მეორე გერმანელი
1902 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში მიენიჭა გერმანელთაგან პირველს, თეოდორ მომზენს – მონუმენტური ნაშრომისათვის „რომის ისტორია“. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია: ეჭვს არ იწვევდა დიდი მეცნიერის ავტორიტეტი, მაგრამ მას მხატვრული ნაწარმოები ხომ არასოდეს დაუწერია (?!)
1908 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში მიენიჭა მეორე გერმანელს – რუდოლფ ოიკენს. ამჯერადაც, ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო არა მწერალმა, არამედ ფილოსოფოსმა.
ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თავის ეპოქაში ცნობილი, ახლა კი თითქმის მივიწყებული გერმანელი ფილოსოფოსი რუდოლფ ოიკენი დაიბადა 1846 წლის 5 იანვარს გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე აღმოსავლეთ ფრიზიის ქალაქ აურიხში. მმამამისი, ამო ბეკერ ოიკენი, საფოსტო უწყების მოხელე, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. დედა – იდა მარია გიტერმანი, მღვდლის ოჯახში გაზრდილი, განათლებული, მორწმუნე ქალბატონი ბრძანდებოდა.
ოიკენის ბავშვობის პირველი წლები ბედნიერად აიწყო, მაგრამ მოულოდნელად დიდი ტკივილი განიცადა – ჯერ პატარა ძმა დაეღუპა უეცრად, შემდეგ კი მამა. მარტო დარჩენილი დედა ყველაფერს აკეთებდა, რათა თავისი ერთადერთი შვილისთვის კარგი განათლება მიეცა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. თავად ოიკენმაც დიდი განსაცდელი გადაიტანა ბავშვობაში, მხედველობა დაკარგა, მაგრამ დედისა და ექიმების წყალობით გამოჯანმრთელდა და თვალის ჩინიც დაუბრუნდა.
ოიკენი თავიდან აურიხის გიმნაზიაში სწავლობდა, განსაკუთრებულ ინტერესს ავლენდა მათემატიკისა და მუსიკის მიმართ, მაგრამ მოგვიანებით რელიგიითა და ფილოსოფიით დაინტერესდა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გახდა გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტი და კლასიკური ფილოსოფიისა და ძველი ისტორიის შესწავლას შეუდგა.
გიოტინგენის უნივერსიტეტში მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ფილოსოფოს ჰერმან ლოტცეს ლექციებმა, თუმცა მის იდეებს არ იზიარებდა. შემდეგ იყო ბერლინის უნივერსიტეტი, აქ გაიცნო არისტოტელეს მიმდევარი ფილოსოფოსი ადოლფ ტრენდელენბურგი. პედაგოგმა სტუდენტზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი უნარით – დაემყარებინა ურთიერთკავშირი ფილოსოფიას, ისტორიასა და რელიგიას შორის. ტრენდელენბურგის იდეებმა დიდი გავლენა იქონია ოიკენის შემოქმედებაზეც. თვითონაც არისტოტელეს ფილოსოფიის მიმდევარი გახდა და თავისი დისერტაციაც ამ ბერძენი ფილოსოფოსის ენის თემაზე დაიცვა.
განათლების მიღების შემდეგ ოიკენი ოთხი წლის განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჰუზუმის, ბერლინისა და ფრანკფურტის გიმნაზიებში, შემდეგ პროფესორად მიიწვიეს ბაზელის უნივერსიტეტში, სადაც სამი წელი ასწავლიდა ფილოსოფიას. მმოწვევა მიიღო იენის უნივერსიტეტიდანაც და 1920 წლამდე ამ უნივერსიტეტის ერთგული დარჩა. იენაშიც ფილოსოფიის ლექციებს კითხულობდა, ამასთან ერთად წერდა ნაშრომებს, რომელთაც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ არა მარტო გერმანიაში, არამედ საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაშიც. იენას უკავშირდება მისი პირადი ცხოვრებაც. აქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ირენე პასო, რომელთანაც სამი შვილი ეყოლა.
გიმნაზიებში და უნივერსიტეტებში პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ოიკენი ქმნიდა და აქვეყნებდა ნაშრომებს, რომელთაგანაც უმეტესობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რამდენჯერმე გამოიცემოდა. ოიკენმა 1908 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო – „ჭეშმარიტების სერიოზულ ძიებათათვის, აზრის ყოვლისგამმსჭვალავი ძალისათვის, ფართო თვალსაწიერის, ცხოველმყოფელობისა და დამაჯერებლობისათვის, რითაც იგი იცავდა და ავითარებდა იდეალისტურ ფილოსოფიას“. პრემიის მინიჭებიდან ერთი წლის მერე ოიკენმა წაიკითხა სანობელო ლექცია „ნატურალიზმი თუ იდეალიზმი“, სადაც განაცხადა, რომ არსებობს „რწმენა ადამიანისა და ბუნების კავშირისა“, ამტკიცებდა, რომ იდეალიზმი, რომლის მიმდევარიც თავად გახლდათ, ასევე შეიცავს ამ რწმენას, თუმცა ნატურალიზმზე მაღლა დგას, რადგან კულტურაზე, ცხოვრებაზე მაღლდება და მარადიულობაში ჰპოვებს თავს“. ოოიკენს იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ბოლომდე იენის უნივერსიტეტის ერთგული დარჩა. ლექციების წასაკითხად დადიოდა ნიდერლანდებში, ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი თვე დაჰყო, ეწვია რამდენიმე უნივერსიტეტს და თეოდორ რუზველტიც გაიცნო. ჰქონდა მიწვევები იაპონიიდან და ჩინეთიდან, მაგრამ იქ წასვლა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოახერხა.
1920 წელს თავი დაანება პედაგოგიურ მოღვაწეობას და ლიტერატურულ საქმიანობას ჩაუღრმავდა. ვიტენბერგში დააარსა ლუთერანული საზოგადოება და საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 1916 წლის 5 იანვარს, ოიკენის სამოცდაათი წლისთავზე იენის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ნობელიანტი გარდაიცვალა იენაში 1926 წელს, 14 სექტემბერს. გარდაცვალების შემდეგ დაარსდა ოიკენის კავშირი და შეიქმნა „რუდოლფ ოიკენის სახლი“.
ოიკენის, როგორც ფილოსოფოსის ჩამოყალიბება ხდებოდა იმ დროს, როდესაც ფილოსოფიის დომინანტი მიმართულებები გახლდათ ნეოკანტიზმი, პოზიტივიზმი და მარქსიზმი. ოიკენი თავისი იდეებით გარიყული აღმოჩნდა იმ ფილოსოფოსებისგან, რომლებიც მეცნიერული პროგრესის, ტექნიკური მიღწევებისა და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკური კრიზისების გავლენით წარმოქმნილი იდეებისა და კონცეფციების გარშემო ერთიანდებოდნენ. ოიკენი მათ ფონზე ძველმოდური ჩანდა, რადგან განიხილავდა ფილოსოფიის კლასიკურ პრობლემებს – სულის, რელიგიის არსს და ა. შ. მისი სულიერი მასწავლებლები იყვნენ იდეალისტური ფილოსოფიის კლასიკოსები ფიხტე და პლატონი.
ოიკენის ფილოსოფიის ქვაკუთხედია სულიერი სამყაროს ავტონომიურობის, მარადიულობისა და ერთიანობის მტკიცება. მაგრამ ოიკენის მიხედვით სულის