ზამორა(სნაიპერი)
1. ძველი სახლის სხვენის მოჩვენებები - I
ბოლოს სნაიპერაზე მამაჩემის დინჯ და კეთილი ცინიზმით გაჟღენთილ მეგობრებს მოვუყევი, - აი, ერთი ჩვენი ამბავიც ნახეთ-მეთქი და ვერაფრით შევანგრიე მათი თბილი გულგრილობის კედელი - მშვიდად მიღიმოდნენ და ამ სიმშვიდით კიდევ უფრო მიფორიაქებდნენ ყმაწვილურად ადუღებულ სისხლს. ეეეჰო, ხელი გადამხვია მამაჩემის ყველაზე ასაკოვანმა მეგობარმა, ალექსანდრემ, ყველაზე მეტად მას უხდებოდა გაჭაღარავებული წვერი. კაი ბიჭი ხარ შენ, არ გმართებს გაცხარება, ეტყობა, ძალიან გიყვარდა ეგ სნაიპერა. წამო ერთი არტაშას დუქანში ჩავიდეთ, კარგად მომიყევი, რა ხდება, მეც ხომ ძველი სამხედრო ვარ, თან შორიდან ვიცნობდი მაგის ოჯახს და იქნებ რამე გირჩიოო. თან შევამჩნიე, როგორ გახედა ირონიულად მოღიმარ მეგობრებს და თვალიც ჩაუკრა. ძალიან გავბრაზდი, ყველაზე მეტად მამაჩემზე გავცხარდი. ერთი პირობა ვიფიქრე, არ წავალ-მეთქი, მაგრამ მერე მომერიდა და გავყევი.
ალექსანდრემ ტაქსი გააჩერა, მძღოლს ჩუმად უთხრა რაღაც და წავედით. სასაფლაოზე მიმიყვანა.
კაი გამოგონებაა ეს საძმო სასაფლაო. შეცდომების გასწორებას ჰგავს, არა?
მერე არტაშასთან წავედით. არტაშა ერთი დუქნის პატრონია ძველ უბანში. ღამ-ღამობით ლექსებს წერს, დილას კი ხევს. ამბობენ, კუდუსუნში ამპულა აქვს ჩაკერებული და ერთი ყლუპიც რომ მოსვას, საიქიოსკენ თან გაჰყვება იმ ყლუპსო.
ჰოდა, ამ არტაშამ კაი სუფრა გაგვიშალა. თავზე ხელიც გადამისვა, ახალი კლიენტი ხარ, აქედან ვეღარც გახვალ, ჩაგითრია არა ამ ბებერმაო და მაგიდაზე მინის დოქით ღვინო ჩამოდგა.
***
უცნაურად მეჩვენება მამაჩემის თაობა. ალბათ მამების და შვილების გაუთავებელი ჩხუბის გამო მეუცნაურება. სულ მგონია, რომ ყველაფერს სხვა რამეს აბრალებენ: დროს, ომს, სახელმწიფოს, თითქოს ყველაფერი ჩვენივე მოგონილი არ იყოს. სხედან ეს შემელოტებულ-გაჭაღარავებული ბებრები, მოუშვიათ დიდად პატივსაცემი წვერ-ულვაში, თითქოს თავიდანვე ჭაღარა ამოსვლოდეთ. თითო ბოთლ ღვინოს დალევენ და სოლიდური დარდიმანდობით დასტირიან თავის ცხოვრებას, გაფუჭებულ საქმეებს, დაკარგულ დროს, ჩამქრალ სიყვარულს, გაფლანგულ ფულს. იხსენებენ წარსულის ამბებს და ირონიულად შემომცქერიან ჩემი მოყოლილი ამბების და ჩემი ლაწირაკული სიბრძნეების გამო. ისე უმალავენ ერთმანეთს, სხვებს და განსაკუთრებით საკუთარ თავს რაღაცას, თითქოს პატარა ბავშვებივით პაროლობანას თამაშობდნენ. ოღონდ უკვე ცხოვრების წესად ჰქცევიათ ეს თამაში. ძველი სახლის სხვენს მაგონებს მათი ტვინები, - გამოუსადეგარ საგნებს რომ ინახავ, ვერც აგდებ და ვერც სხვის დასანახად ტოვებ სახლში. იმიტომ, რომ ეს საგნები შენს ამბებს ატარებენ, ამბებს, რომლებიც ერთადერთ ფასეულობადღა შერჩენია შენს ცხოვრებას. პატარა ბავშვებს ეს სხვენები ხომ მოჩვენებებით სავსე ჰგონიათ.
***
ომს რომ მთლად გასართობი დანიშნულება არ ჰქონდა, ძალზე და ძალზე გვიან მივხვდი, დაახლოებით მაშინ, ჰერმაფროდიტი ლოკოკინას საცეცებზე წამოსკუპებული თვალების გაკვირვებულ მზერას, რომ წავაწყდი, - რას მერჩოდიო. არადა, ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, თავისი ცხოვრების შემყურე მამაჩემი რომ მეუბნებოდა, მისმინე, შვილოო... თქვენს ასაკში რომ ვიყავიო... უუ, გონება მიბნელდებოდა ამის გამგონეს. გულში მშობელ მამას მშობელ დედას მოვუკითხავდი ხოლმე და ამ გაფურჩქნულ ქვეყანაში პირველად რომ ტყვია გავარდა... არა, არა, მანამდეც გავარდნილა ტყვია, მაგრამ ადრე თუ ერთის გავარდნას დანაშაული ერქვა, ახლა ომის სახელით ტყვიის გავარდნა სათუთად მოსაყოლ ამბადაც კი მოჩანდა. ომისგან დატოვებული გვამი ხომ სხვაა, უომრად გვამს კი ბევრად ნაკლები ფასი აქვს. ბატონებო, სულმნათი ბელადი ხომ ამბობდა, ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიააო, ბევრისა - სტატისტიკაო. თუმცა ბელადებს რას გაუგებ, შეიძლება, სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ ასე წამოსცდა და მერე აღარ გადათქვა. ჰოდა, იმას ვამბობდი, ომის სახელით ამ გაფურჩქნილ ქვეყანაში პირველად რომ გავარდა სათუთად ნასროლი ტყვია, გახარებული ვეახელი მამაჩემს. გახარებული კი არა, სიხარულისგან ჭკუადაკარგულიც კი ვეკვეთე: - ენდე! - ვუთხარი, - ეხლა ნახეთ-მეთქი თქვენა, - და გულში დიდი ხნის ჩუმად ნაგროვები მშობელი მამის მშობლის საოცნებო მოკითხვა ხმამაღლა ამომსკდა, ისე, როგორც გაზაფხულის პირას მზემონატრებული ატმის ხის ყვავილები ამოსკდება ხოლმე ტოტებზე და გამოუცდელობისგან ყოყოჩად იწონებენ თავს - მოვედით და ნახეთ, რა ლამაზები ვართო, სანამ გაზაფხულის დაგვიანებული ყინვა, ხანდახან მაისშიც რომ დაერევა ბუნებას, არ მოუკლავს პრანჭვა-გრეხის სურვილს, მერე კი...
2. დათვალე მჭიდში ვაზნები, ანუ დასავლეთისა და აღმოსავლეთის საზღვარზე აღზრდის მეთოდები - I
...მერე კი მიხვდა, რომ სამმა პაპამ გამოუცდელობის გამო გაახარა. მაშინ კი, პირველი, რაც აზრად მოუვიდა, ის იყო, ახალ ფეხსაცმელებს ვიყიდიო და უკვე მერამდენედ გაკერილ მოკასინებს დახედა პატარა ზამორამ, სამი დღის წინ რომ გადმოუყარა მეწაღემ, არა, ძმაო, ამას მე ხელს არ მოვკიდებ, მერე იტყვი, შენ გააფუჭე, შენი გადასახდელიაო. ადგა და თვითონ დააკერა. გულიც კი აუჩქარდა, იმაზეც კი დაფიქრდა, ნეტა იმ მამაჩემის