პროლოგის ნაცვლად პროლოგის ნაცვლად
ჰო, აქ ცხელა, მეგობარო, ძალიან ცხელა, ან უბრალოდ გვეჩვენება. თუმც, ორივე შემთხვევაში ცხელა. ზოგიერთის აზრით - არც ისე. ზოგი კი იმისაც ამტკიცებს ცივაო. რას იზამ, ყველა თავისებურადაა ცოდვილი. მოსაწყენი გარემოა, ერთფეროვანი, ზოგჯერ საშინელიც, მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს ეს შთაბეჭდილებაც დროებითია. კარგად თუ დააკვირდები შეიძლება აზრიც შეიცვალო, და შეიცვალო საპირისპირო მოსაზრებით... გარკვეული დროის მერე, რა თქმა უნდა. თუმც, არა! რას გეუბნები? აქ არ არსებობს არც დრო, არც მანძილი, არც სხვა რამ განზომილება. ახლა ყველა ეს პირობითობა ნონსენსია, უაზრობა, დავიწყებას მიცემული... არ გამართლდა შენი მოლოდინი: ჩვენთან არც ისე საშიშია, როგორც ელოდი. გასაგებია: გულის სიღრმეში სულ სხვა კოშმარები გესახებოდა. არადა, გახედავ: თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ადამიანებთან. იმ “ პატარა ” განსხვავებით, რომ ყველა ჩვეული განზომილება გამქრალა სადღაც. უსაზღვრობაა, უსასრულობა; წადი, სადაც გინდა, წინ, უკან... თუნდ გაიქეცი! შენ უკვე აქ ხარ და ვეღარსად წახვალ, ვერსად დაიმალები, ვერაფერს მიაღწევ, ვერაფერს ეწევი და აქაური „ წყნარი კოშმარები “ ნელ-ნელა გადაგიყვანენ ჭკუიდან. რას იზამ, ბოლოს და ბოლოს, ჯოჯოხეთი - ჯოჯოხეთია... რად აკანკალდი ციებიანო? დაწყნარდი... ოჯოხეთი არც ისე ერთმნიშვნელოვანია, მიწაზე რომ გვიმტკიცებდნენ. გახედე, რა მრავალფეროვანია, მრავალსახე: ცხელი, მხუთავი, მშრალი, მდუღარე... ახლა მშრალ ჯოჯოხეთში ვიმყოფებით, ბევრად უფრო რბილი კლიმატით ვიდრე... ყოველშემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებიან, შედარების საშუალება კი არ გაგვაჩნია: აკრძალული გვაქვს მეზობელ ჯოჯოხეთებში გასვლა-გამოსვლა. გგონია სამოთხეებშია სხვაგვარად? არ დაიჯერო: გვერდით ” განყოფილებაში ” იქაც არ უშვებენ. ასე რომ, სამოთხე თუ ჯოჯოხეთი, გამოდის - გემოვნების საკითხია... იგრძენი, როგორ დაჰქროლა? ოღონდ არ იფიქრო, თითქოს ჯოჯოხეთში ნიავითაც გვანებივრებდნენ. არა, რა თქმა უნდა. ეს ჩვენმა ბიჭებმა მოიგონეს. გენიალური გამოგონებაა და მარტივი, როგორც ყველაფერი გენიალური; სამოთხის ყრუ კედლები ბასრი დანებით დასერეს და იქედან ისეთნაირად წამოუბერავს რომ... თუ, რა თქმა უნდა, ზედამხედველებმა არ შენიშნეს... იმწამსვე ამოლესავენ. მაგრამ ჩვენ კედლების სერვა არ გვეზარება, იმათ კიდე - ლესვა. აი, ასე ვცხოვრობთ: ვსერავთ-ვლესავთ. ერთხელ, ამგვარი ნაჭდევიდან მე კარგად შევათვალიერე სამოთხის ბაღები. სამოთხე, ისევე როგორც ჯოჯოხეთი, სავსეა მოულოდნელობით. არ არის იქ ის, რასაც წმინდანები გვიქადაგებდნენ, მაგრამ არც ისაა, რაზეც უღმერთოები ქილიკობდნენ. აქაც და იქაც ერთადერთი სიმართლე და თანხვედრა დროის არქონაა. ასე რომ დრო თავზე საყრელად გვაქვს ორივე მხარეს, და ამაზე მეტიც; თუ გინდა ორივე ხელით მიირთვი. ჰოდა, რა ვუყოთ ამ საშინელ მარადისობას? „ საკითხავი აი ეს არის! “ ასე რომ, მაინცა და მაინც ნუ გაგაკვირვებს ჩემი ლაყაფი. აქაურთათვის, აკრძალვების მიუხედავად, ყველა ახალმოსახლე ხალისია. ჩვენში რომ დარჩეს, აკრძალვა, როგორც ასეთი, არც არის; შეგიძლია? იმხიარულე! ოდნავ მაინც... თავის მოტყუებაა ყველაფერი, ამიტომაც ვამბობ - ოდნავო. დაგღლის სატყუარა და, მორჩა: სამუდამოდ შეწყვეტ ლაქლაქს! მაგრამ არა, ესეც შეცდომაა. შეუძლებელია გადაეჩვიო ბილწსიტყვაობას. ყველაფერი გბეზრდება: ხან კაჭკაჭივით ქაქანებ გაუთავებლად, ხან დუმილში ეძებ სულის მოთქმის საშუალებას: კევივით იცოხნი მოგონებებს. გადაღეჭე? თითქოს მოგეშვა. და აი ამ დროს, ისე მოგაწვება ყელში, თავს გარტყმევინებს ჯოჯოხეთის სველ კლდეებზე, ყვირილის გადაულახავი სურვილი გაგიხსნის გამშრალ ხახას, შენი ღრიალი შეშუპებულ სივრცეს გაპოხავს, ბნელ ნაპრალებს მიასკდება და უზარმაზარ ღამურებს დააფრთხობს. შენ კი დგახარ და მარჩიელობ, ეს რა ცხოველი ჩამისახლდაო სულში? ტყუილად მარჩიელობ, ცხოველი არ არის. ამ ცხოველს დემონი ჰქვია, მეგობარო... რად აფორიაქდი? შეგეშინდა? ვისი, დემონის? საკუთარი თავის? ჰო, კარგი, კარგი, გეხუმრე! დაწყნარდი. ჩვენზეც ვერ იტყვი, ერთგვაროვანნიო. მათი მზერით, სამოთხიდან, ურჩხულები ვართ, სრულყოფილი ბოროტება, მაგრამ ეს აზრიც სუბიექტურია. მაშ, რატომაა დემონი ბედნიერი თავის ჯოჯოხეთში? ჩვენ, ჩვენის მხრივ, ანგელოზების გაგვკვირვებია; ვერც ერთი დემონი ვერ გაჩერდება სამოთხეში თუნდაც ერთი დღე... ფთუ! ან კი როგორ უძლებენ იმ ნეტარებას, რაც მან აღუთქვა ადამიანებს... ხვდები ალბათ, ვისაც ვგულისხმობ. შეხვდი? არა? აი, მე კი პირადად გავიცანი... აქ არა, - დედამიწაზე! ნეტა აქ რა ესაქმება? სამოთხეში მე არ დავსეირნობ, ის კი ჯოჯოხეთში არ დაბრძანდება... არა, ვერ გეტყვი, არ კადრულობსო. მისი პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, არა თუ აქ, ჩრდილოეთ ჯოჯოხეთშიც ჩავიდოდა, ამას რომ რაიმე აზრი ჰქონდეს. ჩრდილოეთ ჯოჯოხეთი? ო-ო! განსაკუთრებული ადგილია... ასე ვთქვათ, სამოთხეა დემონებისთვის! ისინი იქ მართლაც უსაზღვროდ ბედნიერები არიან. იმდენად ბედნიერები, რომ დასაბმელები გახდნენ. ყველა დემონი როდი იგუებს „ ჩრდილოეთელთან “ ურთიერთობას... რას ამბობ?! ცოფიანები არიან, გადარეულები!