თაკირი
1
დიდი ხნის წინათ, ღამით, ფირიუზის ველზე ორმოციოდე მხედარი მიდიოდა. მდინარის ნაპირას ცხენები ზომიერი ნაბიჯით მიჰყავდათ. თავისუფალ თურქმენთა სამკვიდრო ველსა და სპარსეთს შორის, გრილი ხეობის ორსავე მხარეს, მცველებივით აღმართულიყვნენ კოპეტ-დაღის დანისლული მთები. ირანის ძველისძველ გზაზე, ათასი წელია, მიემართებოდა ხან მოზეიმე, ხან ცრემლით დალტობილი და ხანაც მკვდარი გული ადამიანისა. იმ ღამითაც მხედართა მწკრივის გვერდით მიაბიჯებდა ერთი თოკით გადაბმული თოთხმეტი ადამიანი, მათ შორის ცხრა ახალგაზრდა ქალი და ერთიც ტანმორჩილი ქალიშვილი. იგი თოკზე არ იყო გამობმული და დაქანცულობისგან უკან რჩებოდა. ქვეითად მოსიარულეებს სული ისე მოთენთოდათ, საკუთარ არსებობას ვეღარ გრძნობდნენ; ისე მიაბიჯებდნენ, თითქოს აღარ სუნთქავენო. სამაგიეროდ, მხედრები იყვნენ ბედნიერნი და კმაყოფილებას გულში სათუთად ინახავდნენ, რათა სამშობლომდე მიჰყოლოდათ. მათი სამშობლო კი ჯერ შორს იყო - მთებს იქით, სიბნელეში ჩაძირულ უდაბნოში. ერთ მხედარს სული აღარ ედგა, ირანში ქურთებს მოეკლათ და ახლა საკუთარი ცხენის კისერზე და უნაგირზე დაკრული, თავჩაკიდებული ბრუნდებოდა სამშობლოში, რათა შინაურებს ენახათ და დაეტირებინათ.
შუაღამისას მთების გადმოღმიდან მთვარე ამოიწვერა და ველი გაანათა. მთვარის შუქზე მდინარის ხმა თითქოს მიწყდა. რაზმი შესასვენებლად ბებერი ჭადრის ჩრდილში შეჩერდა. ეს ჭადარი მრავალი საუკუნის მანძილზე შეურყევლად იდგა, სიკვდილს არ ნებდებოდა და ნიადაგ ცისკენ მიიწევდა. მხედრები ჩამოქვეითდნენ, ცხენები აქლემებივით დააჩოქეს, ტყვეებს გვერდით მიუწვინეს და თვითონაც დაწვნენ. სანამ ხეობიდან გავიდოდნენ, სპარსეთის საზღვრის მცველი ქურთი მდევრები, შეიძლებოდა, კიდევ წამოსწეოდნენ. მახლობელ მთებზე აქა-იქ კიდევ მოჩანდა რიყის ქვითა და თიხით ნაშენი საყარაულო კოშკები.
ამ კოშკებში წინათ ნიადაგ მორიგეობდნენ სპარსთა აულებიდან და ბაზრებიდან მოსული ჯარისკაცები. ისინი გზებს თურქმენ მოთარეშეთაგან იცავდნენ და სპარსეთს დროულად აუწყებდნენ ხიფათის მოახლოებას - კოშკებში ცეცხლს დაანთებდნენ; ჯერ ერთი კოშკიდან აიჭრებოდა კვამლი, მერე მეორიდან, და ასე აკვამლდებოდა სამშობლოს შუაგულამდე ჩარიგებულ კოშკთა უგრძესი წყება. ყველაზე სახიფათო რუსი მხედრების პატრული იყო, ვისი საგუშაგოც წინა ღამეს მთების მეშვეობით უკან მოიტოვეს. თურქმენებმა იცოდნენ, რომ ხიფათი კიდევ მოელოდათ და თოფები ხელთა ჰქონდათ, რათა თავდამსხმელნი უმალ დაეხოცათ.
ეს იყო უკანასკნელ მოთარეშეთა გვიანი ხანა. სპარსელმა ტყვეებმა მალე დაიძინეს, გონება მიებნიდათ და ტანჯვას ვეღარ გრძნობდნენ. მხოლოდ ერთ პატარა ქალს, თოთხმეტი წლის ზარინ-თაჯს, გონებაც გულის თანაბრად უფეთქავდა და არ ეძინა. სევდა ყელში მობჯენოდა და ახრჩობდა. ბნელით მოცული ხორასნისკენ იცქირებოდა, საიდანაც გამოიტაცეს. მდინარის ხმაურის გარდა ხანდახან კიდევ რაღაც ხმა ჩაესმოდა და ფიქრობდა, ალბათ ირანიდან თურანისკენ მიმავალი მატარებელიაო. მატარებელი ერთხელ ბავშვობაში ნახა და დაამახსოვრდა, იქიდან გამოვარდნილი კვამლი როგორ გუგუნებდა. ნაბრძოლი, უდაბნოში ხეტიალით განაწამები თურქმენები ფხიზლობდნენ, თან თვლემდნენ და თანაც იქაურობას ცალ თვალს არ აცილებდნენ. დაწოლილმა ცხენებმა თავი მიწაზე მიდეს, ხმამაღლა სუნთქავდნენ და ბალახს პირსაც არ აკარებდნენ. ზარინი ფეხზე წამოდგა. სპარსეთის მხრიდან ხეობაში ნელა მოჰქროდა ღამის ნიავი და ყვავილთა სურნელება მოჰქონდა; სადღაც შორს, ჩაბნელებულ მთებში განმარტოებით უსტვენდა რომელიღაც ფრინველი და მერე ისევ დადუმდა. მხოლოდ მდინარე მიედინებოდა და ქვებს ეხეთქებოდა; გამუდმებით მუშაობდა, სიბნელეშიც და სინათლეშიც, როგორც მონა მუშაობს თურქმენეთის ველზე, ანდა ჩაიხანაში შეუსვენებლად დუღს სამოვარი.
სპარსელმა ქალმა ბებერი ჭადარი შეათვალიერა. ხეს შვიდი დიდი და ერთი პატარა ტოტი ჰქონდა - შვიდი ძმა და ერთი და. ჭადარი იმხელა იყო, ირგვლივ ხელს მთელი ტომი თუ შემოაწვდენდა. მისი მრავალჭირგამოვლილი, ნადირთაგან დახრული, მომაკვდავთა ფრჩხილებით ნაკაწრი კანი ფესვებიდან მომდინარე წვენს მაინც იფარავდა და ისეთივე ტკბილი და კეთილი იყო, როგორც ყოველი არსის მასაზრდოებელი მიწა. ზარინ-თაჯი დანაღვლიანებული ჩამოჯდა ჭადრის ერთ ფესვზე, სიხარბისგან წაგრძელებული ხელივით რომ მიიწევდა მიწის გულისკენ, მერე მაღლა აიხედა და ხეს შეზრდილი ლოდები დაინახა.
ადიდებული მდინარე ჭადარს ალბათ მთიდან წამოღებული ლოდებით უთხრიდა ძირს, მაგრამ ხემ ეს უზარმაზარი ლოდები უდრტვინველად შეიკედლა, მრავლისმომთმენი კანი გარს შემოაჭდო, შეისისხლხორცა და შეივრდომა, კვლავინდებურად ზრდა განაგრძო და ცისკენ აზიდა ისიც, რაც დაღუპვას უქადდა. „ეს ხეც ჩემსავით მონაა! -გაიფიქრა სპარსელმა ქალმა. - ქვები ისე უჭირავს, როგორც მე საკუთარ გულსა და შვილს ვატარებ. დაე, ნაღველი ამ ქვებივით შემეზარდოს, რომ ვეღარ ვიგრძნო“. ზარი-თაჯი ატირდა. ქურთი მწყემსისგან ორი თვის ორსული იყო. რა ექნა, ქვეყნად ერთი ადამიანი მაინც ხომ უნდა ჰყვარებოდა. იქვე ახლოს წამოწოლილ თურქმენს ზარინ-თაჯისათვის ორივე თვალი მიეპყრო. გულში უხაროდა, ქალი რომ ტიროდა. რახან ტირილი შეეძლო მას, მის ცოლობასაც მალე მიეჩვეოდა და თურქმენისტანში თვინიერად დალევდა სულს.
მთვარე შავი მთების მიღმა ჩაესვენა და