ჩევენგური
***
ძველ პროვინციულ ქალაქებს ნანგრევებად ქცეული გარეუბნები აქვს. ის ხალხი პირდაპირ ბუნების წიაღიდან მოდის. მოვა კაცი, გონიერი, მოთენთილი, ნაღვლიანი სახე რომ აქვს, ყველაფრის შეკეთება და გამართვა რომ შეუძლია, თავად კი ცხოვრება მოუწყობლად გაუტარებია. მის ხელში ყოველგვარ ნაკეთობას გაუვლია - ტაფიდან მაღვიძარა საათამდე. არც ფეხსაცმლის ლანჩის გამოკერებაზე ამბობდა უარს, არც მგლის საფანტის ჩამოსხმაზე და არც ყალბი მედლების გამოჭედვაზე, ძველებურ სასოფლო ბაზრობაზე გასაყიდად რომ გამოაქვთ. თავისთვის კი არასოდეს არაფერი შეუქმნია, არც ოჯახი და არც ბინა-სამყოფელი. ზაფხულობით პირდაპირ ბუნების წიაღში ცხოვრობდა, ხელსაწყო-იარაღები ტომარაში ეწყო, ტომარას კი ბალიშად ხმარობდა, უფრო იმიტომ, რომ იარაღები არ დაკარგოდა, თავის რბილად დებას მაინცდამაინც არ დაგიდევდა. დილის მზეს რომ არ შეეწუხებინა, თვალებზე ძირხვენის ფოთოლს საღამოთივე დაიფარებდა. ზამთრობით თავს იმით ირჩენდა, რასაც ზაფხულში დაზოგავდა. ეკლესიის დარაჯს კი საფასურს იმით უხდიდა, რომ ღამით საათს რეკავდა. ყოველგვარი ნაკეთობის გარდა მას განსაკუთრებით არაფერი აინტერესებდა - არც ხალხი, არც ბუნება. ამიტომ მინდვრებისა და ადამიანების მიმართ გულგრილობანარევ სინაზეს იჩენდა, მათი ავ-კარგი არ ანაღვლებდა. ზამთრის საღამოებს ზოგჯერ უსარგებლო ჩხირკედელაობაში ატარებდა, ქაღალდის დირიჟაბლს აკოწიწებდა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის საქმიანობდა. ხშირად ვიღაცისგან შემთხვევით მიღებულ შეკვეთის შესრულებასაც კი აყოვნებდა; მაგალითად, გეჯაზე ახალი სალტეების მორგებას დაავალებდნენ, ის კი ხის საათის აწყობით იყო გართული. ფიქრობდა, რომ ის საათი მოუმართავად, დედამიწის ბრუნვისგან იმუშავებდა.
ეკლესიის დარაჯს ასეთი ფუჭი საქმიანობა არა მოსწონდა.
– სიბერეში იმათხოვრებ, ზახარ პალიჩ! გეჯა, რამდენი დღეა, ხელუხლებლად დგას, შენ კი ჯოხით მიწას ხაზავ - რამეს მაინც აკეთებდე!
ზახარ პავლოვიჩი დუმდა: ადამიანის ლაპარაკი მისთვის იგივე იყო, რაც ტყის ხმაური ბინადრისათვის - მის ყურს არაფერი ესმოდა. დარაჯი თამბაქოს აბოლებდა და მის საქმიანობას მშვიდად უცქერდა. ხშირი ღვთისმსახურების გამო ღმერთი არ სწამდა, მაგრამ დანამდვილებით იცოდა, რომ ზახარ პავლოვიჩი ვერაფერს გახდებოდა: ადამიანები ამქვეყნად, დიდი ხანია, ცხოვრობენ და ყველაფერი უკვე გამოიგონესო. ზახარ პავლოვიჩი კი სხვაგვარად ფიქრობდა: ხალხს ყველაფერი არ გამოუგონია, რადგან მიწის წიაღში მრავალი ნივთიერება ხელუხლებლად დევსო.
ყოველი მეხუთე წელს მოუსავლიანობის გამო სოფლის ნახევარი შახტებსა და ქალაქებში მიდიოდა, ნახევარი კი ტყეში იხიზნებოდა. ძველთაგან ცნობილია, რომ ტყის მდელოებზე გვალვიან წლებშიც კი ძლებს ბალახი, ბოსტნეული და პური. სოფლად დარჩენილნი იმ მდელოების საპატრონოდ გაეშურებოდნენ ხოლმე, თორემ ნიაღვარივით წამოსული ლტოლვილები მთელ მწვანეულობას უცებ გაანადგურებდნენ. ამჯერად გვალვა მეორე წელსაც განმეორდა. სოფლელებმა თავიანთი ქოხები გამოკეტეს და შარაგზას ორ ჯგუფად გაუყვნენ: ერთი ჯგუფი კიევისკენ გაემართა სამათხოვროდ, მეორე ლუგანსკისაკენ - სამუშაოს საძებნელად. ზოგმაც ტყისკენ და ბუჩქებით დაფარული ხევებისკენ გაუხვია. იქ ბალახს, თიხას და ხის ქერქს ჭამდნენ და გაველურდნენ, ან სამათხოვროდ გაიფანტნენ. ჩვილ ბავშვებს დედები ძუძუს მაძღრისად არ აჭმევდნენ და ისინი შიმშილით ნელ-ნელა კვდებოდნენ.
სოფელში ერთი დედაბერი იყო - იგნატიევნა, მცირეწლოვანებს შიმშილისგან რომ კურნავდა. სოკოს ნახარშს მოტკბო ბალახის ნახარშში ურევდა და დაალევინებდა. ბავშვს ტუჩებზე მშრალი ქაფი მოადგებოდა და მიყუჩდებოდა. დედა შვილს დაბერებულ, დანაოჭებულ შუბლზე აკოცებდა და ჩურჩულით ეტყოდა:
– მოისვენე, საყვარელო. მადლობა უფალს!
იგნატიევნა იქვე იდგა:
– განისვენა, დაწყნარდა: ცოცხალზე უკეთესი შესახედავია, ახლა სამოთხეში გალობას ისმენს...
დედა შვილის ცქერით ტკბებოდა, სჯეროდა, რომ საბრალოს მწარე ხვედრი შეუმსუბუქდა.
– ჩემი ძველი ქვედაკაბა წაიღე, იგნატიევნა, მეტი არაფერი მაქვს. მადლობელი ვარ.
იგნატიევნა ქვედა კაბას სინათლეზე გახედავდა და იტყოდა:
– ცოტა მაინც იტირე, მიტრევნა: მოვალე ხარ. შენი კაბა კი მთლად გაწყალებულია, თავშალი მაინც დამიმატე, ან უთო მაჩუქე...
ზახარ პავლოვიჩს უკაცრიელობა მოეწონა და სოფელში მარტო დარჩა. მაგრამ უფრო მეტად ტყეში იყო, სადაც მიწურში ცხოვრობდა ერთ ბოგანოსთან ერთად. თავს ბალახის ნახარშით ირჩენდა, რომლის ავკარგიანობაც ბოგანოს მანამდე ნაცადი ჰქონდა.
ზახარ პავლოვიჩი გამუდმებით მუშაობდა, რომ შიმშილი დაევიწყებინა და ხისგან ყველაფრის გაკეთება ისწავლა, რასაც ადრე ლითონისგან აკეთებდა. ბოგანოს მთელ სიცოცხლეში არაფერი უკეთებია, და ახლა რას გააკეთებდა; ორმოცდაათ წლამდე მხოლოდ ირგვლივ იცქირებოდა - ვნახო, ქვეყნად რა ხდებაო; ელოდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მოუსვენარ ყოფას თავს დააღწევდა, რათა მაშინვე დაეწყო მოქმედება დამშვიდებისა და ქვეყნიერების განჭვრეტის შემდეგ; სიცოცხლეს მოწყურებული არ ყოფილა - არც იმისთვის უზრუნია, რომ ცოლი შეერთო და არც იმისთვის, რამე რომ ეკეთებინა, რაც სხვისთვის სასარგებლო იქნებოდა. დაბადებისას განცვიფრებამ შეიპყრო და მთელი სიცოცხლე ასე გაატარა ცისფერთვალამ და სახემოუტეხელმა. როცა ზახარ პავლოვიჩი მუხის ფიცრისგან ტაფას აკეთებდა,