სამი მეგობარი ანუ დაუჯერებელი ამბავი
ბიჭები ჯარში მიდიოდნენ...
თითქოს ცა ჩამოიქცაო, ისე წვიმდა მაისის იმ დღეს თბილისში. ჯარისკაცებიან-გამცილებლებიანად ყველა გაილუმპა. ის ქალებიც, რომელთა ხელჩანთებიდან იაპონური ქოლგის ტარებს ამოეყოთ თავი. ახლა ამ ქოლგებისთვის არავის ეცალა, არც წვიმისთვის. არადა, არც ისე ცოტანი იყვნენ. სამ ახალწვეულს ოცდაათამდე გულშემატკივარი აცილებდა - ბებიებიდან დაწყებული შეყვარებულებით დამთავრებული. თუმცა არა, მთლად ასეც არ იყო; იმ სამიდან ერთ-ერთისთვის უმთავრესი ახლა ჯარისკაცის მაზარა გახლდათ. „ნო ა დევუშკი, ნო ა დევუშკი - პატომ!..“ - წაიმღერებდა ხოლმე იმ დროს საკმაოდ პოპულარული რუსული სიმღერის სტრიქონებს.
და იყო აეროპორტში ერთი ორომტრიალი და გადაძახილი, ცრემლების ღვრა და ნაძალადევი სიცილი.
ბიჭები ჯარში მიდიოდნენ...
თვითონაც არ ახსოვთ, როდის ან როგორ დაიწყო მათი მეგობრობა. ახლა უერთმანეთოდ არსებობა ვერც წარმოედგინათ. რაც თავი ახსოვდათ, სულ ერთად იყვნენ. ერთ უბანში, ერთ ეზოში გაიზარდნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, უნივერსიტეტშიც ერთად აბარებდნენ.
ზაზა სხირტლაძე იურიდიულზე ჩაირიცხა, დაუსწრებელ ფაკულტეტზე, დათო მიმინოშვილი - ეკონომიკურზე, ოღონდ დღის დასწრებულზე ვერც ის მოხვდა და საღამოზე სწავლობდა, ლევან ბახტაძეს კი საერთოდ არ გაუმართლა - ეკონომიკურზე ორი ქულა დააკლდა და საავიაციო ქარხანაში დაიწყო მუშაობა სტაჟის მოსაგროვებლად. რაკი უნივერსიტეტში დაუსწრებელ და საღამოს ფაკულტეტებზე სამხედრო სწავლება არ იყო, ზაზას და დათოს გაზაფხულზე სამხედრო კომისარიატიდან ჯარში გაწვევის უწყება მიუვიდათ. ლევანს საავიაციო ქარხანაში სამხედრო ჯავშანი იცავდა, მაგრამ სადაც ჩემი ძმაკაცები, მეც იქო და კომისარიატში მოხალისედ გამოცხადდა.
ასე რომ, ახლა სამივე ერთ ტაფაში იწვოდა.
ზაზას თათია რატიანისთვის ჩაეჭიდა ხელი და რაღაცას გაცხარებული უმტკიცებდა. დროდადრო აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედავდა, ხომ არავინ გვიყურებსო და გოგონას ლოყაზე აკოცებდა. ისედაც ფერმკრთალ თათიას სულ დაჰკარგოდა ფერი, ბეღურასავით აბუზულიყო და ცრემლს უკვე აღარ მალავდა.
დაწინწკლული ქოლგის ქვეშ განცალკევებით იდგა ქეთი თავაძე და დროდადრო თუ გაიხედავდა დათოსკენ, რომელიც ახლა თავს ისე აჩვენებდა, იფიქრებდით, ამ გოგონას არც კი იცნობსო. აშკარა იყო, მათ შორის შავ კატას გაერბინა.
სადგურზე მისულმა ქეთიმ კიდევ ერთხელ უსაყვედურა დათოს, შენი ძმაკაცების გარდა არავინ გახსოვს და როგორც ჩანს, არც არავინ გინდაო. ასე რომ არ იყოს, მამაშენს, სამშენებლო ტრესტის მმართველს, შენი ჯარიდან დახსნა თავისუფლად შეეძლო, სექტემბერში კიდევ დღის ფაკულტეტზე გადახვიდოდი და საერთოდაც თავისუფალი იქნებოდი სამხედრო სამსახურიდანო. მაგრამ შენ ხომ ზაზას და ლევანს ვერ უღალატებდი! ჰოდა, რაც აწი მოხდეს, შენს თავს და შენს ძვირფას ძმაკაცებს დააბრალეო!..
- რა, გათხოვებას ხომ არ აპირებ ჩემს ჩამოსვლამდე?.. - ისე ჩასჩურჩულა დათომ, სხვებს რომ არ გაეგონათ.
ქეთიმ პასუხს ოსტატურად აარიდა თავი, ქოლგა მოხერხებულად მიუმარჯვა თავსხმას და მოშორებით დადგა.
დათო ცდილობდა აეხსნა, რომ ორი წელიწადი ნამდვილი სიყვარულისთვის არაფერია და რომ მეგობრებს ვერაფრით უღალატებდა; უთხრა, რომ მათ, ვისაც მეგობრობა არ შეუძლიათ, არც სიყვარული ეხერხებათ მაინცდამაინც, და რომ ეს ორი წელიწადი საუკეთესო დრო იქნება მათი სიყვარულის გამოსაცდელად. მაინც ვერაფერი შეასმინა; იდგა გაქვავებული და იმაზე ფიქრობდა ქეთი, როგორ გასცლოდა აქაურობას.
რეისი „თბილისი-ტაშკენტი“ დღის სამ საათზე მიფრინავდა. საათ-ნახევრით ადრე ახალწვეულები გვარების მიხედვით გამოიძახეს. იმატა ემოციურმა გადაძახილებმა, ცრემლმა... თათია და ზაზა ძლივს დააშორეს ერთმანეთს, ქეთის კი დათოსკენ აღარც გაუხედავს, ჩქარი ნაბიჯით გამობრუნდა. ის-ის იყო, თვალს უნდა მიფარებოდა, რომ ლევანი წამოეწია და უკან სირბილით გამოაქანა.
- ქეთი, ახლა რომ დათოს არ აკოცო და თბილად არ გამოემშვიდობო, ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლება! ბიჭი ჯარში მიდის, შენ კიდევ სტოიკებს უჭერ? ახლა ან აკოცებ, ან იმას გამაკეთებინებ, რაც ცხოვრებაში არ მიქნია!..
- მაინც რას იზამ? - არ შეეპუა ქეთი.
- რას და... - ჯერ დაიბნა ლევანი, მერე კი გაცეცხლებულმა კბილებში გამოცრა, - მოდი რა, ნუ შემაგინებინებ!
- ჰო, კარგი, ხელი მაინც გამიშვი! ხომ ხედავ, მოვდივარ... ნამდვილი მხეცი ხარ, რა უნდა გელაპარაკო!.. ისე, იცოდე, ეს კოცნა შენს ძმაკაცს ვერაფერს უშველის! - და ქეთი ამაოდ ცდილობდა, ლევანის ღონიერი ხელი მოეშორებინა, მარწუხივით რომ ჩაფრენოდა მკლავში.
დათო ემოციებისგან ისე იყო გასავათებული, ვერც კი შენიშნა საყვარელი გოგონას ნაძალადევი კოცნის სიცივე. დიდხანს ვერ გაიმეტა მკერდში ჩაკრული ქეთი, გამუდმებით კოცნიდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა: ხშირად მომწერე, იცოდე, ძალიან მომენატრებიო.
...იმ დღეს 100 ახალწვეული ჩაფრინდა თბილისიდან ტაშკენტში. აეროპორტში ორი ძარიანი ავტომანქანა ელოდათ. ისევ გვარებით გამოიძახეს ბიჭები და ნანადირევივით შუაზე გაყვეს. ორმოცდაათ-ორმოცდაათი ახალწვეული მეთაურებთან ერთად ლიფსიტებივით მიეწყო ძარაზე და