მოთხრობები
-
კარლო ფანჯარაში
1
კარლოს მეზობლის ბავშვი, რვა წლის წითური ქეთა მთელ სადარბაზოსა და კორპუსშიც თარს ბავშვად ითვლებოდა, საქმეზე მიმავალი მეზობლები მას ცეცხლივით გაურბოდნენ და ყველა ერთხმად ამტკიცებდა, იმ დღეს, როცა „ჟანგიანი ქეთა“ შეგვხვდება, ყველა საქმე გვიფლავდება, ის კი არადა, შეიძლება კოჭიც კი ვიღრძოთო. ქეთა და მისი მშობლები იმ ბინის გვერდით ბინაში ცხოვრობდნენ, რომელსაც კარლო ქირაობდა. სამსახურში მიმავალ კარლოს სკოლაში მიმავალი ქეთა ხშირად შეხვედრია დილით, მაგრამ კარლო იმ დღეს არ გათარსულა და, მით უმეტეს, არც კოჭი უღრძვია.
ქეთას მამას, კარლოზე ერთი წლით უფროს ბაჩუკის კორპუსში ყველა „რაღაცნაირს“ ეძახდა, მასზე ამბობდნენ, „არც ღვინოა და არც ძმარი, არც იქით არის და არც აქეთო“. ბაჩუკიმ, რომელსაც მოშურნეების გულის გასახეთქად ცოტა ხნის წინ ლატარეაში „ჯიპი“ მოეგო, კარლო ორჯერ გადაიპატიჟა თავისთან სახლში და კარგი ღვინითაც გაუმასპინძლდა. პირველი გადაპატიჟების დროს გაიცნო უკეთ კარლომ ოჯახის დიასახლისი, მადონა, რომელსაც კორპუსში „მამალ ქალსაც“ ეძახდნენ. მადონა სინამდვილეში ქალურად ნაზი არსება აღმოჩნდა, ოღონდ ეგ იყო რომ ზედმეტად ენერგიული გახლდათ.
კარლოს ყურადღება პირველ ყოვლისა დიასახლისის ლამაზმა ხელებმა მიიპყრეს. იმ საღამოს ღვინოსთან ერთად ჯონჯოლიც ბლომად მიირთვა (თუ არ იყო სუფრაზე, არც მოუნდებოდა, მაგრამ თუ სადმე დალანდავდა, მანამ არ მოისვენებდა, სანამ წირვას არ გამოუყვანდა). სუფრასთან დასხდომამდე კი ქეთას მისი საყვარელი თამაში „მიფრინავენ წეროები“ ეთამაშა. ქეთა ბედნიერი იყო. მას ხომ კორპუსში დიდები კი არა, პატარებიც იშვიათად ეთამაშებოდნენ.
ბაჩუკიმ კი კარლო თავისთან იმიტომ დაპატიჟა, რომ კარლომ ერთხელ შემთხვევით ბინის ქურდი დააფრთხო, რომელიც ბაჩუკის ბინის კარის საკეტს აწვალებდა და ბინაც გაქურდვას გადაურჩა.
მეორე გადაპატიჟების შემდეგ (მაშინაც არ დაუკლია ჯონჯოლისთვის ხელი), თავის ნაქირავებ ბინაში დაბრუნებული კარლო, როცა ტელევიზორში პრეზიდენტის ახალგახსნილ მანდარინის ქარხანაში სიტყვით გამოსვლას უყურებდა პირდაპირ ეთერში, თავის თავს გამოუტყდა, რომ მას მადონა გულში ჩავარდნოდა.
– ასე არ შეიძლება! – შეუძახა მაშინ კარლომ საკუთარ თავს. – „მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შიანაურიაო!“
სწორედ იმ ღამეს ესიზმრა კარლოს მადონა პირველად.
რადგან ჟღალი არც მადონა და არც მისი ქმარი არ ყოფილან, კარლოს ეჭვიც კი ღრღნიდა, იქნებ მადონამ ქეთა ქმრისაგან კი არა, სხვა კაცისაგან გააჩინაო.
თან ეჭვი ღრღნიდა და თან ამ ეჭვის რცხვენოდა.
კარლოს ნაქირავები ბინის აივანი ამოშენებული გახლდათ და იქ ჩასმული ორი ფანჯრიდან მხოლოდ ერთი იღებოდა. ამ ფანჯარაში სწორედ მაშინ გამოჩენა, როცა მადონა თავის აივანზე სარეცხს ფენდა, თვითონ მადონასა და სხვებშიც ეჭვს გამოიწვევდა. კარლოს ნაქირავების აივანი ღია რომ ყოფილიყო, მაშინ კარლო ეჭვის აღუძრავად დატკბებოდა მადონას ხილვით, რადგან თავს ისე მოაჩვენებდა, თითქოს ის აივანზე მოსაწევად, ან სულაც სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გამოსულიყო.
მაგრამ ერთ დღეს კარლომ ღია ფანჯარაში მაინც გაჰყო თავი სწორედ იმ დროს, როცა მადონა სარეცხს ფენდა. მის ნათამაშევ ღიმილს (თითქოს შემთხვევით ყოფილიყოს მისი სწორედ იმ დროს გამოსვლას, როცა მადონა სარეცხს ფენდა) დამაჯერებლობა აკლდა.
მადონა მაშინვე მიხვდა, რომ კარლო მის აივანზე გამოჩენას გახლდათ დადარაჯებული და მისალმების შემდეგ ნასიამოვნებმა ჩაიღიმა. კარლოც მიხვდა, როგორც იქნა, რომ მადონა გრძნობდა, რომ კარლოს ის ძალიან მოსწონდა და ეს სიამოვნებდა კიდეც.
კარლო თავზარდაცემულიც იყო და ბედნიერიც. სამსახურში უგულისყურო გახდა (ბაჩუკისთან შეხვედრისას კი საშინლად იბნეოდა, რადგან ეჩვენებოდა, რომ ის ყველაფერს ხვდებოდა), ხოლო სახლში დაბრუნებული ბოლთას სცემდა, კედლებს აწყდებოდა და ეშინოდა, ბედნიერებისაგან გული არ გასკდომოდა, მით უმეტეს, რომ, როგორც ეჩვენებოდა, მადონას ბინის კედლებიდან დიასახლისის სუნი იღვრებოდა და კარლოს ნაქირავებ ბინას მთლიანად ავსებდა.
„ღიმილი მაჩუქეეე მადონააა, ღიმილი მაჩუქეე შეეეეეეენ!“, წაიღიღინებდა ხოლმე კარლო (ბოლო სიტყვას საჭიროზე მეტად წელავდა) ნაწყვეტს სამარშრუტო ტაქსიში მოსმენილი სიმღერიდან (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე, სანამ თავის ცხოვრების გზაზე მადონას გადაეყრებოდა, მსგავს მდარე, შოფრულ სიმღერებს, როგორც ყველა საღად მოაზროვნე კაცი, არ წყალობდა).
კარლო დიდცხვირა და მეტად დელიკატური ახალგაზრდა ეკონომისტი კაცი იყო, სულ რაღაც ოცდაშვიდი წლისა და თავისი ძველმოდური სახელის გამო ძალიან იტანჯებოდა (სახელი მისთვის სოფლის მჭედელი ბაბუის საპატივცემულოდ დაერქმიათ, რომელიც ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში ადიდებული მდინარის გადალახვისას დაღუპულიყო). არც კარლოს თაობისა და, ასე განსაჯეთ, მასზე ოცი წლით უფროსი თაობიდანაც კი არავინ ატარებდა ეგეთ სახელს. კარლო მხოლოდ ორმოცდაათს გადაცილებულ მამაკაცებს თუ ერქვათ. თან კიდევ, ამ სახელს ქართული საალერსო-კნინობითი ფორმა არ გააჩნდა, რომ გათანამედროვებულიყო, როგორც, მაგალითად, იოსებებს იოსკებს, იაშებს – იაშკებს, ბესარიონებს