წინათქმა მწერალთა უმრავლესობის მსგავსად, ირლანდიელი პროზაიკოსისა და პოეტის, მოდერნიზმის მიმდევარი ჯეიმზ ჯოისის ნაწარმოებები, ძირითადად, ავტობიოგრაფიულია, თუმცა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ჯოისის პერსონაჟები გაცილებით ტრაგიკულები, ნაკლებად წარმატებულები და სამყაროშიც ნაკლებად ადაპტირებულები არიან, ვიდრე მათი პროტოტიპი – ავტორი. მაინც ვინ და როგორი იყო ჯეიმზ ავგუსტინ ალოუზიუს ჯოისი?
მწერალი 1882 წლის 2 თებერვალს დუბლინის სამხრეთში, ჯონ ჯოისისა და მერი მაპის მრავალშვილიან კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და კარგი განათლებაც მიიღო.
15 წლის ასაკში ჯოისმა ღირებულებათა გადაფასება დაიწყო, რელიგიის სამყაროსადმი, კათოლიციზმისადმი ინტერესი დაკარგა და... საკუთარი გზა აირჩია – მხატვრის, თავისუფალი ადამიანის გზა, სადაც "ცხოვრება ყველა ასპექტით" მიაჩნდა მისაღებად. სწორედ საყოველთაო მორალის ამგვარი გამოწვევა ნაწილობრივ ასახა კიდეც რომანში "ულისე".
ჯოისი საკმაოდ პროდუქტიული მწერალია. 16 წლისას უკვე რამდენიმე ესე, პიესა და ლირიკული ლექსი ჰქონდა დაწერილი. მოკლე მოთხრობები, რომელიც მან 1904-1907 წლებში დაწერა, მოგვიანებით ერთ წიგნად გააერთიანა და კრებულს "დუბლინელები" უწოდა. წლების განმავლობაში ცდილობდა ჯოისი მის გამოცემას, მაგრამ ამაოდ. "დუბლინელებიც" და "ულისეც" ცენზურამ ოფიციალურად აკრძალა. ბოლოს და ბოლოს, 1914 წელს, "დუბლინელები" 1250-იანი ტირაჟით, დამოუკიდებელ წიგნად გამოიცა, მაგრამ მისი რეალიზება გაძნელდა: 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 379 ცალი გაიყიდა. ბრიტანელი მწერლისა და გამომცემლის – გრანტ რიჩარდისადმი 1906 წელს მიწერილ ერთ- ერთ წერილში ჯეიმზ ჯოისი "დუბლინელებზე" წერს: "მინდოდა, ჩემი ქვეყნის მორალური ისტორიის ერთი თავი დამეწერა და ავანსცენად დუბლინი ავირჩიე, რადგანაც ვფიქრობდი, რომ ე. წ. დამბლის ეპიცენტრს სწორედ ეს ქალაქი წარმოადგენდა..." მწერალს წიგნში თავმოყრილ თხუთმეტივე მოთხრობაში გასუ6 წინათქმა ლი საუკუნის დასაწყისის ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი და მისი მცხოვრებლები ცისარტყელას ფერებში სულაც არ აღუწერია. ეროვნული სიამაყით გამორჩეული ირლანდიელები კარგა ხნის განმავლობაში ვერ ჰპატიობდნენ მას ქვეყნის აუგად მოხსენიებას. მაგრამ დღეს ჯეიმზ ჯოისი ირლანდიისა და დუბლინის ერთ- ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. მაინც როგორი იყო ჯოისისეული ირლანდია და დუბლინი, ამას იგი "დუბლინელებში" გვიამბობს.
ეს კრებული მწერალმა ლოგიკური სქემით ააგო: სამი მოთხრობა ბავშვობაზე; ოთხი – ყრმობაზე; ოთხი – მოწიფულ ასაკზე და ოთხიც – საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ამ თანამიმდევრული აღწერით ჯოისი თითქოს გვიჩვენებს პიროვნების ჩამოყალიბების გზას კათოლიკურ დუბლინში და მოთხრობების პერსონაჟებს შორის მთხრობელი ერთადერთია, ვინც ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი თვალსაზრისით რეალურად იცვლება, იზრდება.
ჩვენ მიერ წარმოდგენილ წიგნში ჯეიმზ ჯოისის "დუბლინელების" ორი მოთხრობა შევიტანეთ. ერთი მათგანი – "ასლები" მოწიფულობაზე დაწერილ მოთხრობათა ჯგუფს მიეკუთვნება, მეორე – "დედა" კი – საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დაწერილის. "ასლების" მკითხველი გაოცებულია, რომ მოთხრობაში მთავარი გმირის სულიერ სამყაროზე მინიშნებასაც კი ვერსად პოულობს. თხრობის ლაკონიური და მშრალი სტილით ნაწარმოები ჯოისის "ყრმობის" ჯგუფის ერთ- ერთ მოთხრობას, "პანსიონატს" მოგვაგონებს – მასში პირადი ცხოვრება "საკანცელარიო ენითაა" გადმოცემული. "ასლების" თავისებურება ისიცაა, რომ აქ მთავარი გმირის სახელს მთხრობლისგან კი არ ვიგებთ, არამედ – დიალოგით. მსგავსი რამ ჯოისის სხვა მოთხრობებშიც გვხვდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მწერალი ყველგან ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს ერთსა და იმავე ხერხს. იგი გამოყენებულ მეთოდებს ახლებურად ათამაშებს და მისი თითოეული ნაწარმოებიც ახალ- ახალ მასალაზე შექმნილი ექსპერიმენტია. ისიც აღსანიშნავია, რომ მთხრობლის გარდა, ყველა პერსონაჟი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ნაწარმოების თავისებურებების მოკლე მიმოხილვის შემდეგ ნელ- ნელა იკვეთება მთხრობლის სახეც. მოთხრობა "ასლების" ტექსტი ერთ ადამიანზე დაკვირვების ანგარიშს წააგავს: ეს გახლავთ დეტექტივის ფსევდოანგარიში, თუ როგორ გაატარა ბატონმა ფერინგთონმა დღე. მთხრობელმა უცებ მოისურვა, გამხდარიყო დეტექტივი და ახლა შესრულებული სამუშაოს ანგარიშს წერს. მას გმირის არც გრძნობები აინტერესებს, არც ფიქრები, არც მოტივაცია, იგი მხოლოდ იმას 7 წინათქმა გადმოსცემს, რაც დაინახა, გაიგონა და შეამჩნია. ამიტომაც არ იყენებს გმირის მოსახსენიებლად, ჩვეულებისამებრ, მამაკაცის მესამე პირის ნაცვალსახელს "ის" (He)) და მის ნაცვლად წერს დეტექტივების ანგარიშებისთვის დამახასიათებელ ზოგად სიტყვას – "კაცი" (მან). სწორედ ამით აიხსნება მოთხრობის ტექსტის საკანცელარიო სტილიც... დარწმუნებულნი ვართ, "ასლებს" გულისყურით წაიკითხავთ და წაკითხვისთანავე წიგნსაც არ დახურავთ, რადგან იქვე ჯოისის კიდევ ერთი მოთხრობა – "დედა" გელოდებათ.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მწერალმა "დედა" "დუბლინელების" საზოგადოებრივ ცხოვრებაზე შექმნილი მოთხრობების ჯგუფს მიაკუთვნა. აქაც აშკარაა, რომ მკითხველისთვის მასალის სხვადასხვა ფორმით მიწოდების ჯოისისეული ექსპერიმენტები გრძელდება. მოთხრობაში მოქმედება ერთი ადგილის – საკონცერტო დარბაზის ირგვლივ ვითარდება. როგორც ჩანს, მთხრობელს ერთი ადამიანის შესწავლა მოჰბეზრდა და ახალი გასართობი მოიფიქრა: ამჯერად კონკრეტული დაწესებულების შესახებ გვიამბობს. საკონცერტო დარბაზში მომხდარი სკანდალი ისე დააინტერესებს მას, თავს კვლავ