ანდრეი პლატონოვი - მწერალი და მოქალაქე
ანდრეი პლატონის ძე პლატონოვი (ნამდვილი გვარი კლემენტოვი) დაიბადა 1899 წლის 1 სექტემბერს ვორონეჟში. გვარი პლატონოვი ლიტერატურული ფსევდონიმი კი არ არის, არამედ ახალი გვარია, წარმომდგარი მამის სახელისაგან. მან ეს გვარი ოფიციალურად მიიღო 1920 წელს. მამა პლატონ კლემენტოვი რკინიგზის სახელოსნოს ზეინკალი იყო. კლემენტოვებს თერთმეტი შვილი ჰყავდათ, მამას დიდი ოჯახის რჩენა უჭირდა, ამიტომ უფროსმა შვილმა ანდრეიმ სწავლა მიატოვა და თოთხმეტი წლისამ მუშაობა დაიწყო, რათა მამას მხარში ამოსდოგმოდა. „ცხოვრებამ ბავშვიდან ერთბაშად ზრდასრულ კაცად მაქცია და ჭაბუკობა წამართვა“. - წერდა შემდგომში ანდრეი პლატონოვი.
მისი ცხოვრება და სამწერლო მოღვაწეობა რუსეთის ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა: რევოლუციას, სამოქალაქო ომს, ქვეყნის ძალდატანებით კოლექტივიზაციას და დაჩქარებულ ინდუსტრიალიზაციას, მეორე მსოფლიო ომს.
ხუთ წელიწადს მილსაგლინავ ქარხანაში მუშაობის შემდეგ 1918 წელს სწავლა დაიწყო რკინიგზის პოლიტექნიკუმში, მელიორატორისა და ელექტროტექნიკოსის პროფესიას დაეუფლა და 1926 წლამდე, მოსკოვში სამუშაოდ გადასვლამდე, ამ პროფესიით მუშაობდა.
წერა ადრე დაიწყო. წერდა ლექსებს და ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა. 1921 წელს კრასნოდარში გამოსცა ლექსების პირველი კრებული.
1926 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა. ეს ის დრო იყო, როცა რუსეთში კომუნიზმის იდეით შეპყრობილი ბოლშევიკური ხელისუფლება ყველასგან, ყველაზე მეტად კი მწერლობისგან, აღფრთოვანებასა და ტაშისცემას მოითხოვდა და ყოველგვარ კრიტიკულ აზრს კრძალავდა.
პროლეტარული წარმოშობისა და შრომითი საქმიანობის გამო პროლეტარულ მწერლად მიჩნეული ანდრეი პლატონოვი პირველ ხანებში შერისხულთა სიაში არ მოხვედრილა. ასე იყო 1929 წლამდე, როცა ჟურნალ „ოქტიაბრში“ გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, სტალინმა ყურადღება მიაქცია ამ მოთხრობას და მიაწერა: „Талантливый писатель, но сволочь“.
აი, რას წერდა ამ თაობაზე მაშინ ზემოხსენებული ჟურნალის რედაქტორი ა. ფადეევი: „მე გამეპარა ა. პლატონოვის იდეურად ორაზროვანი მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რის გამოც სტალინისაგან მაგრად მომხვდა, მოთხრობა ანარქისტულიაო“.
უფრო მკაცრად წერდა კრიტიკოსი ლ. ავერბახი: „პლატონოვის მოთხრობა მოწინააღმდეგე წვრილბურჟუაზიულ სტიქიის ანარეკლია. საბჭოთა მწერალთა რიგებში ყოფნის მსურველნი უნდა მიხვდნენ, რომ ნიჰილისტური აღვირახსნილობა და ანარქოინდივიდუალისტური ფრონდა ფაშისტური ლოზუნგებით პირდაპირ კონტრრევოლუციაზე არანაკლებ უცხოა პროლეტარული რევოლუციისთვის. ამას ა. პლატონოვიც უნდა მიხვდეს“.
მაგრამ ა. პლატონოვი მეხოტბედ ვერ გარდაქმნეს. იგი მწერლის ჭეშმარიტი მოვალეობის ერთგული დარჩა. ამის დასტურია უბრწყინვალესი მოთხრობები, რომლებიც მომდევნო წლებში დაწერა და არამარტო რუსული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებად არის მიჩნეული.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რომანი „ჩევენგური“, რომლითაც მწერალმა წინასწარმეტყველურად განჭვრიტა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა კომუნიზმის მშენებლობის ბოლშევიკური მოდელის განხორციელებას.
ა. პლატონოვი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე იმყოფებოდა სამხედრო კორესპონდენტად და აქვეყნებდა მოთხრობებს, რომლებშიც უბრალო ადამიანების, რიგითი ჯარისკაცების თავგანწირვას აღწერდა. ომის დამთავრების შემდეგ კი გამოაქვეყნა მოთხრობა „დაბრუნება“, რომელშიც იმდროინდელ ლიტერატურაში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებით გამოწვეულ საზეიმო განწყობილება კი არ არის ასახული, არამედ ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცის ბედი უშუალოდ, შეულამაზებლად არის გადმოცემული.
ამ მოთხრობის გამო მწერალს კრიტიკის რისხვა დაატყდა და მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება ფაქტიურად აიკრძალა.
პლატონოვი 1951 წელს ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.
მწერლის დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. მისი მოთხრობები უცხოეთში ქვეყნდებოდა როგორც რუსულად, ასევე გადათარგმნილ უცხოურ ენებზე. რუსეთში მხოლოდ მწერლის გარდაცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ დაიწყო მისი ნაწარმოებების ინტენსიური გამოქვეყნება და ა. პლატონოვმა ღირსეული ადგილი უცხოეთის შემდგომ მშობლიურ, რუსულ ლიტერატურაშიც დაიმკვიდრა.