მატეო ფალკონე
პორტო-ვეკიოს ჩრდილო-დასავლეთით გზა მთებისკენ მიდის. საკმარისია კაცმა სამი საათი იაროს კლდეებით გარშემორტყმული, დაკლაკნილი ბილიკით, რომელსაც ალაგ-ალაგ თვალუწვდენელი ხრამები ჰკვეთს, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიადგება. აქ ცხოვრობენ კორსიკელი მწყემსები და ისინი, რომლებსაც მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვთ. უნდა ითქვას, რომ კორსიკელი ფერმერი მიწაზე ნაკელის შეტანით თავს არ იწუხებს, ფიქრობს, რომ ამისთვის ტყის დაწვაც კმარა. ხოლო თუ ხანძარი მეტ მანძილს მოედო, ვიდრე განზრახული ჰქონდა, ეს არაფერი, მთავარია, რომ ფერფლით გაპოხიერებული მიწა კარგ მოსავალს იძლევა. თავთავის მომკის შემდეგ ძნელად ასაღებ ჩალას კი ხელუხლებლად ტოვებენ. მიწაში დარჩენილი ხის ფესვებიც ხშირ ყლორტებს იყრის და რამდენიმე წელიწადში შვიდ-რვა ფუტ სიმაღლეს აღწევს. სხვადასხვა ჯიშის ხეები თუ ბუჩქები ისე არიან ერთმანეთში გადახლართულნი, კაცი მხოლოდ წალდით თუ გაიკაფავს გზას. ალაგ-ალაგ კი იმდენად ხშირი და გაუვალია, რომ შიგ ტახიც ვერ გაატანს.
თუ კაცი შემოგაკვდათ, პორტო-ვეკიოს ტევრს შეაფარეთ თავი, სადაც სრულიად უსაფრთხოდ იცხოვრებთ; თან იქონიეთ თოფი და ტყვია-წამალი; არ დაგავიწყდეთ, აგრეთვე, კორსიკული კაპიუშონიანი ლაბადა, რომელიც ლეიბადაც გამოგადგებათ და საბნადაც. მწყემსები რძეს, ყველსა და წაბლს არ მოგაკლებენ. არც მართლმსაჯულებისა უნდა გეშინოდეთ და არც სისხლის აღების, თუკი მარაგის შესავსებად ქალაქში ჩასვლა არ დაგჭირდათ.
მატეო ფალკონე ამ ტევრის ახლოს ცხოვრობდა, როცა კორსიკაში ვიყავი 18... წელს. ის საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, კეთილშობილად. თავად არაფერს აკეთებდა, თავს ირჩენდა თავისი ცხვრის ფარითა და საქონლის ჯოგით, რომელთაც მწყემსები უვლიდნენ. როცა ის ორი წლის შემდეგ ვნახე იმ შემთხვევიდან, რომელსაც ახლა გიამბობთ, მატეო ორმოცდაათამდე წლის იქნებოდა. წარმოიდგინეთ მომცრო ტანის, ჯმუხი მამაკაცი კუპრივით შავი თმით, არწივისებური ცხვირით, თხელი ტუჩებით, დიდი, ცოცხალი თვალებითა და სპილენძისფერი სახით. ის სახელგანთქმულ მსროლელად ითვლებოდა თვით ამ მხარეში, სადაც უამრავი კარგი მსროლელია. მატეო, მაგალითად, გარეულ ტახს არასოდეს საფანტს არ ესროდა, არამედ ას ოც ნაბიჯზე ახვედრებდა თავსა თუ მხარში. ღამით თოფს ისევე თავისუფლად ხმარობდა, როგორც დღისით. მისი სიმარჯვის მაგალითები შეიძლება დაუჯერებლად მოეჩვენოს იმას, ვისაც კორსიკაში არ უმოგზაურია; მას ოთხმოც ნაბიჯზე ანთებულ სანთელს უდგამდნენ თეფშისოდენა გამჭვირვალე ქაღალდის უკან. დაუმიზნებდა თუ არა, სანთელს აქრობდნენ; ერთი წუთის შემდეგ, სრულ სიბნელეში, ქაღალდს ესროდა და ოთხიდან სამს მიზანში არტყამდა.
თავისი მაღალი ხელოვნების წყალობით მატეო ფალკონემ დიდი სახელი მოიხვეჭა. მას ნამდვილ მეგობრადაც თვლიდნენ და საშიშ მტრადაც; მაგრამ, რადგან სულგრძელი და ხელგაშლილი იყო, ყველასთან მშვიდობიანად ცხოვრობდა პორტო-ვეკიოს ოლქში. თუმცა მასზე ამბობდნენ, რომ კორტაში, საიდანაც ცოლი მოიყვანა, შეუბრალებლად გაუსწორდა თავის მოქიშპეს, რომელიც საშიშად ითვლებოდა, როგორც ბრძოლაში, ისე სიყვარულშიო; ყოველ შემთხვევაში, მატეოს მიაწერდნენ იმ ტყვიას, რომელმაც მისი მოქიშპე ფანჯარასთან წვერის პარსვის დროს იმსხვერპლა. როგორც კი ეს საქმე მიყუჩდა, მატეო დაქორწინდა. მისმა ცოლმა, ჯუზეპამ, ჯერ სამი ქალი აჩუქა (რაც მას აცოფებდა), ხოლო ბოლოს ვაჟი, რომელსაც ფორტუნატო დაარქვა. ის იყო მისი ოჯახის იმედი და გვარის გამგრძელებელი. ქალები კარგად გათხოვდნენ - ყოველ შემთხვევაში, მატეოს სიძეების ხანჯლებისა და კარაბინების იმედი ჰქონდა. მისი ათი წლის ვაჟს უკვე ეტყობოდა, რომ კარგი ვაჟკაცი დადგებოდა.
ერთხელ, შემოდგომაზე, მატეო ცოლითურთ თავისი ჯოგის დასათვალიერებლად ალიონზე გავიდა სახლიდან. მამას პატარა ფორტუნატოც უნდოდა წაეყვანა, მაგრამ საძოვარი შორს იყო და სახლის სრულიად უპატრონოდ დატოვებაც არ შეიძლებოდა, ამიტომ არ წაიყვანა, რაც შემდეგ ინანა.
მათი წასვლიდან რამდენიმე საათი გავიდა; პატარა ფორტუნატო მზის გულზე იწვა, ცისფერ მთებს გასცქეროდა და ფიქრობდა, მომავალ კვირას სადილად ბიძია კაპრალს ვესტუმრები ქალაქშიო. უცებ ოცნება თოფის ხმამ შეაწყვეტინა. ის წამოხტა და იქით გაიხედა, საიდანაც ეს ხმა მოესმა. თოფის სროლა უფრო და უფრო ახლოს მეორდებოდა. ბოლოს ბილიკზე დაძონძილტანსაცმლიანი მამაკაცი გამოჩნდა; მას მთიელის წვეტიანი ქუდი ეხურა და გრძელი წვერი ჰქონდა, თოფს ყავარჯენივით დაყრდნობოდა, მაგრამ მაინც ძლივს მოაბიჯებდა: ეს-ეს იყო, ტყვია მოხვედროდა ბარძაყში.
ეს კაცი ყაჩაღი იყო. ის ღამით ქალაქში ტყვია-წამლის საყიდლად წასულიყო, მაგრამ გზად კორსიკელი ვოლტიჟერების რაზმს გადაჰყროდა. შეტაკებისას მათგან თავი დაეღწია და ახლა ცდილობდა, ციცაბო კლდეებისთვის შეეფარებინა თავი, მაგრამ ვოლტიჟერები ფეხდაფეხ მოსდევდნენ და ჭრილობაც ხელს უშლიდა ტევრისკენ გზის გაგრძელებაში.
ის ფორტუნატოს მიუახლოვდა და ჰკითხა:
- მატეო ფალკონეს შვილი ხარ?
- დიახ.
- მე ჯანეტო სანპიეროს მეძახიან. ყვითელსაყელოიანები მომდევენ. სადმე დამმალე, სიარული აღარ შემიძლია.
- რას მეტყვის მამაჩემი, მისი თანხმობის გარეშე რომ დაგმალო?
- გეტყვის, კარგი გიქნიაო.
-