დარეჯან კვარაცხელიას შურისძიება
დარეჯან კვარაცხელია გივი კილასონიას სახელობის იპოდრომის წინ ცხოვრობდა ქვითკირით ნაგებ ძველ მამისეულ სახლში. სახლის მეორე სართულზე ორი ოთახი ეკუთვნოდა, დანარჩენი ორი მისი სახლის მეწილემ მიითვისა. როცა ეს ამბავი მოხდა, დარეჯან კვარაცხელია სამოცდარვა წლისა იყო, ყოველ დილით მეორე სართულის აივანზე სარწეველა სავარძელში მჯდარი კითხულობდა ქალაქის ოთხგვერდიან გაზეთს (რომელიც მამაჩემს - ფოსტალიონად მუშაობდა - ზუსტად ცხრა საათზე უნდა მიერთმია) და იმ დროს იხსენებდა, როცა ახლანდელი იპოდრომის ადგილას (იპოდრომი ერქვა, თორემ გივი კილასონიას სიკვდილის მერე იქ ცხენი არავის უნახავს, ფეხბურთის სტადიონად იყო ქცეული) ზღვასა და მამისეულ სახლს შორის მოქცეულ ჭაობში ჩამხრჩვალთა სულები სტვენდნენ ღამ-ღამობით.
დარეჯან კვარაცხელიამ ოცი წლის ასაკში იხილა პირველად გივი კილასონია, როცა ის თეოფილე კვარაცხელიას სახლს მიადგა და დასალევი წყალი ითხოვა. ერთი ხნის ყოფილან ორივენი. გივი კილასონიამ დარეჯანს ჭიქაც გამოართვა, მაგრამ წყალს პირდაპირ დოქიდან დაეწაფა ცხენიდან ჩამოუსვლელად და ქალიშვილის შიშველ ფეხებს დააცქერდა. ჩამავალი მზის ფონზე ღმერთკაცს ჰგავდა. მერე გივი კილასონია ჭაობს შეეჭიდა, რომ დარეჯანზე ფიქრები ცოტათი მაინც გაექარვებინა და თავისი გულისმპყრობელის სახლის წინ იპოდრომი წამოჭიმა ტრიბუნებითურთ, რომელიც სახმარად უვარგისი აღმოჩნდა სუსტი გამაგრების გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს სამ-ნახევარი წელიწადი ელოდებოდა დარეჯან კვარაცხელია გივი კილასონიას, რომ ომიდან დაბრუნებული კავალერისტისათვის მესამედ და საბოლოოდ ეთქვა უარი ცოლად გაყოლაზე. კიდევ სამი წლის შემდეგ კი გივი კილასონია თავის აშენებულ იპოდრომზე დაიღუპა - ცხენმა დაწიხლა. ვერ მოასწრო მეოთხედ ეთხოვა ხელი დარეჯან კვარაცხელიასთვის.
დარეჯან კვარაცხელიას სახლის მეწილე, გოგი ხარაზია უცოლშვილო კაცი იყო, სამაგიეროდ, მის დას - ჟუჟუნას და სიძეს - ოტია ბენდელიანს ოთხი შვილი ჰყავდათ, ოთხივე ბიჭი. ისინი ჭაობიან ადგილებში დაძვრებოდნენ, ბაყაყებს იჭერდნენ და, ან ცოცხლად ატყავებდნენ, ან ბერავდნენ, რომ წყალში ჩაყვინთვა არ შეძლებოდათ. ბაყაყები მათ სიკვდილის წინ შიშისაგან ხელებზე აშარდავდნენ და თითებზე მეჭეჭებს უჩენდნენ.
რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი მოცალეობის ჟამს ყვავებს ხოცავდა. გოგი ხარაზია იმპერატორი არ იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავს მაინც აძლევდა უფლებას, მახათი იმპერატორულად გაეყარა სიმთვრალისას, იმ მცირე განსხვავებით, რომ შავ ყვავებს კი არა, ქათქათა, თეთრ თოლიებს ხოცავდა. თოლიების ხმა არ მოსწონდა გოგი ხარაზიას.
ოთხშაბათს დაწყებული წვიმა შაბათ დილით შეწყდა მხოლოდ. შაბათს, ნაშუადღევს, მთვრალი გოგი ხარაზია აღელვებულ ზღვას გამოქცეულ და იპოდრომს შეფარებულ ყურისწამღებად მწივანა თოლიებს ხოცავდა თავისი გრეკოვის შაშხანით და თან დისწულებსა და მეზობლების სხვა ბავშვებს უფასო გაკვეთილს გვაძლევდა ბალისტიკის სფეროდან.
- თუ როდესმე ომში მოგიწიათ ყოფნამ, იცოდეთ, რომ იმ გასროლის ხმას, რომლითაც მოკვდებით, თქვენ ვერ გაიგებთ, რადგან ტყვიის სიჩქარე მნიშვნელოვნად აღემატება ბგერის გავრცელების სიჩქარეს! - გვეუბნებოდა ის.
ჩვენი უბნის ინსპექტორი ოტია პაჭკორია რომ მოვარდა გოგისთან სახლში, დარეჯან კვარაცხელია გაზეთის მეოთხე გვერდს მისდგომოდა უკვე. კვირა დღეს მამაჩემს მისთვის გაზეთი ერთი საათით გვიან მიჰქონდა ხოლმე. ოტია ფეთიანივით შედგა შუა ეზოში, თვალები გიჟისა ჰქონდა - შუბლზე ასული; მძიმედ სუნთქავდა და ცდილობდა, სული მოეთქვა, რომ ლაპარაკი შეძლებოდა.
- გოგი სად არის? - ჰკითხა მან ჭრაჭუნა სავარძელში მჯდარ დარეჯან კვარაცხელიას (გოგი ხარაზია დარწმუნებული იყო, რომ იმ სავარძელს მეზობელი მის ჯიბრზე აჭრაჭუნებდა).
- რა მოხდა, ყმაწვილო? - მშვიდად იკითხა დარეჯანმა. გაზეთიც არ შერხევია ხელში, ცივად შესჩერებოდა სტუმარს და ელოდა, როდის მოვიდოდა უბნის ინსპექტორი გონზე და მისალმებას იკადრებდა. მაგრამ ოტიას სალმისთვის არ სცხელოდა.
- სამ წუთში აქ იქნებიან, სამმართველოდან მოდიან თოფის ამოსაღებად! - თქვა ოტია პაჭკორიამ, ადგილზევე შეტრიალდა და ჭიშკრისაკენ გაექანა კისრისტეხით. რკინის ღობეებს იქით თავი უჩანდა მხოლოდ. თავი ერთ ადგილას იყო გაჩერებული თითქოს და მხოლოდ დეკორაციებს - ამ შემთხვევაში რკინის ღობეებს – ამოძრავებდნენ თავბრუდამხვევი სისწრაფით, რადგან წარმოუდგენელი იყო, ქვეითად მოსიარულე ოტიას, რომელიც ავტომობილითაც კი ქვეითად მოსიარულეზე ოდნავ სწრაფად თუ გადაადგილდებოდა, ასეთი სიჩქარე განევითარებინა.
- რაო, რა მინდაო? - ჰკითხა თავისი ოთახიდან გამოსულმა გოგიმ მეზობელს, როცა ოტიას თავი ღობეებს იქით, მოსახვევში გაუჩინარდა. დარეჯანს მისკენ არც გაუხედავს, რადგან იცოდა, ახალგამოღვიძებული გოგი ხარაზია საცვლის ამარა თუ არა, წელს ზემოთ შიშველი მაინც იდგებოდა და არც მუცლის ფხანა დაავიწყდებოდა ჩვეულებისამებრ.
- თოფი უნდა წაგართვან... მადლობა ღმერთს, - ისე მშვიდად თქვა დარეჯან კვარაცხელიამ, თითქოს პირადად თავისთვის ნაკლებსაინტერესო ინფორმაცია ამოუკითხა გაზეთიდანო.
უნდა ითქვას, რომ თოფს გოგი ხარაზია უნებართვოდ ინახავდა. იარაღი არსად ყოფილა რეგისტრირებული, გარდა დამბეზღებელთა ანონიმური წერილებისა.