თავი პირველი
1
ადვილი შესაძლებელი იყო, მეომარი ნებისმიერ დროს მოტრიალებულიყო და ქალი თავისი ორი ხმლიდან რომელიმეთი, ან სულაც ორივეთი ერთად დაუნდობლად აეჩეხა.
სანამ მეომრის პირად ტყვეობაში აღმოჩნდებოდა და ის ნამუსს ახდიდა, ქალი დედოფალი გახლდათ, ახლა კი მხოლოდ პატივ და ღირსებააყრილი დედაკაცი ბრძანდებოდა. თვითონვე გადაწყვიტა ასე, თავადვე გამოუტანა საკუთარ თავს ასეთი განაჩენი. მასთან შედარებით კი მეომარი ნამდვილი ველური იყო. როცა საქმეს მორჩებოდა, თავის უზარმაზარ საოხრეს ქალის სადედოფლო კაბის კალთაზე ნიშნისმომგები მზერით შეიწმენდდა, თითქოს რაღაც რიტუალს ასრულებსო, რა დროსაც კაბის პატრონს თვალებში აცქერდებოდა, შემდეგ გატრიალდებოდა და გზას გააგრძელებდა. ასე ექცეოდა, ალბათ, ომში ნაალაფარ სხვა დედაკაცებსაც.
მოგვიანებით კი ქალი იმის მადლიერიც დარჩა, რომ მეომარმა ნება დართო, ამ დროს მოეხსნა დიადემა, რომელსაც მისი ბრძანებით ახლაც ატარებდა, აქ, ამ, მკვდარი ქვიშის უდაბნოში, სადაც ცა მაცდურად უძირო იყო, დედათა წესი არ არსებობდა და სადაც წარმოუდგენლად მძიმდებოდა ოქროს ყოველი ნივთი.
მეომარი სულ სადღაც მიდიოდა. ღამითაც, როცა ეძინა, შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამოღვიძებოდა, წამომდგარიყო და უკანმოუხედავად წასულიყო. ქალს ასე ეგონა, სიზმარშიც კი, თუკი ნახულობს საერთოდ, ალბათ, მხოლოდ დადისო.
მალე იმასაც მიხვდა, რომ ის მეომრის პოტენციური საგზალი იყო: თუ მას, სანამ ამ მკვდარი ქვიშის უდაბნოდან გააღწევდა, ძალიან მოშივდებოდა, ქალს დაკლავდა და შეჭამდა.
* * *
იმ დღეს მზემ განსაკუთრებით დააცხუნა. მეომარი ავი ძაღლივით წყალს არც თვითონ სვამდა და არც ქალს ასმევდა.
ქალს ტირილი უნდოდა, მაგრამ ძალ-ღონის გამოზოგვის მიზნით არ უტირია.
ყოველ საათ-ნახევარში ისვენებდნენ.
– ბედნიერ ვარსკვლავზე გაუგდიხარ დედაშენს, ღორო, თვით დედოფალს უშვრები! – ყოველ საათ-ნახევარში შენიშნავდა ქალი და ორმოცი ნაბიჯის იქით ქვიშაში ფეხმორთხმით ჩამჯდარი მეომრის მზეზე ალაპლაპებული მუზარადის დანახვაზე ეღიმებოდა, – თავში მართლა არაფერი გიჭყავის, თორემ ეგ ქვაბი კვერცხივით მოგიხარშავდა ტვინს!
არადა, ამ დროს თვითონ ოქროს დიადემა ეხურა.
სწორედ იმის გამო იყო დაბოღმილი, რომ შესვენების დროსაც არ ჰქონდა ამ დიადემის მოხსნის უფლება.
* * *
მეომარი, თუ ზნესავით უეცრად წამოვლილი ვნების დაცხრომას არ მოინდომებდა, ქალს უფლებას არ აძლევდა ორმოც ნაბიჯზე ნაკლებ მანძილზე მიახლოებოდა.
ქალი თვითონ, ისე, რომ მეომარს კრინტიც არც დაუძრავს, მიხვდა, თუ რამდენი ნაბიჯი დაუწესა მან სამანად – ორმოცი და არა ოცდაათი ან ორმოცდაათი; და დათქმული მანძილი უნებართვოდ რომ დაერღვია, რამდენიმე ნაბიჯით მიახლოებოდა ან ჩამორჩენოდა, მეომარი მკაცრად დასჯიდა; შეიძლება ენაც კი მოეჭრა, როგორც მის სეფექალებს წააგდებინა, უკლებლივ ყველას, ან სულაც გასართობად ცალი ყური ჩამოეთალა.
ღამითაც სწორედ ორმოცი ნაბიჯის სიშორეზე იძინებდა მეომრისგან.
ორი დღის წინ კი, სადილობის ჟამს, მეომარმა ქალი საჩვენებელი თითით თავისთან მიიხმო და ანიშნა, მის წინ მუხლებზე დაჩოქილიყო.
ქალს ეგონა, რომ მეომარს ვნებამ წამოუარა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ასე არ იყო – გაშრა. ცოტაც და თავისდა მოულოდნელად შიში სრულად გაუქრა, გაიღიმა კიდეც, თვალები დახუჭა და მშვიდად დაელოდა, თუ როდის გააგდებინებდნენ თავს.
სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ გადასახლება სიმშვიდის საუფლოში, სადაც მტვერი არ არის და არც ჩრდილები არსებობენ.
მაგრამ მეომარმა ბოლო წამს მისი მოკვლა გადაიფიქრა და როცა მიხვდა, რომ ამას ქალიც მიხვდა – გაუღიმა.
– ჰო, რაკი მაინც მუხლებზე ვდგავარ, ბარემ არ მომაცდინო! – თქვა ქალმა.
ხოლო მას შემდეგ, რაც მეომარს ასიამოვნა, ალბათ გადატანილი მღელვარების გამო, გული აერია და გაიფიქრა, რომ ამისთვის აკუწავდნენ. ასე რომ არ მომხდარიყო, ნარწყევს სასწრაფოდ უდაბნოს მკვდარი ქვიშა წააყარა და ამგვარად შეაცოდა თავი თავის ახალ მბრძანებელს. მერე ახედა მეომარს და მიხვდა, რომ ის არც აპირებდა მასზე მახვილის გასვრას და თავი შეზიზღდა.
მეომარმა კი ხმლის წვერი ნიკაპქვეშ ამოდო, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
ქალისდა მოულოდნელად მეომარს ამჯერად ფიქრიანი და ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაშინ, როცა მას უყურებდა, ვიღაც სხვა ქალზე ფიქრობდა.
– ესეც ასე! – ჩაილაპარაკა საკუთარ ენაზე მეომარმა მაშინ, – კიდევაც დაგანაყრე და კიდევაც დაგარწყულე!
* * *
მეომარს თავისი ორმოცი წლის ასაკში ორი ომი და ხუთი ლაშქრობა თავიდან ბოლომდე მოევლო, სადაც ბლომად ოქრო ეშოვა, მაგრამ ის გერს მოეპარა და უკვალოდ გაუჩინარებულიყო საქმროსთან ერთად. არადა, მეომარი მისთვის დიდი ქორწილის გადახდას აპირებდა, სადაც ყველას უზარმაზარი კოცონის ნაკვერჩხლებზე აუქნელად შემწვარი ხარის ხორცითა და თაფლგარეული ღვინით გაუმასპინძლდებოდა. მეომრის ცოლმა თავისი უმადური