თავისუფლება
თავისუფლება აბანოს წინ, მეიდნის სკვერთან დასკუპებულიყო ბოლოქანქარა ჭრელი ჩიტივით. ჩიტივით გაურკვეველი ასაკის მწითური, სახეჭორფლიანი კაცი იყო. ჩიტივით თხელი ფეხის თითები მოუჩანდა რეზინის ძაფებად ქცეულ უქუსლო ქოშებიდან. მისი ჯინსის შარვალზე ნახევებს ბუნებრივად ებარტყათ მრავალგზის და ჭილყვავებივით მომრავლებულიყვნენ. დაძენძილი მაისური ეცვა, რომელსაც მკლავები სადღაც დაჰკარგოდა, ბომბეიში თუ სიდნეიში. ერთ დროს ჭრელ, ამერიკის დროშისფერ მაისურს ჯერ კიდევ ეტყობოდა დოლარისფერი წარწერა: „USA“.
მწითურჭორფლიანი თავის ზურგჩანთაზე იჯდა, იდაყვი დაგორგლილ კაუჩუკის ლეიბზე ჩამოედო და ისე არხეინად, თითქოს თბილისში დაბადებულ-გაზრდილიაო, რაღაცას გატაცებით უყვებოდა უმუშევარ მექისეებს. ისინიც ინტერესით უსმენდნენ მის ინგლისურ-გერმანულ-მაკედონურ-რუსულ-ინდურ-ქართული სიტყვების ნარევს. მსმენელებს ესმოდათ თუ არ ესმოდათ მისი ლაპარაკის, მაინც საფანტის ტყვიებივით აყრიდნენ რიგრიგობით იუმორნარევ კითხვებს, ძველუბნელი კინტოსავით.
ახალნაბანებზე მოთენთილი ვიყავი და მათ სიახლოვეს ჩამოვჯექი ქუჩისა და სკვერის კიდეზე. ნელ-ნელა ჩამოეცალა მწითურ კაცს ინტერესმოყირჭებული ხალხი. ასე იციან ძველ უბანში, სადაც ყველა მკვიდრი მაცხოვრებელი ერთმანეთს იცნობს.
თუ ვინმე ახალი ჩიტი შემოფრინდება მათ უბანში, მაშინვე უსაქმური უბნის ბიჭები შემოეხვევიან გარშემო, ამოსწურავენ ინფორმაციას, მაჭარს თვითონ შეირგებენ, ცოტას იხალისებენ და თუ სარგებელი ვეღარ ნახეს, ჩენჩოსავით მიატოვებენ. მითუმეტეს, თუ ჩიტი ისეთი ეგზოტიკურია, როგორიც ის კაცი მოჩანდა.
მე იმ უბნელი არ ვიყავი, გოგირდის აბანოში საბანაოდ დავდიოდი თბილისის გარეუბნიდან. არც ეგზოტიკური ვიყავი, მაგრამ ჩიტი ჩიტს ყოველთვის გაუგებს. მითუმეტეს, რომ ყველა შემოგვეცალა და პირისპირ მხოლოდ ჩვენ დავრჩით, ისე, როგორც კუპეში ორი პირისპირ მსხდომი მგზავრი რჩება სხვა მგზავრების ვაგონიდან ჩასვლის შემდეგ.
ასეთ შემთხვევაში, დაუწერელი კანონით, უბრად სხდომა დაუშვებელია და მეც, როგორც მასპინძელმა ჩიტმა, პირველმა დავიწყე ჭიკჭიკი. თავი მისკენ გადავწიე, ჩიტსავით პირგატკბილულმა ხმამაღლა, კითხვის ნიშნად წავიკითხე ნაჭრელნამაისურალზე წარწერილი. „უსა“? - ქართველი ჩიტის აქცენტით დავსვი ჭრელაჭრულა, მრავალფეროვანი კითხვა.
ეგზოტიკური ჩიტი ნატალახევი ფარშევანგივით გაიფხორა და თავმომწონედ აჭიკჭიკდა: „იეს, იეს, იეს, იეს, ამერიკა, მაკედონია, გერმანია, ინდია“. თბილისელებიც კაი ჩიტები ვართ და ყველა ჩიტის ენა გვესმის. მეც თავისუფლად გავიგე, რომ ის ამერიკელი იყო, დედა მაკედონელი ჰყავდა, მამა - გერმანელი. ათი წელი იყო გასული, რაც ქვეყნიდან ქვეყანაში თავისი ფრთაფეხით მოგზაურობდა და კარგად უკვე აღარ იცოდა ამერიკელი იყო, მაკედონელი, გერმანელი თუ ინდოელი. მაგრამ, სამაგიეროდ, ამერიკის მოქალაქის პასპორტს წამდაუწუმ იღებდა ჯიბიდან და აშკარად ამაყობდა ამით: „ამ პასპორტით მოვიარე მთელი მსოფლიო“, - ჭიკჭიკებდა ის, - „არსად პრობლემა არ მქონია. ამერიკის საელჩოები და საკონსულოები ყველა ქვეყანაშია, ყველანაირად გვეხმარებიან ამერიკის მოქალაქეებს“. მინდოდა მისთვის ჩამეჭიკჭიკებინა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათგან განსხვავებით, უბოდიშოდ დაიფრენენ ხოლმე სხვა ქვეყნებიდან, როგორც საშოვარზე გასულ, ხორბლის მარცვლის საკენკად მიფრენილ მშიერ ბეღურებს, მაგრამ ამ დროს ქვემო ქუჩიდან ვიღაც გამვლელი შემეკითხა: „რუსთავისკენ მიმავალი ავტობუსი ამ ქუჩაზე რომელ საათზე გაივლის?“ მხრები ავიჩეჩე, ბეღურასავით თვალები გადავკარკლე და ამით ავუხსენი, აბა, მე საიდან ვიცი-მეთქი.
შემკითხველი შეტრიალდა და წასვლა დააპირა. ამ დროს ამერიკულპასპორტიანმა ეგზოტიკურმა ჩიტმა მიაჭიკჭიკა: „ქამ, ქამ, ქამ, ქამ“, რაც ნიშნავდა, რომ ამერიკის საელჩოსგან მას, ისე როგორც ყოველ მათ მოქალაქეს, ჰქონდა მიღებული ზუსტი ინფორმაცია მოგზაურობისთვის საჭირო ყველა საკითხზე.
ეგზოტიკურმა ეგზოტიკური ჩანთიდან ეგზოტიკური რვეული ამოიღო, სარჩევში მოძებნა და აჩვენა იმ გამვლელს ავტობუსების მოძრაობის განრიგი.
აი, ჩიტიც ამას ჰქვია, - გავიფიქრე მე. ჩემი შინაურჩიტობა შემრცხვა და გაფრენა დავაპირე. წამოვედი. რატომღაც ის ეგზოტიკურიც გამომყვა გზაზე. ზურგჩანთა მოიკიდა ზურგზე და თავისუფლების მოედნამდე ერთად მოვჭიკჭიკობდით. ბავშვი რომ ბავშვს დაახარბებს, ისე მომიყვა ათასი რამ - მთისა და ბარისა; თუ როგორ შემოიარა ამერიკის კონტინენტი, ავსტრალია, ცივი და თბილი ქვეყნები ისე, რომ ერთი ცენტიც არ დასჭირვებია. მოკლედ, ჩიტი იყო ჩიტური. ყველა ქვეყანაშია, თურმე, ბაზარი. ჩამოივლიდა ბაზარს ჩიტურად და აკენკავდა თითო-თითოდ კარტოფილს, კომბოსტოს ფურცლებს, ჭარხალსა და სტაფილოს, ვაშლსა და ხურმას. ბენზინგასამართ სადგურზე ნახევარ ლიტრ ბენზინს უფულოდ იშოვიდა, ჩაასხამდა ზურგჩანთაში შენახულ ქურაში. მერე წყლის პირას, პატარა ქვაბუნაში კერძს მოამზადებდა. ყოფნიდა საჭმელი; ჩიტებს ხომ პატარა კუჭი აქვთ.
თავისუფლების მოედანს რომ მივაღწიეთ, ავტობუსის გაჩერებასთან შევჩერდით. ის ვაკეში, კუს ტბისკენ მიდიოდა. ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, მთის ფერდობზე აპირებდა ღამის გათევას. იქიდან ღამის თბილისი ძალიან ლამაზად მოსჩანსო, ხვალ თბილისობაა, იმიტომ შევყოვნდი აქ, თორემ ახლა უკვე თურქეთის გზაზე ვიდგებოდიო.
მოკლედ, ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა ეგზოტიკურს საელჩოებში მიღებული ეგზოტიკური რვეულების წყალობით. ხმას ვერ ვიღებდი, რადგან ჩემზე უკეთ იცოდა საქართველოს ყველა კუთხის სიახლეც და სიძველეც. მინდოდა, რამეთი გამომეჩინა თავი