ქვაბული სწორედ იმ დღეს, როცა პირადი ცხოვრების ოცდაათი წელი შეუსრულდა, ვოშჩევს ანგარიში გაუსწორეს პატარა მექანიკურ ქარხანაში, სადაც საარსებო სახსარს მოიპოვებდა. სამსახურიდან დათხოვნის საბუთში საბაბად ჩაუწერეს, რომ ძალ-ღონე აკლდებოდა და შრომის საერთო ფერხულის დროს ჩაფიქრება დასჩემდა.
შინ მისულმა ტომარაში ჩააწყო, თუ რამ ებადა და გარეთ გავიდა, რათა ჰაერზე თავისი მომავალი უკეთ განესაზღვრა. გარეთ კი ცარიელი ჰაერი დახვდა, უმოძრაო ხეებს მხურვალება ფოთლებში მზრუნველად შეეფარებინათ და უკაცრიელ გზაზე მტვერი მოწყენილად ეფინა – ასეთი ვითარება იყო ბუნებაში. ვოშჩევმა არ იცოდა, გზა-სავალი საით ედო და ქალაქის განაპირას ერთი სახლის ეზო-ყურის დაბალ ზღუდეს ჩამოეყრდნო. აქ უპატრონო ბავშვები შრომასა და მომჭირნეობას ეჩვეოდნენ. ქალაქი ჩათავდა, იმას იქით მარტო ეზო-ყურის უქონელი ლუდხანა იდგა დღიური საშოვრის მაძიებელთა და მცირე გასამრჯელოს მქონეთათვის. ლუდხანის გადაღმა კი მოკრიალებული ცის ქვეშ, თიხნარ ბორცვზე განმარტოებით მდგარი ბებერი ხე მოჩანდა. ვოშჩევი ლუდხანისკენ გაემართა, შიგნით შევიდა, გულწრფელად მოლაპარაკეებთან ჩამოჯდა, ჭირ-ვარამის გადასავიწყებლად მოსულ, დაუხვეწავ ადამიანთა შორის წუხილი გაუყუჩდა და გულს მოეშვა. იქ საღამომდე იჯდა, მანამდე, სანამ ამინდის ცვლილების მაუწყებელი ქარი ახმიანდებოდა, მერე გამოღებულ ფანჯარასთან მივიდა, რათა ჩამოღამებისთვის ეცქირა. თიხნარ ბორცვზე მდგარი ხე საავდრო ქარში ფოთლებს რიდით არხევდა. სადღაც, ალბათ ვაჭრობის მომსახურეთა ბაღში, სასულე ორკესტრი თავს იტანჯავდა. ქარი ერთფეროვან, უსახურ მუსიკას ხრამგაღმა უშენი ადგილისკენ მიაქანებდა, რადგან იქაურობა სიხარულს იყო მოკლებული, მაგრამ მუსიკის ტოლფასს ვერაფერს წარმოქმნიდა და საღამოებს უძრავად ატარებდა. ქარი ჩადგა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. მერე კი გარემოს მყუდროებით აღსავსე წყვდიადი გადაეფარა. ვოშჩევი ფანჯარასთან ჩამოჯდა, რათა ღამის სათუთ სიბნელეს ჩასჩერებოდა, სევდის მომგვრელი ხმებისთვის ესმინა და ხეშეში, გაქვავებული ძვლებით შემოზღუდული გული გაეტანჯა.
– ჰეი, მესურსათევ! – გაისმა უკვე ჩაჩუმებულ ლუდხანაში. – ორი კათხა მოგვიტანე, რომ ყრონტში ჩავიქციოთ!
ვოშჩევს უწინაც შემჩნეული ჰქონდა, რომ ლუდხანაში ზოგნი სასიძო-საპატარძლოებივით წყვილ-წყვილად, ზოგნიც მექორწილეებივით შეხმატკბილებულ ჯგუფებად დადიოდნენ.
მესურსათემ მთხოვნელებს ამჯერად ლუდი აღარ მიუტანა და წყვილად მოსულმა მესახურავეებმა მწყურვალე ტუჩები წინსაფრებით მოიწმინდეს.
– ბიუროკრატო, მშრომელი კაცი თითის ქნევით უნდა გიბრძანებდეს, შენ კიდევ გაამპარტავნებულხარ!
მაგრამ მესურსათეს ერჩივნა, ძალა პირადი საჭიროებისთვის შემოენახა და სამსახურებრივ საქმიანობაზე აღარ დაეხარჯა, ამიტომ დავიდარაბას თავი აარიდა.
– მოქალაქენო, დაწესებულება დაკეტილია. თავი თქვენს ბინებში შეიქციეთ რამეთი.
მესახურავეებმა თეფშიდან თითო მლაშე ბლითი აიღეს, პირში იკრეს და გარეთ გავიდნენ. ვოშჩევი ლუდხანაში მარტო დარჩა.
– მოქალაქევ! თქვენ მხოლოდ ერთი კათხა მოითხოვეთ, ხოლო აქ უვადოდ ზიხართ! სასმლის ფული გაქვთ გადახდილი, სამყოფლისა ხომ არა!
ვოშჩევმა ტომარა წამოიკიდა და ღამეს შეერია. შეკითხვის გამომხატველი ცა ვარსკვლავების მტანჯველი ძალით თავს დაჰნათოდა, ქალაქში კი შუქები უკვე ჩაექროთ და ნავახშმევებს ეძინათ, ვისაც ამისი შესაძლებლობა ჰქონდა. ვოშჩევი ხრამის უბილიკო კალთას ჩაუყვა, ხრამის ძირას პირქვე დაწვა, რათა ცნობიერებისგან გამიჯნულს თავი ძილისთვის მიეცა. მაგრამ ძილს ცხოვრების მიმნდობი, უშფოთველი გონება და განცდილი მწუხარების მიმტევებლობა ესაჭიროება, ხოლო ვოშჩევს ცნობიერება გამომშრალ-დაძაბული ჰქონდა და არ იცოდა, ქვეყნიერებისთვის ვარგისი იყო თუ უმისობა არავის არაფერს დააკლებდა. საიდანღაც ქარმა წამოუბერა, რათა ადამიანებს სული არ შეხუთვოდათ, გარეუბანში კი ძაღლი უსულგულოდ იყეფებოდა. ეტყობოდა, რომ მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა.
– მოწყენილია, – გაიფიქრა ვოშჩევმა, – ისიც ჩემსავით მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ დაიბადა.
ვოშჩევს დაღლილობისგან სხეული გაუფერმკრთალდა, სახეზე გრილმა ნიავმა გაჰკრა და მან სიცივენაგრძნობი ქუთუთოები თბილ თვალებზე ჩამოიფარა.
მელუდე თავის დაწესებულებას უკვე ანიავებდა, მზეც ნიავქარსა და ბალახს აღელვებდა, როცა ვოშჩევმა აწყლიანებული თვალები სინანულით გაახილა. ახლა ისევ უნდა ეარსება და ესაზრდოვა, ამიტომ ქარხნის კომიტეტისკენ გასწია თავისი უარყოფილი შრომის დასაცავად.
– ადმინისტრაცია ამბობს, რომ შენ წარმოების დროს იდექი და ფიქრობდი, – უთხრეს ქარხნის კომიტეტში, – ამხანაგო ვოშჩევო, რაზე ფიქრობდი?
– ცხოვრების გეგმაზე.
– ქარხანა ტრესტის მზა გეგმით მუშაობს. ხოლო პირადი ცხოვრების გეგმა შეგეძლო, კლუბში ან წითელ კუთხეში დაგემუშავებინა.
– მე საზოგადო ცხოვრების გეგმაზე ვფიქრობდი. ჩემი ცხოვრების ჯავრი არა მაქვს, რადგან ჩემთვის გამოუცნობი არ არის.
– რის გაკეთებას შეძლებდი?
– შემეძლო, ბედნიერების მსგავსი რამ გამომეგონებინა. სულიერი აზრი კი მწარმოებლობასაც გააუმჯობესებდა.
– ამხანაგო ვოშჩევო, ბედნიერებას მატერიალიზმი წარმოქმნის. შენი დაცვა არ შეგვიძლია. შეუგნებელი ხარ, ხოლო ჩვენ არ გვსურს, მასების მაჩანჩალები რომ აღმოვჩნდეთ.
ვოშჩევს რაიმე უმცირესი სამუშაოს თხოვნა უნდოდა, რაც საზრდოობისთვის იკმარებდა, ფიქრს კი სამუშაოს დამთავრების შემდეგ მიეცემოდა. მაგრამ სათხოვრით იმას შეიძლება მიმართო, ვინც პატივს გცემს,