ტორეადორები
1
მაიორს, მეორე ასეულის მეთაურს, ერთი უცნაური ახირება ჰქონდა: ვერ იტანდა „კუტოკებად“ დაყოფას. ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მის მიერვე - როგორც თვითონ თვლიდა - ხასიათებისა და ნათესაურ-მეგობრული კავშირების სრული გათვალისწინებით დაკომპლექტებული ასეულის სხვადასხვა ქვედანაყოფთა მებრძოლები კიდევ უფრო ვიწრო წრეებად და საძმაკაცოებად არ უნდა დაყოფილიყვნენ. ასეულებსა და ოცეულებში ყველამ იძმაკაცეთ, მიკერძოება არ იყოსო, ეუბნებოდა ბიჭებს და ვერაფრით ეგუებოდა იმას, რომ მის მითითებას არ ასრულებდნენ. თავის სიძეს, კობასა და მის ორ თანაკლასელს - დათოსა და განსაკუთრებით კი თავისი სერიოზულობით ცნობილ მამუკას სხვებისაგან გამორჩეულად რომ ენდობოდა, ამას მიკერძოებად არ თვლიდა და არ მიაჩნდა, რომ „კუტოკებად“ დაყოფის მაგალითს თვითონვე იძლეოდა. არც იმის ახსნით იწუხებდა თავს, სხვებს რატომ არ უნდა ჰქონოდათ უფლება, გამორჩეულად მინდობოდნენ ვინმეს. შეტევის წინ, ჩამოვლაზე, ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებოდა: „смотрите у меня - чтоб никакой самодеятельности и групповухи“-ო (ბრძოლის დროს თქვენს ჭკუაზე ნუ დაიყოფით და დანაწილდებითო, ამას გულისხმობდა). პატივი მეცით, ოღონდ ეს ერთი შეტევა ჩამატარებინეთ, როგორც საჭიროა და მერე მე ვიცი თქვენი პატივისცემაო, - იტყოდა ხოლმე დამტუქსავ-დამყვავებლური ღიმილით. დაახლოებით ისეთი ტონით ამბობდა, როგორითაც მასწავლებელი მოძღვრავს ესკურსიაზე წაყვანილ ბავშვებს, ოღონდ ნუ დამეფანტებით და სკოლაში რომ დავბრუნდებით, ორიანებს არ დაგიწერთო. თითქოს შეტევაზე და სასიკვდილოდ კი არა, სანაპიროზე გასასეირნებლად მიდიოდნენ და იქიდან ყველა ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდებოდა. ამან დაძაბულობაც კი მოუხსნა ბიჭებს შეტევის წინ. იცის, როგორ მოექცეს ხალხსო, თქვა მაიორზე მამუკამ. შეტევა კი შტაბში რატომღაც დღის თორმეტი საათისთვის დაეგეგმათ.
მეორე ასეულის ალყაში მოქცევა პირადად მაიორის დამსახურება იყო. წინასწარ შემუშავებულ საერთო გეგმას არ დაემორჩილა, ბრძოლის ზედმეტი ჟინი და ენთუზიაზმი გამოავლინა და ბიჭები დაუკრეფავში გადაიყვანა.
თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. მაიორს თავისი პოზიციის პირისპირ მდგარი მოწინააღმდეგე ასეულის მეთაურზე - როგორც ამბობდნენ, შუახანს გადაცილებულ, ამ ომში ორი შვილის დამკარგავ კაცზე - საკმაო ინფორმაცია ჰქონდა, ზოგი დაზვერვის მიერ მოპოვებული, ზოგი კიდევ საკუთარი არხებით გაგებული. მაიორის თქმით, მოწინააღმდეგე ასეულის მეთაური, თვითონ „სტარიკ ხატაბიჩი“ რომ შეარქვა, სულელი არ იყო, დისციპლინაც სათანადო დონეზე ჰქონდა დაყენებული, მაგრამ სტანდარტულად აზროვნებდა და, ცოტა არ იყოს, გამბედაობაც აკლდა - გადაწყვეტილების მიღება უჭირსო.
„მაიორელებმა“, როგორც მაიორის ასეულის ბიჭებს ეძახდნენ, ჩაფიქრებულისამებრ ერთი ხევით წინ გადასწიეს თავიანთი პოზიცია. სიმართლე რომ ითქვას, ახალი პოზიცია გაცილებით წამგებიანი იყო ძველზე, მაგრამ ძალთა საერთო განლაგება - არა მარტო საბატალიონო, არამედ მთლიანად იმ პერიმეტრის მასშტაბით - უმჯობესდებოდა და უფრო ხელსაყრელი ხდებოდა. ფერდობის მათთვის განსაზღვრული სექტორის დასაპატრონებლად პირველ და მესამე ასეულს (ანუ „კარაბინერებს“, როგორც მათ ასმეთაურ „კარაბინას“ გამო ეძახდნენ) მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწიათ. „მაიორელებმა“ კი შედარებით ადვილად და სწრაფადაც დაახევინეს უკან თავის მოწინააღმდეგეს.
„მაიორელთა“ მოწინააღმდეგე ასეულმა ყუმბარმტყორცნებიც კი დაყარა უკან დახევისას. მაიორი კი იმის მაგივრად, რომ ახალდაკავებულ პოზიციაზე გამაგრებულიყო, როგორც ამას შეტევის წინასწარ შემუშავებული საერთო გეგმა მოითხოვდა, კიდევ უფრო წინ წავიდა. მაიორელებმა მეორე ხევიც გადალახეს, გორაკს თავზე მოექცნენ და ისევ დასცხეს ზევიდან ქვევით. რატომღაც თითქმის ყველა ხელყუმბარებით ამუშავდა. „მაიორელები“ მოწინააღმდეგეს კარგად ხედავდნენ და ხელყუმბარებს ქვებივით ესროდნენ ხოლმე პირდაპირი დამიზნებით. ბოლოს გაჭრა მაიორის ყვირილმა: „ხელყუმბარები დაზოგეთო“ და მთლიანად მეტყვიამფრქვევეებს დაუთმეს ასპარეზი, მაგრამ მაიორზე არანაკლებ ენთუზიასტმა სნაიპერებმა ისევ გამოიჩინეს ინიციატივა და ეფექტურობით მეტყვიამფრქვევეებს აჯობეს. პირველად ორი ძმა მეტყვიამფრქვევე დაეშვა გორაკს იქით ფერდობზე და დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ. კობა მაიორს (თავის ცოლისძმას) მივარდა და კიტელზე ისე დაქაჩა, კინაღამ შემოახია.
- სად მივძვრებით, რომ მივძვრებით! - უყვირა კობამ.
- გამოუშვან ბიჭებმა ორთქლი!.. მესამესაც წავეხმაროთ. გვერდიდან დავარტყათ „კარაბინერების“ საპერნიკს. რა ჯობია ამათ ჟუჟვას! За полчаса сотрем в порошок!.. ასე არ არის, ბიჭებო?! - თქვა მაიორმა. ინდაურივით გაფხორილი იდგა, თითქოს იმის ჩვენება უნდოდა, რა მაგარი და მრისხანე მეთაური იყო. ბიჭები მის ასეთ გამოხტომებს ითმენდნენ, რადგან მაიორი კეთილი კაცი გახლდათ და სხვა მეთაურებისაგან, თუნდაც იმავე „კარაბინასაგან“ განსხვავებით, ვის დახმარებასაც ახლა აპირებდა, შეტევაზე პირველი თვითონ მიდიოდა - გადმოკარკლავდა თვალებს, ავტომატს (კობას და მას ერთნაირი „ბლატნოი“, მოკლე სადესანტო ავტომატები ჰქონდათ) დროშასავით პათეტიკურად აღმართავდა, „за мной, кролики!“-ო, იყვირებდა და თავდაუზოგავად გარბოდა სპირტით გაჭყეპილი საბჭოთა „ზამპოლიტივით“, ტყვიებს არ ერიდებოდა.
- Ты ебнулся, Климентич! - იყვირა კობამ, მაგრამ უკვე გვიან იყო, ბიჭები უკვე უშვებდნენ ორთქლს და