დუბლინი - „დამბლის ცენტრი“
სემუელ ბეკეტი, ხორხე ლუის ბორხესი, სალმან რუშდი, ჯონ ჰოიერ აპდაიკი... კიდევ რამდენიმე დიდი მწერალი შეიძლება მივამატოთ იმათ ჩამონათვალს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი თავს ჯეიმზ ჯოისის „მოწაფეებად“ მიიჩნევდნენ და რომ ლიტერატურაში მათი სახელების არსებობა ჯეიმზ ჯოისის დამსახურებაა.
თუმცა, თუკი მსოფლიო ლიტერატურაზე ჯეიმზ ჯოისის გავლენაზე ვისაუბრებთ, ზემოთ ჩამოთვლილი მწერლების არგუმენტად მოყვანა იქნებ არც იყოს საჭირო, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რამდენჯერ და რამხელა ტირაჟებით არის გამოცემული ჯოისის ნაწარმოებები; ან სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებს თუ გავიხსენებთ, მაგალითად, ასეთს: ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე დიდმა გამომცემლობა „Modern Library“-მ შეადგინა „უახლესი ბიბლიოთეკის 100 საუკეთესო რომანის“ სია, რომელშიც ჯოისის სამივე რომანი შევიდა, თანაც „ულისე“ - პირველ ნომრად, ხოლო „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“ - მესამედ. „ფინეგანის სამძიმარს“ კი „მხოლოდ“ 78-ე ადგილი ერგო. სხვათა შორის, ეს რომანი (იმედია, ჩვენი გამომცემლობა მასაც შემოგთავაზებთ მომავალში) ყოველთვის იწვევდა ერთმანეთის რადიკალურად საწინააღმდეგო რეაქციას. თუნდაც ვლადიმირ ნაბოკოვის გამონათქვამი გავიხსენოთ: „...„ულისე“ გენიალური რომანია, „ფინეგანის სამძიმარი“ კი - საშინელებაა!“
კიდევ ერთი საინტერესო და ჩვენთვის, ქართველებისთვის, მნიშვნელოვანი ამბავი: ჯეიმზ ჯოისი შეიძლება ერთადერთი მწერალიც კი იყო, რომელსაც საბჭოთა პერიოდში საქართველოში უფრო იცნობდნენ, ვიდრე რუსეთში. იმ დროს, როდესაც ქართულად ბევრი წიგნი მხოლოდ რუსეთში მისი გამოსვლის შემდეგ ითარგმნებოდა, ანდა სულაც „მეორად თარგმანს“, ანუ ჯერ ორიგინალიდან რუსულად, ხოლო შემდეგ რუსულიდან ქართულად ნათარგმნს გვთავაზობდნენ (ეს განსაკუთრებით ითქმის სკანდინავიელ, პორტუგალიელ-ბრაზილიელ და „იშვიათ“ ენებზე მოღვაწე სხვა მწერლებზე), „ულისე“ და „დუბლინელები“ არცთუ ურიგო თარგმანით მიიღო ქართველმა მკითხველმა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია ჩვენში.
რუსეთში კი, როგორც აღვნიშნეთ, სხვა სიტუაცია იყო - 90-იანი წლების დასაწყისში გამოცემულ ერთ ლიტერატურულ ჟურნალში ცნობილი კრიტიკოსი, გენადი ივანოვი, წერდა: „ირლანდიელი მწერალი ჯეიმზ ჯოისი ნაკლებად არის რუსეთში ცნობილი. ის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელგანთქმული რომანი „ულისე“ (1922) მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოიცა ჩვენში წიგნად“.
ეს „ცოტა ხნის წინ“ 1989 წელი იყო და იქნებ მკითხველმა ზედმეტადაც ჩამითვალოს რუსეთსა თუ საქართველოში ჯოისის პოპულარობის შედარებისათვის ამხელა ადგილის დათმობა, მაგრამ ეს ინფორმაცია სხვა ამბისთვის დამჭირდა: საბჭოეთში ჯოისი იმთავითვე ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიურ მტრად იყო მიჩნეული და 1934 წლის ცნობილ საბჭოთა მწერალთა ყრილობაზე, იმ ყრილობაზე, სადაც „სოციალისტური რეალიზმი“ საბჭოთა ხელოვნების ოფიციალურ იდეოლოგიად გამოცხადდა, სწორედ ჯოისი და „ულისე“ იყო „მტრული ლიტერატურის“ მთავარი მაგალითი.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟურნალ „ინტერნაციონალნაია ლიტერატურაში“ გამოქვეყნებული რამდენიმე თავის სამივე მთარგმნელი (კოლექტიური თარგმანი იყო) - სტენიჩი, მირსკი და რომანოვიჩი - მხოლოდ ამის გამო დახვრიტეს 1937 წელს!
მაინც, რას ერჩოდნენ ბოლშევიკები ჯოისს? მხოლოდ იმას, რომ როგორც ზემოხსენებულ ყრილობაზე ცნობილმა იდეოლოგმა, კარლ რადეკმა, აღნიშნა, ეს იყო „რეალობიდან გაქცევა“, „ლიტერატურა ლიტერატურისთვის“, „ფორმალიზმი“ და ა. შ.
როგორც ირკვევა, ბოლშევიკებს „პირადი წყენა“ ჰქონიათ ჯოისის მიმართ: 1932 წელს მოსკოვში შექმნილმა „რევოლუციურ მწერალთა საერთაშორისო კავშირმა“ ჯოისს ასეთი შეკითხვა გაუგზავნა, წერილობით: „თქვენზე, როგორც მწერალზე, რა გავლენა მოახდინა ოქტომბრის რევოლუციამ და როგორია მისი როლი თქვენს ლიტერატურულ მუშაობაში?“, რაზეც ჯოისმა თავისი მდივნის, ყოფილი თეთრგვარდიელი ოფიცრის, სახელით მისთვის ჩვეული სარკაზმით უპასუხა: „მოწყალეო ბატონებო, მისტერ ჯოისმა მთხოვა, მადლობა გადმომეცა თქვენთვის იმ პატივისთვის, რომლის საშუალებითაც მან ინტერესით შეიტყო, რომ რუსეთში 1917 წელს რევოლუცია მომხდარა. ოღონდ საკითხის ახლოს გაცნობისას მან გაარკვია, რომ ოქტომბრის რევოლუცია აღნიშნული წლის ნოემბერში მომხდარა. მისთვის ძნელია ამ მოვლენის მნიშვნელობაზე საუბარი, მაგრამ თქვენი მდივნის ხელმოწერიდან გამომდინარე, ასკვნის, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა“, - საქმე ის იყო, რომ რუსეთიდან გაგზავნილ „წერილ-შეკითხვას“ ხელს ვინმე კავშირის მდივანი აწერდა, სამეფო გვარით - რომანოვი.
ასე რომ, „მართლები“ ყოფილან საბჭოელები, ჯოისი რომ არ უყვარდათ.
ჯოისის ბიოგრაფიასა და სხვა ინფორმაციაზე საგანგებოდ არ გავამახვილებ ყურადღებას - ძნელიც არის მცირე ფორმატში ყველაფრის თქმა და თანაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მგონია, რომ ჩვენში კარგად იცნობენ მას, ამიტომ დარჩენილ ადგილს მხოლოდ „დუბლინელებს“ დავუთმობ:
ეს არ იყო წიგნი, რომელსაც შეიძლება „იღბლიანი“ უწოდო, ანუ ისეთი, რომლითაც პირველივე გამომცემელი აღფრთოვანდება, დიდი ტირაჟით გამოსცემს და მასაც და ავტორსაც პოპულარობასა და სიმდიდრეს მოუტანს. პირიქით, ძნელია XX საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში იმდენად „ნატანჯი“ წიგნის პოვნა, როგორიც „დუბლინელებია“.
წიგნში შესული პირველი სამი მოთხრობა ჯოისმა შეკვეთით დაწერა: 1904 წლის ზაფხულში 22 წლის ჯოისს ცნობილმა პოეტმა ჯორჯ რასელმა სთხოვა, ჟურნალ „ირლანდიური მამულისათვის“ ისეთი მოთხრობების გაგზავნა, რომელიც „მკითხველს არ აღაშფოთებდა“.