დაბრუნება
გვარდიის სერჟანტი ალექსეი ალექსეევიჩ ივანოვი არმიიდან დემობილიზაციით მიდიოდა. იმ ნაწილში, სადაც მთელი ომის მანძილზე მსახურობდა, ივანოვს გაცილება მოუწყვეს, როგორც წესი და რიგია, სიყვარულით, პატივით, მუსიკით და ღვინით. ახლო მეგობრებმა და ამხანაგებმა რკინიგზის სადგურამდე მიაცილეს, იქ საბოლოოდ გამოეთხოვნენ და მარტო დატოვეს. მაგრამ საათი საათს მისდევდა, მატარებელი კი არ ჩანდა. შემოდგომის ცივი ღამე დადგა; ომის დროს დანგრეულ ვაგზალში ღამის გასათევი არსად მოიძებნებოდა, ამიტომ ივანოვი სადგურზე ჩამოვლილ მანქანას გაჰყვა და ნაწილშივე დაბრუნდა. მეორე დღეს ივანოვი ისევ გააცილეს; ისევ მღეროდნენ, მიმავალს საუკუნო მეგობრობის ნიშნად ეხვეოდნენ, მაგრამ გრძნობებს უკვე მომჭირნედ ხარჯავდნენ, თანაც მეგობართა ვიწრო წრეღა შეიკრიბა.
მერე ივანოვი სადგურზე ხელმეორედ წავიდა. იქ გაიგო, რომ გუშინდელი მატარებელი ჯერაც არ ჩამოსულიყო. ამიტომ შეეძლო, ღამის გასათევად კვლავ ნაწილში დაბრუნებულიყო, მაგრამ ამხანაგების მესამეჯერ აფორიაქება ეუხერხულა დ ამათ შეწუხებას პერონის უკაცრიელ ასფალტზე მარტო ყოფნა და მოწყენილობა არჩია.
სადგურიდან გასასვლელ ისართან მეისრის ჯიხური იდგა, დანგრევას სასწაულად რომ გადარჩენოდა. იმ ჯიხურთან გრძელ სკამზე, განმარტოებით, დაბამბულქურქიანი ქალი იჯდა. თავზე თბილი შალი ჰქონდა მოხვეული. ის ქალი გუშინაც აქ იყო თავისი ბარგიანად და ახლაც მატარებელს უცდიდა. გუშინ, როცა ნაწილში მიდიოდა, ივანოვმა ერთი კი გაიფიქრა, ხომ არ შევთავაზო, რომ თან გამომყვეს, მედდებთან თბილ ოთახში გაათევს ღამეს, აქ რატომ უნდა გაითოშოს, მეისრის ჯიხურში სითბოს ვერ მოიკიდებსო. მაგრამ სანამ ამას ფიქრობდა, მანქანა დაიძრა და ივანოვს ქალი გადაავიწყდა.
ახლა ეს ქალი კვლავ გაუნძრევლად იჯდა გუშინდელ ადგილზე. ხასიათის ასეთი ურყეობა და მომთმენობა მის ქალურ ერთგულებას მოასწავებდა, ყოველ შემთხვევაში, ნივთებისა და თავისი სახლის მიმართ მაინც, სადაც ალბათ ახლა ბრუნდებოდა. ივანოვი ქალთან მივიდა, იქნებ მანაც მარტოობას ჩემთან ყოფნა არჩიოსო.
ქალმა ივანოვისკენ პირი მოაბრუნა. ივანოვმა იგი იცნო. ეს მაშა იყო, „მეაბანოვის ქალიშვილს“ რომ ეძახდნენ, რადგან ერთხელ თავისი თავი ასე მოიხსენია. მამამისი მართლა აბანოში მუშაობდა. ივანოვი მაშას ომის დროს იშვიათად გხვდებოდა, როცა აეროდრომის მომსახურების ბატალიონში შეივლიდა, სადაც არმიაში მოხალისედ წასული ქალიშვილი მზარეულის თანაშემწედ მუშაობდა.
გარემოს შემოდგომის მჭმუნვარე, ნაღვლიანი ელფერი ედო. მატარებელი, რითაც მასა და ივანოვი შინ უნდა წასულიყვნენ, სადღაც რუხ სივრცეში იყო ჩაკარგული. ადამიანის გულს ახლა მხოლოდ მეორე ადამიანის გული თუ ანუგეშებდა და გაართობდა.
ივანოვი მაშას გამოელაპარაკა და კარგ გუნებაზე დადგა. მაშა კარგი შესახედავი, უბრალო, გულკეთილი ქალიშვილი იყო, დიდრონი, ნაჯაფი ხელები და ახალგაზრდა, ჯანსაღი სხეული ჰქყონდა. ისიც შინ ბრუნდებოდა და იმას ფიქრობდა, ახლა, სამოქალაქო ცხოვრებას როგორ უნდა შეგუებოდა. მაშა დაუმეგობრდა არმიაში მყოფ ქალიშვილებს, მიეჩვია მფრინავებს, რომელთაც იგი უფროს დასავით უყვარდათ, შოკოლადს მიართმევდნენ ხოლმე და „დიდ მაშას“ ეძახდნენ იმის გამო, რომ ტანმაღალი იყო და, როგორც ჭეშმარიტი და, ყველა ძმის სიყვარულს განუყოფლად, განუცალკევებლად იტევდა. ახლა კი მაშას ძალზე ეუხერხულებოდა, ეუცნაურებოდა, თითქმის აშინებდა დაბრუნება ნათესავებთან, ვისაც უკვე გადასჩვეოდა.
ივანოვი და მაშა უარმიოდ თავს ობლად გრძნობდნენ; მაგრამ ივანოვს მოწყენა-დაღვრემილობა დიდხანს არ შეეძლო; ეჩვენებოდა, რომ ამ დროს ვიღაც შორიდან დასცინოდა და მისი წილი ბედნიერებით ხარობდა, თავად კი ერთი ცხვირჩამოშვებული დოყლაპია იყო და მეტი არაფერი. ამიტომ სწრაფად უბრუნდებოდა ცხოვრებას, რაიმე საქმეს ან გასართობს გაიჩენდა, ანდა, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, სახელდახელო გულის გადასაყოლებელს მოძებნიდა და უგუნებობას თავს დააღწევდა.
ივანოვი მაშას ახლოს მიუჩოჩდა და სთხოვა, ნება მომეცი, ამხანაგურად ლოყაზე გაკოცოო.
- ერთხელ გაკოცებთ, - უთხრა მან, - თორემ მატარებელი იგვიანებს და ლოდინი მომბეზრდა.
- მხოლოდ იმიტომ მაკოცებთ, რომ მატარებელი იგვიანებს? - ჰკითხა მაშამ ივანოვს და მისი სახე დაკვირვებით შეათვალიერა.
ყოფილი სერჟანტი შესახედავად ასე ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა; ქარისგან გაცრეცილი და მზემოკიდებული სახის კანი ყავისფრად ჩამუქებოდა; მისი ნაცრისფერი თვალები მაშას მორიდებით, თითქმის მორცხვად უცქეროდნენ. სათქმელს თუმცა პირაპირ, მაგრამ ზრდილობიანად, თავაზიანად ამბობდა. მაშას მოეწონა მისი ყრუ, ჩახლეჩილი, მამაკაცური ხმა, გარუჯული, უხეში, ძლიერების გამომხატველი სახე. ივანოვმა ჩიბუხი სიმხურვალეს ნაჩვევი ცერით ჩააქრო და კოცნის ნებართვის მოლოდინში ამიოხრა. მაშამ გვერდზე ჩაიწია. ივანოვს თამბაქოს მძაფრი, გაფიცხებული პურისა და ღვინის ოდნავ საგრძნობ სურნელებასთან შერეული სუნი ასდიოდა - იმ ნივთიერებათა სუნი, ცეცხლისგან რომ წარმოიშობიან, ანდა თვითონ შეუძლიათ ცეცხლის წარმოქმნა. ეტყობა, მხოლოდ თამბაქო, ორცხობილა, ლუდი და ღვინო იყო ივანოვის საზრდო.
მან მაშას თხოვნა გაუმეორა;
- ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გაკოცებთ... წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიძა ვარ.
- უკვე წარმოვიდგინე... წარმოვიდგინე, რომ ბიძა კი