მონადირე
Tavi pirveli
1
კაკკუბა სიორდენი მონადირე იყო.
კაკკუბას უნდა მოენადირებინა ჯიხვი, რომლისთვისაც კარგა ხნის წინათ ცოლის სახელი, რიტა შეერქმია, შემდეგ უნდა მოეკლა მეზობელი და ძმაკაცი თვისი ბუთხუზი იმავე შაშხანით, რომლითაც მოინადირებდა ჯიხვს და რომელიც თავად ბუთხუზს ეჩუქებინა მადლობის ნიშნად, იმისთვის, რომ კაკკუბამ მისი მთვრალი სტუმარი მის აუზში დახრჩობას გადაარჩინა.
კაკკუბას გადაწყვეტილებას ამქვეყნად ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებდა და ზოგჯერ ასე ეგონა, იმისთვის გავჩნდი, რომ გაჭირვებაში მეცხოვრა, მერე დროებით გამმართლებოდა და შემერთო ლამაზი რიტა, რომელიც მერე ბუთხუზს უნდა ეცდუნებინა; ეცდუნებინა, რათა მერე მე რქების დამდგმელი მომეკლა იმავე შაშხანით, რომელიც მან მაჩუქა იმისთვის, რომ დახრჩობას გადავურჩინე სტუმარი, ვის ცოლსაც თურმე ის ხმარობდა მანამდეც და სწორედ იმ დროსაც, როცა მის მიერ უგრძნობლად დათრობილი სტუმარი შეღამებისას აუზთან შიგ ჩასაფსმელად მიბანცალდაო.
კაკკუბა ახლა სრულიად მარტო იყო ამქვეყნად, როგორც მის მიერ წინა საღამოს მოკლული ცოლი რიტა, რომელიც წამოსვლის წინ ბუთხუზის სახლის გრილ სარდაფში დაასვენა, რომ ცხედარი არ გაფუჭებულიყო.
კაკკუბას ახლა უკვე აღარაფერი გააჩნდა და არც უნდოდა ჰქონოდა, გარდა ნაჩუქარი შაშხანისა, რომლითაც მოკლა რიტა, რომლითაც უნდა მოენადირებინა ჯიხვი რიტა და რომლითაც უნდა მოეკლა ბუთხუზი.
***
კაკკუბა გათენებას მონადირის ქოხში შეხვდა, ცოლ რიტაზე ფიქრში, რომელიც მან შეღამებისას მოკლა და წამოსვლის წინ ბუთხუზის სახლის გრილ სარდაფში დაასვენა, სადაც ბუთხუზი ღვინოსა და პროდუქტებსაც ინახავდა ხოლმე. მაგრამ ამჯერად სარდაფი ცარიელი იყო.
კაკკუბა თავის ცხოვრების გზაზე მრავალ გათენებას შეხვედროდა მონადირის ქოხშიც, საფარშიც და სახლშიც. კაკკუბას გათენების სასწაულში ჩაწვდომაც გულით სურდა.
კაკკუბა მონადირე იყო. მონადირეები იყვნენ მამამისი კოჩია, ბაბუამისი ხაძგერი, მამა ხაძგერისი ორსანტელი, ჩხორია - მამა ორსანტელისა, რომელიც იყო ძე მონადირე ბეჟასი და ბეჟა იყო ძე დიდი მონადირის, დიდი კაკკუბასი, ხოლო დიდ კაკკუბას ნადირობის სიყვარული თავისი მამის, დიდი კოჩიასგან გადასცემოდა. რადგანაც ხაძგერმა თავისი დიდი წინაპრის სახელი დაარქვა ძეს თვისას, მამამ კაკკუბასი ასევე დიდი წინაპრის სახელი დაარქვა გვარის გამგრძელებელს თვისას, კაკკუბა სიორდენს.
კაკკუბას გამთენიის ჟამს, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ეღვიძებოდა, ისევე როგორც ყველა მის მონადირე წინაპარს - მონადირული ინსტინქტის კარნახით. თუმცა, თავგადაკლული მონადირე არასოდეს ყოფილა კაკკუბა - უფრო მეტად ბუთხუზი და ბუთხუზის სტუმრები დაყავდა.
კაკკუბას უკვირდა და არც უკვირდა, რომ ბუთხუზის სტუმრებს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ ენადირათ, ძალიან უყვარდათ ნადირობა. კაკკუბას ისინი ქოხიდან რაც შეიძლება შორს მიჰყავდა, რათა რაც შეიძლება დიდხანს ვერ დაბრუნებულიყვნენ, მანამდე კი ბუთხუზს ჰქონოდა დრო, ეცდუნებინა მათი ცოლები.
კაკკუბას მეზობელი და ძმაკაცი, ბუთხუზი ამ დროს კარგად იყენებდა.
კაკკუბა ყოველთვის აღიარებდა, რომ მეზობელსა და ძმაკაცს მისას, ბუთხუზს ეს საქმე, ნამდვილად კარგად გამოსდიოდა.
***
კაკკუბას ყოველი გამთენიის ჟამს ეღვიძებოდა, ზოგჯერ კმაყოფილს იმის გამო, რომ მასში წინაპრებში გამომუშავებული მონადირული ინსტინქტი არ გამქრალიყო, ზოგჯერ კი უკმაყოფილოსაც სწორედ ამის გამო. შენში მონადირულს ასევე შორეული წინაპრების, უბრალო გლეხების გენები ებრძვისო, უთხრა ერთხელ რიტამ და ალბათ ასეც იყო.
კაკკუბას ცოლი თვისი რიტა ძლიერ უყვარდა და როცა გამთენიის ჟამს გამოეღვიძებოდა, მძინარე თანამეცხედრეს გადახედავდა ხოლმე, ჩემი წინაპრებიც ასე გადახედავდნენ, ალბათ, თავიანთ ცოლებსო, გაიფიქრებდა და ბედნიერი იყო.
კაკკუბაში მონადირული ინსტინქტი, ასე თუ ისე, იქამდე მძლავრობდა, ვიდრე რიტას გაიცნობდა და შეუყვარდებოდა იგი. რიტას არ მოსწონდა ნადირობა, თუმცა ქმარს არ უკრძალავდა.
კაკკუბამ, არადა, სწორედ რომ ნადირობის წყალობით გაიცნო რიტა.
კაკკუბას ერთხელ მომავალი სიმამრი, რიტას მამა ესტუმრა და მაჩვის ქონი სთხოვა ცოლისთვის, რომელსაც ჭლექის ნიშნები აღმოაჩნდა. ითვლებოდა, რომ მაჩვის ქონი ჭლექს არჩენს და ეგონა, კაკკუბას ექნებაო.
კაკკუბამ ერთი კვირის შემდეგ შემთხვევით მაჩვი მოინადირა, კიდევ ერთი კვირის შემდეგ, როცა ბუთხუზთან ერთად ბუთხუზის მანქანით ქალაქში მიდიოდა (რიტას სოფელი ქალაქის გზაზე იყო), რიტას მამას გაუარა და მაჩვის ქონი მიართვა. სწორედ მაშინ იხილა პირველად რიტა და მაშინვე შეეტყო, რომ მისით მოიხიბლა.
- კაკკუბა, შე ძველო, უყურე შენ, გქონია გემოვნება, ხომ იცი! - უთხრა მაშინ ბუთხუზმა.
კაკკუბამ თვითონაც იგრძნო, რომ პასუხად საწყლად გაიღიმა. მას უკვე რიტა თავდავიწყებით შეჰყვარებოდა, ამ სიყვარულისგან სახეზე წითლდებოდა და ყურები უხურდა და, ასე ეგონა, თუ ის ჩემი არ გახდა, მოვკვდებიო.
***
კაკკუბას გათენების ყურება ბავშვობიდანვე უყვარდა, როცა ყველაფერს ნათელი ეფინება. იცოდა, რომ მასში ესეც წინაპრებისგან იყო, რომ ერთ დროს ისინი გათენების სიფრიფანა ანგელოზს სცემდენენ თაყვანს,