უცხო ყვავილი
იყო ერთი პატარა ყვავილი. ამქვეყნად თუ არსებობდა, ისიც კი არავინ იცოდა. ერთ უდაბურ ადგილას იზრდებოდა; ძროხები და თხები იქით არ დადიოდნენ, პიონერთა ბანაკის ბავშვებიც იმ მხარეს არასოდეს თამაშობდნენ. იმ უდაბურ ადგილას ბალახი არ ხარობდა, მხოლოდ ბებერი, რუხი ლოდები ეყარა უსულო, გამოფიტულ თიხნარზე და ქარი თავის ნებაზე დანავარდობდა; ქარს, როგორც მთესველ ბერიკაცს, თესლი მიჰქონდა და ყველგან აბნევდა - შავ, ტენიან მიწაზე და შიშველ ქვა- ღორღიან თიხნარზეც. შავ, ნოყიერ მიწაზე თესლიდან ყვავილები და ბალახი აღმოცენდებოდა, ქვა-ღორღსა და თიხნარზე კი თესლი კვდებოდა.
ერთხელ ქარისაგან მოტანილმა თესლმა თავი ქვებსა და თიხას შორის ორმოში შეაფარა. დიდხანს ეგდო იქ უილაჯოდ, მერე კი ნამი შეისრუტა, გაიპო, ძაფივით წვრილი ფესვები ჩამოუშვა, ქვასა და თიხას ჩაეჭიდა და ზრდა დაიწყო.
ასე მოევლინა ქვეყნიერებას ის პატარა ყვავილი. ქვა-ღორღსა და თიხნარში ვერაფრით საზრდოობდა; ციდან ჩამოცვივნული წვიმის წვეთები მიწის პირას შრებოდა და მის ფესვებამდე ვერ აღწევდა; ყვავილი კი მაინც ცოცხლობდა, ნელ-ნელა იზრდებოდა და მაღლდებოდა. ფოთლებს შემართავდა და ქარს შეაგებებდა. ქარიც ყვავილთან დაცხრებოდა და შავი, პოხიერი მიწიდან წამოღებულ მტვერს თიხაზე მიმოაბნევდა; ყვავილს ამ მტვრით უნდა ესაზრდოვა, მაგრამ მტვრის მარცვლები მშრალი იყო; მათ დასასველებლად ყვავილი მთელი ღამე ნამს უდარაჯებდა და ფოთლებზე წვეთ-წვეთად იგროვებდა, მერე დამძიმებულ ფოთლებს დახრიდა და მიწაზე დააფრქვევდა. ნამი ქარის მოტანილ შავი მიწის მტვერს ასველებდა და უსულო თიხას ნთქავდა.
ყვავილი დღისით ქარს, ღამით კი ნამს უდარაჯებდა. დღესა და ღამეს ასწორებდა, რომ ეცოცხლა და არ მომკვდარიყო. დიდრონი ფოთლები წამოიზარდა, რომ ქარი შეეჩერებინა და ნამი მოეგროვებინა. ამ მტვრისთვის ნამის მოგროვება უჭირდა, მაგრამ სიცოცხლე სწყუროდა და მოთმინებით სძლევდა შიმშილსა და დაღლილობას. მხოლოდ დღეში ერთხელ იგრძნობდა ხოლმე სიხარულს, როცა ამომავალი მზის პირველი სხივები მის დაქანცულ ფოთლებს შეეხებოდა. თუ ქარი დიდი ხნით დაიგვიანებდა, პატარა ყვავილი გასაჭირში ვარდებოდა, სიცოცხლისა და ზრდისთვის ძალა აღარ ჰყოფნიდა.
მაგრამ ყვავილს არ უნდოდა, რომ დანაღვლიანებულიყო, ამიტომ თვლემდა, როცა ძალიან შეწუხდებოდა. დღეცისმარე კი მაინც ცდილობდა, რომ გაზრდილიყო, თუნდაც ფესვებით სიპი ლოდი და გამომშრალი თიხა ელოღნა. ასეთ დროს ფოთლებს ვერ იძღებდა და ვერ იმწვანებდა. ფოთლებს ზოგი ძარღვი ლურჯი ჰქონდა, ზოგი წითელი, ზოგი ცისფერი და ზოგიც ოქროსფერი. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ყვავილს საზრდო არ ჰყოფნიდა და ტანჯვა ფოთლებზე სხვადასხვაფრად გამოესახებოდა. თუმცა თავად ყვავილმა ეს არ იცოდა: ის ხომ ბრმა იყო და საკუთარ თავს ვერ ხედავდა.
შუა ზაფხულში ყვავილმა თავზე გვირგვინი გამოიტანა. აქამდე იგი ბალახს ჰგავდა, ახლა კი ნამდვილი ყვავილი შეიქნა. გვირგვინის ფურცლები სადა და გამჭვირვალე, მაგრამ ვარსკვლავივით ნათელი და მძლავრი ფერისა ჰქონდა. მართლაც, ყვავილი ვარსკვლავივით ისეთ ცოცხალ, ციმციმა შუქს აფრქვევდა, რომ ბნელი ღამითაც კი მოჩანდა. როცა ქარი ეწვეოდა, გვირგვინზე ფრთას გაჰკრავდა ხოლმე და მის სურნელებას გაიყოლებდა.
ერთ დილას უდაბური თიხნარის მახლობლად პატარა გოგონა დაშა მიდიოდა. დაშა თავის მეგობრებთან ერთად ზაფხულს პიონერთა ბანაკში ატარებდა; ამ დილას კი გაღვიძებისთანავე დედა მოენატრა. მაშინვე წერილი დაწერა და სადგურისკენ წაიღო გასაგზავნად, რომ დედას მალე მისვლოდა. გზადაგზა კონვერტს კოცნიდა, თან შურდა, რომ კონვერტი დედამისს მასზე ადრე ნახავდა.
უდაბური თიხნარის განაპირას დაშამ კეთილსურნელება იგრძნო და იქაურობა მოათვალიერა. ახლოს ყვავილი არსად ჩანდა, ბილიკზე ერთგან თავი ამოეყო პატარა ბალახს, თიხნარი კი სრულიად შიშველი იყო. მაგრამ ქარი თიხნარის მხრიდან ქროდა და იქიდან მოჰქონდა სუსტი სურნელება, როგორც უცნობი, პაწაწინა არსების ძახილი. დაშას დიდი ხნის წინ დედის ნაამბობი ზღაპარი გაახსენდა. ერთ ყვავილს თავისი დედა - ვარდი ენატრებოდა, - უყვებოდა დედა, - მაგრამ ტირილი არ შეეძლო და დარდს მხოლოდ კეთილსურნელებად აფრქვევდა.
,,იქნებ ამ ყვავილსაც თავისი დედა ენატრება, როგორც მე დედაჩემი მენატრება“, - გაიფიქრა დაშამ.
გოგონამ თიხნარი გადაიარა და ქვის ძირას ის პატარა ყვავილი დაინახა. დაშას ასეთი ყვავილი აქამდე არსად ენახა - არც მინდორში, არც ტყეში, არც წიგნის სურათებზე, არც ბოტანიკურ ბაღში. გოგონა ყვავილთან ჩაცუცქდა და ჰკითხა:
- ასეთი რატომ ხარ?
- არ ვიცი, - უპასუხა ყვავილმა.
- სხვა ყვავილებს რატომ არ ჰგავხარ?
ყვავილმა ახლაც არ იცოდა, რა ეთქვა, მაგრამ ადამიანის ხმა ასე ახლოს პირველად გაიგონა და არ უნდოდა, რომ დაშასთვის დუმილით ეწყენინებინა.
- იმიტომ, რომ გასაჭირში ვარ, - უპასუხა გოგონას.
- რა გქვია? - ჰკითხა დაშამ.
- რა უნდა