოდა, ქარი უკვე უსტვენდა საკვამლე მილში. დარაჯი წავიდა. ფომა ეგორიჩმა ყური მიუგდო გამძვინვარებულ ქარბუქს და სევდიანად, მარტოხელასა და მიუსაფარს ნაღველი მოეძალა.
– ყოველივე ჰუნების კანონით ხდება! - თავი დაირწმუნა და ცოტა დამშვიდდა.
მაგრამ ქარბუქმა იმძლავრა, პირდაპირ პუხოვის თავს ზემოთ, საკვამლე მილში შემზარავად აწივლდა. გულდამძიმებულ პუხოვს მოუნდა, გვერდით ცოლი თუ არა, რაიმე სულიერი მაინც ჰყოლოდა.
საგზურის მიხევდით სადგურში 16 საათზე უნდა ყოფილიყო, ახლა კი ჯერ 12 საათი სრულდებოდა - ფომა ეგორიჩმა იფიქრა, ძილს კიდევ მოვასწრებო და ლოგინში ჩაწვა.
მოთენთილმა და ოფლად გაღვრილმა რის ვაი-ვაგლახით გაიღვიძა და ჩვეულებისამებრ უცნაურად დაიყვირა:
– გლაშა! - ცოლს დაუძახა; ფიცრული სახლი მოთმინებით იტანდა თოშიანი ჰაერის დაჯახებას და ერთიანად ჭრიალებდა. ორივე ოთახი გამოცარიელებული იყო და ფომა ეგორიჩის დაძახებას არავინ გამოპასუხებია. უწინ კი მოსიყვარულე ცოლი მყისვე გამოძრახებოდა:
„რა გინდა, ფომუშკა?“
„არაფერი, - მიუგებდა ფომა ეგორიჩი, - ისე დაგიძახე, ცოცხალი ხარ თუ არა-მეთქი.“
ახლა კი ხმა აღარავის გაუღია: ესეც შენი ბუნების კანონი!
– ჩემი დედაბრისთვის კაპიტალური რემონტი რომ ჩამეტარებინა, ახლაც ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ არც სახსარი მქონდა და არც წესიერი საჭმელ-სასმელი! - უთხრა საკუთარ თავს პუხოვმა, თან ავსტრიულ ფეხსაცმელს იკრავდა.
– რაიმე ავტომატი მაინც გამოეგონებინათ, შრომამ თავი მომაბეზრა! - დაასკვნა ფომა ეგორიჩმა და ტომარაში საგზალი - პური და ბურღული ჩადო.
გარეთ გასულს ქარბუქის ზუზუნი შეეგება და სახეში თოვლი შეეყარა.
– ეს რა საძაგლობაა? - ხმამაღლა შეუტია პუხოვმა აფორიაქებულ სივრცეს.
ვაგზალთან მდებარე უკაცრიელ დაბაში მიმავალი პუხოვი გაგულისებული ბუზღუნებდა - სიბრაზისგან კი არა, სევდისგან, თუ კიდევ სხვა რამის გამო, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა.
ვაგზალში წასასვლელად გამზადებული იდგა მძიმეწონიანი, მძლავრი ორთქმავალი. უკან თოვლსახვეტი ვაგონი ჰქონდა მიბმული. ვაგონს ეწერა:
„ინჟინერ ე. ბურკოვსკის სისტემა“.
„ვინ არის ეს ბურკოვსკი, სად არის ახლა, ანდა ცოცხალია? ვინ იცის!“ - სევდიანად გაიფიქრა პუხოვმა და რატომღაც უცებ მოუნდა იმ ბურკოვსკის ნახვა.
პუხოვთან დისტანციის უფროსი მივიდა:
– წაიკითხე, პუხოვ, ხელი მოაწერე და გზას გავუდგეთ! - და ბრძანება გაუწოდა:
„ვბრძანებ, მარჯვენა ლიანდაგი კოზლოვოდან ლისკამდე თოვლისგან მთლიანად გაწმენდილი იყოს, რისთვისაც გაუჩერებლად უნდა იმუშაოს ყველა გამართულმა თოვლსახვეტმა. სამხედრო მატარებელთა უზრუნველყოფის შემდეგ ყველა ორთქმავალი თოვლსახვეტთა საწევად იქნას გამოყენებული. საგანგებო შემთხვევებში ამავე მიზნისთვის მოიხსნას სადგურის მორიგე ორთქლმავლები. ძლიერ ქარბუქში ყოველი სამხედრო შემადგენლობის წინ გამუდმებით მუშაობდეს თოვლსახვეტი, რათა წუთითაც არ შეჩერდეს მოძრაობა და არ შესუსტდეს წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობა.
სამხრ. - აღმ. რკ. გზ. მთავ. რევ. კომიტეტის თავმჯ. რუდინი.
სამხრ.- აღმ. რკ. გზ. სამიმოსვლო გზათა კომისარი დუბანინი“.
პუხოვმა ხელი მოაწერა - იმ წლებში, აბა, გაგებედა და ხელი არ მოგეწერა!
– ერთ კვრას კიდევ მოგვიწევს ღამისთევა! - თქვა ორთქლმავლის მემანქანემ და ხელი იმანაც მოაწერა.
– მოგვიწევს! - თქვა პუხოვმაც. გასაჭირისა და მოუსვენარი ცხოვრების მოლოდინი უცნაურ სიამოვნებას განაცდევინებდა: ცხოვრება ასე უფრო შეუმჩნევლად და სწრაფად მიედინებოდა.
სადგურის უფროსი, ინჟინერი, ამაყი კაცი, ქარბუქის ზუზუნს მოთმინებით უსმენდა და ორთქმავლის ზემოთ ისე იცქირებოდა, თითქოს ირგვლივ ვერაფერს ამჩნევსო. იგი კედელთან ორჯერ მიაყენეს, მალე გაჭაღარავდა და ბედის მორჩილი შეიქნა, ჩივილი და საყვედური არ წამოცდებოდა. სამაგიეროდ, სამუდამოდ დადუმდა და მხოლოდ განკარგულებებს იძლეოდა.
სადგურის მორიგე გამოვიდა, დისტანციის უფროსს საგზური ჩააბარა და კეთილი მგზავრობა უსურვა.
– გრაფსკაიამდე გაჩერება არ გვექნება! - უთხრა დისტანციის უფროსმა მემანქანეს. - ორმოცი ვერსია! წყალი თუ გეყოფათ, საცეცხლის გამუდმებული ფორსირება რომ დაგვჭირდეს?
– გვეყოფა, - უპასუხა მემანქანემ, - წყალი ბევრია, მთლიანად ვერ ავაორთქლებთ!