როცა მტკვარი მღვრიეა
- აი აქ, ამ კედელში გამოკვეთილ ნიშებს რომ ხედავ, - სლოკინს მორჩა თუ არა ფხიზელი კაცის გამომეტყველების მიღებას შეეცადა ფარმაცევტი იანის ანასტასიადი. - ძველი ბერძნები აფთიაქის დახლებად იყენებდნენ. შუშა მაშინ არ არსებობდა, მაგრამ თვითონ წამლებს დახურულ სივრცეში ინახავდნენ და სანიტარიულ ნორმებსაც იცავდნენ ყველანაირს. ექვსი და კიდევ უფრო მეტი ათასი წლის წინათ ამ ნიშებზე სულ სხვადასხვანაირი წამლები ეწყო.
- მედიცინა კოლხი მედეადან მოდის! - შეახსენა იანისს მისმა გერმა, თოთხმეტიოდე წლის გუსტავ რაგვიამ და ქანებს შორის ამოზრდილ, კლდეზე ლიანასავით ლამაზად და კოხტად გადმოშვებულ, ნიავზე ანანავებულ მაყვალს ფოთოლი ჩამოაცალა.
კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულის წინ, გერთან ერთად საცალფეხო ბილიკზე მდგომმა იანის ანასტასიადმა გაფუჭებული სანთებელა უფსკრულში მოისროლა, სიგარეტი ყურში გაირჭო და გაიღიმა. მცირე პაუზის შემდეგ იქვე დახვავებული კლდის ნაშალიდან ერთი საშუალო ზომის ნატეხი გამოარჩია და გამოაცალკევა ფეხის წვერით, ჯერ გადააპურჭყა და მერე ამორჩეულ ნატეხს ფეხის წვერითვე უფსკრულისკენ უქნა პირი.
- შენც მართალი ხარ, ხო იცი, - მიმართა მან გერს და ნატეხის ვარდნას ყური მიუგდო. - ზვავი არ გამოიწვიოს ამ ჩემისამ! - დააყოლა ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა.
კლდეში ნაკვეთი ქალაქის დასათვალიერებლად მოსულ, ყველაზე მაღალ ქვაბულს თავს მოვლებული ტურისტების ჟრიამული ჩამოიტანა ქარმა.
- ლეგენდაა ეგეთი მედეაზე, თორემ სინამდვილეში ბერძნებიდან მოდის ყველაფერი, - თქვა იანისმა და გერს ახედ-დახედა. - აგერ მობილური და გადაურეკე დედაშენს, აქა ვართ-თქო. განცდებშია ახლა, ხომ ვიცი.
გუსტავ რაგვიამ მამინაცვალს ტელეფონი გამოართვა და მის ეკრანს უაზროდ დააჩერდა.
- ის სუსტი კაცი რომ არის, ჟილეტიანი და შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი რომ დადის, ყვითელკურტკიანი ქალის რა არის? - გაუბედავად იკითხა გუსტავმა.
- თანამშრომლები არიან ორივენი, დისტრიბუტორები. რატომ მეკითხები?
- ისე, ცოლ-ქმარი მეგონა. - თქვა გუსტავმა და ტელეფონს ამჯერად შედარებით აზრიანი მზერა დააშტერა. - არ იჭერს აქ, არ მოდის სიგნალი!
- სულ ზევით რომ ავალთ, დაიჭერს. - ივარაუდა იანისმა და გერს ტელეფონი გამოართვა. - ხომ წარმოგიდგენია, რა შრომა დასჭირდებოდა ამ გამოქვაბულების გამოჭრას, ეგ ერთი და, მერე კიდევ - ამ ნიშების. პნევმატური ჩაქუჩი მაშინ არ იყო - ზუბილა, ურო და მისი ჯანი!
გუსტავმა ადგილიდან დაუძვრელად ნიშებიან გამოქვაბულში შეიხედა და კიდევ ერთი ფოთოლი ჩამოაცალა მაყვალს.
- ხომ არ გაგიტყდა ბერძნებზე რომ გაგიხურე? - ჰკითხა მამინაცვალმა.
- არა. - მიუგო გუსტავმა.
- იმ სუსტ კაცზე და ყვითელკურტკიან ქალზე რომ მკითხე, ერთმანეთის რა არიანო, მაინც რატომ მკითხე? - შიგ თვალებში ჩააცქერდა იანისი გერს. - შეატყვე რამენაირი ურთიერთსიმპათიები და მაგისთანა, თუ რა?
- ისე ვიკითხე. ის კაცი ძალიან გავს ერთ ჩვენს სოხუმელ მეზობელს... დაიღუპა საწყალი ომის დროს... მე კარგად არ მახსოვდა, მაგრამ ფოტოებით აღვიდგინე... კამფეტებს მჩუქნიდა სულ. - უპასუხა გუსტავმა. - ეს გამოქვაბული ამ ქალაქის აფთიაქი ყოფილა, ასე გამოდის.
- ასე გამოდის. - გამოეხმაურა მამინაცვალი და იმანაც მაყვლის ფოთლებისკენ წაიღო ხელი.
***
- ხომ კარგადა ხართ, დედა? - ტელეფონში ჩაჰყვიროდა სასტუმროს ფანჯარას მიმდგარი ქალი და თან ქვევით, მოედანზე, ცხენზე ამხედრებული მეფეთ მეფის ბრინჯაოს ქანდაკების ზურგს დასცქეროდა მაღლიდან. - იანისს უთხარი არ დალიოს. არც შენ დალიო, დედა გენაცვალოს... ჭკვიანად იყავი, ხომ იცი, საბერძნეთში მიყავხარ... არ დათვრეთ და არ გადაიჩეხოთ ქარაფებში...
***
- კლდის ჩასაჩეხი ნაწილი ექვსი ასოსგან. ვინ მეტყვის? - იკითხა ყვითელკურტკიანმა ქალმა, ქვაზე გაფენილ გაზეთებს რომ დასჩერებოდა და შოთებსა და მწვანე ხახვს შორის აღმოჩენილი კროსვორდის ამოუხსნელ ნაწილს ჩაჰკირკიტებდა.
- ჭიუხი. - შეაშველა თავლაპლაპა, ჟილეტში გამოწყობილმა მელოტმა მამაკაცმა ყვითელკურტკიანი ქალის წინ რომ იჯდა და, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მათი უფროსის, იანის ანასტასიადის გამომცდელი მზერა ოდნავადაც რომ არ აბნევდა.
- არ ჯდება, - წაიმღერასავით ქალმა. - უფრო სწორად, ერთი ასო აკლდება.
- ქარაფი. - თქვა გუსტავმა და გაიღიმა.
მოპიკნიკეებისკენ ამომავალ ბილიკზე შავლაქებიანი თეთრი ძაღლი გამოჩნდა ორი წამოზრდილი შავი ლეკვით.
- სუნი იკრეს ალბათ ქვევიდანვე. - თქვა თავლაპლაპა კაცმა, ყვითელკურტკიანი ქალის შეთვალიერებისას ვნება რომ გამოუკრთოდა თვალებში, რაც ფარმაცევტული კომპანიის დისტრიბუციის სამსახურის უფროსს, იანის ანასტასიადის შეუმჩნეველი არ რჩებოდა.
- როგორ შეიძლება! - აღშფოთდა ყვითელკურტკიანი ქალი. - რომ გადაეჩეხოს ლეკვები?
- გადაეჩეხა ალბათ უკვე და ორიღა დარჩა, - ივარაუდა თავლაპლაპამ.
- ასეთია ცხოვრება… - უფსკრულის პირას სიარული