ვინ იყო მონტესუმას ასული?
მსოფლიო ლიტერატურამ „მონტესუმას ასული“ აღიარა, როგორც საუკეთესო ისტორიული რომანი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ისტორიულ-გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის თემაზე: ესპანეთის ინკვიზიციაზე, ინდიელთა ცხოვრებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, კონკისტადორებზე...
ამ წიგნის შექმნამდე მწერალმა იმოგზაურა მექსიკაში, რათა თავად ეგრძნო ოდესღაც აყვავებული ცივილიზაციის იდუმალება.
რომანში ინგლისელი ახალგაზრდის, თომას ვინგფილდის ისტორიაა გადმოცემული, რომელიც თავის ოჯახთან ერთად წყნარად ცხოვრობს ინგლისის ერთ მყუდრო დაბაში. ერთ დღეს იგი იგებს, რომ დედამისი მისმა ყოფილმა საქმრომ, ესპანელმა ხუან დე გარსიამ მოკლა. თომასი ფიცს დებს და მკვლელის საძებნელად ესპანეთში მიდის. საბოლოოდ კი სამხრეთ ამერიკაში ხვდება, სადაც იგი ისტორიულად ცნობილ კონკისტადორებს უპირისპირდება. ვინგფილდი აქ გაიცნობს გმირული სულისმქონე მონტესუმას ასულს, რომელიც მისი ცოლი ხდება.
მწერალს შემთხვევით არ აურჩევია გმირად რეალურად არსებული, დაუმორჩილებელი აცტეკების უკანასკნელი იმპერატორის, მონტესუმას ასული, ოთომი - ოთომის ტომის მამაცი ბელადი, რომელმაც მხარი დაუჭირა ესპანელთა წინააღმდეგობის მოძრაობას, რამაც განაპირობა ის, რომ ამ ხალხმა, რომელიც დღემდე მექსიკის მთიანეთში ცხოვრობს, შეინარჩუნა თავისი ენა და ტრადიციები.
ამ რეალისტურ რომანში ინდიელებისა და ესპანელების დაპირისპირების პარალელურად ვითარდება არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია: მკვეთრად იხატება მშობლის, სამშობლოს, მეუღლის, შვილების სიყვარულის რაობა.…ეს წიგნი მკითხველს არა მარტო წარსულის ამბებს განაცდევინებს, არამედ დღევანდელობაზეც ბევრჯერ დააფიქრებს - მწერლის უკვდავებაც ხომ სწორედ ამაშია (მთარგმნელი).
მადლობა ღმერთს, ესპანეთის ძლიერება შეირყა, მისი ხომალდები ჩაიძირა ან გაიფანტა, ასობით და ათასობით მეზღვაური თუ ჯარისკაცი ზღვამ შთანთქა და ახლა ჩემს ინგლისს შეუძლია თავისუფლად ამოისუნთქოს. მათ ჩვენი დაპყრობა, კოცონზე ჩვენი ცოცხლად დაწვა უნდოდათ; მზად იყვნენ, ჩვენც, თავისუფალ ინგლისელებს, ისევე მოგვქცეოდნენ, როგორც კორტესი - ანაუაკის ინდიელებს. მათ გადაეწყვიტათ, ჩვენი სული ხუცესებისთვის გადაეცათ, ხოლო ჩვენი ქონება - რომის პაპისა და თავიანთი იმპერატორისთვის, მაგრამ ღმერთმა მათ ქარიშხლით, ხოლო დრეიკმა - ტყვიებით უპასუხა. ისინი გაქრნენ და მათთან ერთად გაქრა ესპანეთის დიდებაც.
მე, თომას ვინგფილდმა, ეს ამბავი დღეს, ხუთშაბათს, ბანგის ბაზრის მოედანზე გავიგე. აქ ჩემს ხალხთან სალაპარაკოდ ჩამოვედი, თან ვაშლის გაყიდვაამინდოდა, რომელიც ჩემს ბაღს საშინელი ქარბუქის შემდეგ შემორჩა.
ჩემამდე ხმები წინათაც აღწევდა, მაგრამ დღეს აქ შევხვდი ერთ კაცს, სახელად იუნგს, რომელიც იარმუტის ხომალდზე იმყოფებოდა და თავად მონაწილეობდა გრაველინთან ბრძოლაში, შემდეგ კი ესპანელებს იქამდე სდია, ვიდრე ისინი შოტლანდიის ზღვაში არ გაუჩინარდნენ.
ამბობენ, წვრილმანი წარმოშობს მსხვილმანსო, აქ პირიქით მოხდა: - მსხვილმანმა წარმოშვა წვრილმანი: ამ დიდებულმა ამბებმა მე, ნორიჯელ მოხუცს, თომას ვინგფილდს, ნორფოლკის საგრაფოს დითჩინჰემის მრევლის ერთ-ერთ წევრს, სტიმული მომცა, ჩემი ცხოვრების მიწურულს ხელში კალამი ამეღო.
ათი წლის წინ, 1578 წელს, როცა ჩვენი დედოფალი ელისაბედი ნორიჯში გავლით იყო, მისმა უდიდებულესობამ ჩემი ნახვა მოისურვა. მან მითხრა, შენმა ამბებმა ჩემამდე მოაღწიაო და მთხოვა, მეამბა მისთვის რაიმე საინტერესო, უფრო სწორად, - იმ ოც წელზე, რომელიც ინდიელთა შორის გავატარე მაშინ, როდესაც კორტესი მათ ქვეყანას - ანაუაკს - ი პყრობდა. მაგრამ ის-ის იყო თხრობა დავიწყე, რომ მისი უდიდებულესობა მოულოდნელად კოსეიში წავიდა. წასვლის წინ დედოფალმა მითხრა, შენი ამბავი დაწერე და თუ ის ნახევრად მაინც იქნება ისეთი თავშესაქცევი, როგორსაც მოველი, ბარონის ტიტულს გიბოძებ და შენს ცხოვრებას სერ თომას ვინგფილდის წოდებით დაამთავრებო. ამაზე ვუპასუხე, კალამი და ქაღალდი ხელში არასდროს მჭერია, მაგრამ თქვენი უდიდებულესობის ბრძანების შესრულებას შევეცდები-მეთქი. შემდეგ გავბედე და მას მივართვი ერთ-ერთი იმ ზურმუხტთაგანი, რომელიც ოდესღაც მონტესუმას ასულს, მანამდე კი ბევრ სხვა პრინცესას ამშვენებდა. ზურმუხტის დანახვაზე მის უდიდებულესობას თვალები გაუბრწყინდა და, რადგანაც ჩვენს დედოფალს უყვარდა ამგვარი სამშვენისები, რომ მომენდომებინა, ვფიქრობ, იქვე მივიღებდი მისგან ტიტულს, მაგრამ დიდხანს ვიყავი ძლიერი ტომის ბელადი და არავითარი სურვილი არ მქონდა, ვინმეს მსახური გავმხდარიყავი; ამიტომ დედოფალს უბრალოდ, ხელზე ვეამბორე (მას ისე მაგრად მოეჭირა ხელი ძვირფასი ქვისთვის, რომ თითები გათეთრებოდა), დავემშვიდობე და იმ დღესვე დავბრუნდი შინ, უეივნის ხეობაში.
დედოფალთან შეხვედრამდეც ვფიქრობდი, დამეწერა ჩემი ცხოვრების ისტორია, სანამ ცოცხალი ვიყავი. ჩემთვის, ასეთ საქმეში სრულიად გამოუცდელი კაცისთვის, ეს ჭეშმარიტად ძნელი ამოცანაა. მაგრამ, რატომ უნდა მეშინოდეს სიძნელეების, როცა სამუდამო განსვენების ჟამი კარს მომდგომია?! მე ვნახე ბევრი ისეთი რამ, რაც არასდროს უნახავს არც ერთ ინგლისელს და დიახაც, რომ ღირს მოსაყოლად!
მე მართლაც საოცარი ცხოვრება მქონდა. ბევრჯერ, როდესაც მეგონა, უკვე დავიღუპე-მეთქი, რადგან ხსნა არსაიდან ჩანდა, ღმერთი მწყალობდა, - შეიძლება, მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს გაეგოთ ჩემი ცხოვრების ამბავი და ჭკუის