სხვათა ცოდვები
მოთხრობას საფუძვლად ნამდვილი
ამბავი დაედო. პერსონაჟების გვარ-სახელები
და მოქმედების ადგილი შეცვლილია...
- არ გახსოვართ? - ცივი, უსიამოვნო ხმით იკითხა შუახნის ჭროღათვალება ქალმა, ჭიშკართან რომ მოჩვენებასავით იდგა და ზარის ღილაკისთვის თითის აღება ვერ მოეფიქრებინა.
- ზარს ნუღარ რეკავთ, ქალბატონო! უკვე გავიგე, რომ სტუმარი გვყავს. შემობრძანდით შინ, დაღლილი ჩანხართ... - ღიმილი ვერ შეიკავა სასიამოვნო გარეგნობის მასპინძელმა ქალმა და ჭიშკარი გააღო.
- არა, შინ ვერ შემოვალ! აგერ, ეზოში დავსხდეთ, - ძელსკამისკენ გაიხედა მოსულმა.
- რას ამბობთ, ცივა უკვე, დეკემბერია! შინ შემობრძანდით, ბუხარიც მინთია და გაზის გამათბობელიც... შეცივებულიც ჩანხართ... ცხელ ჩაის დაგალევინებთ, ყავაც მაქვს, ნამცხვარიც... - თან ეპატიჟებოდა და თან ფიქრობდა, ღმერთო, გამახსენე, საიდან მეცნობა ეს ქალიო, მაგრამ ვერაფრით გაეხსენებინა.
- სახლში ვინ არის? - იჭვიანად იკითხა უცნობმა.
- ჩემი მეუღლეა, მაგრამ არა მგონია, ხელი შეგვიშალოს. თანაც, თანაც ალბათ დასამალი არაფერი უნდა იყოს...
- არა, მაინც აქ მირჩევნია!..
- კი, ბატონო! რადგან არ იშლით... მაგრამ სკამი რომ სველია?
- არა უშავს! - და უცნობი ძელსკამზე მოწყვეტით დაეშვა.
სხვა რა გზა ჰქონდა, თინაც შორიახლოს ჩამოუჯდა. თან ცნობისმოყვარეობა სტანჯავდა, ამ დილაადრიან რამ მოიყვანა ეს ვიღაც შერეკილი ქალი ჩემთანო.
- მე თქვენს შვილზე მინდა გელაპარაკოთ! - პირდაპირ დაიწყო უცნობმა.
- თემოზე? კი მაგრამ, რა მოუვიდა ჩემს ბიჭს?! თბილისშია, მივლინებაში, ხვალ ველოდები. მითხარით, ქალბატონო, არაფერი დამიმალოთ... - თხელ ხალათში დეკემბრის სუსხს ვეღარც გრძნობდა.
- არა, თქვენს ქალიშვილზე უნდა გელაპარაკოთ! - ცის დასალიერს გაუშტერა ჭროღა თვალები სტუმარმა.
- თეაკოზე? ვაიმე, დედა მოუკვდეს, ფეხმძიმედაა, ორ თვეში დედა გახდება, ცუდად ხომ არ არის? თქვენ საიდან იცნობთ ჩემს თეაკოს... - ენა დაება თინას.
- არა, არც თეაკოზე უნდა გელაპარაკოთ! - ისევ ცის დასალიერს მიშტერებოდა უცნობი.
- მაპატიეთ, მაგრამ ვიღაცაში გეშლებით, ქალბატონო... - ჩურჩულზე გადავიდა თინა.
- არ მეშლებით! თქვენ ხომ თინათინ ლომსაძე ხართ, ვახტანგ გეგიძის მეუღლე!
- დიახ, თინათინ ლომსაძე ვარ! ჩემი ქმარიც ვახტანგ გეგიძეა! - უაზროდ იმეორებდა, - მაგრამ მე მხოლოდ ორი შვილი მყავს, ქალბატონო, თემური და თეა...
- მე თქვენს პირველ შვილზე უნდა გელაპარაკოთ...
- პირველ შვილზე?! ჩემს სახელდაურქმეველ გოგონაზე? დაბადებისთანავე რომ მომიკვდა და ბაბუამისის გულზე რომ დავმარხეთ? რა უნდა მითხრათ, ქალბატონო? უკაცრავად და... ნათელმხილველი ხართ? - მღელვარებისა და სიცივისგან ერთიანად ცახცახებდა თინა.
- ჰო, თქვენს სახელდაურქმეველ გოგონაზე უნდა გელაპარაკოთ. მარიამი უნდა დავარქვაო, რომ ამბობდით... თქვენი გოგონასთვის მარიამი არ დაურქმევიათ. მას... მას... - აღარ გააგრძელა.
- მაგრამ ის ხომ მომიკვდა, ქალბატონო!.. ის ხომ ჩემი ხელით გამოვაწყვე ვარდისფერმაქმანიან ულამაზეს კაბაში და ჩემი მიწადასაყრელი ხელითვე გავახვიე შავ, პრიალა სუდარაში... მერე პატარა კუბოში ჩავაწვინე ჩემი პატარა გოგო, სულ ერთი ბეწო, ნამცეცა კუბოში... - ცრემლებმა თვალები აუწვეს შვილმკვდარ დედას.
მოულოდნელად კი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, თინამ იკითხა:
- მოიცათ, თქვენ საიდან იცით, ქალბატონო, რომ ჩემი გოგონასთვის მარიამი უნდა დამერქმია?!
- თქვენი გოგონა ცოცხალია! - ისევ ისე ცას მიშტერებოდა ჭროღათვალება ქალი.
- რააა?! რას ამბობთ, ქალბატონო! - ამ სიტყვებს თითქოს გულიც ამოაყოლა თინამ.
- ჰო, თქვენი გოგონა ცოცხალია! თქვენი გოგონა ცოცხალია! - გაზეპირებულივით იმეორებდა ყინულის ქალი.
- აბა, მე ვინ დავმარხე და ვის დავტირი მთელი 30 წელიწადია?! - იმ ყინულის ქალივით ცას გაუშტერა თვალი თინამ.
- სხვისი შვილი დამარხეთ და სხვის შვილს გლოვობთ...
თინას თვალთ დაუბნელდა...
* * *
როცა თვალი გაახილა, მისაღებ ოთახში, ტახტზე იწვა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. წიფლის მოზრდილი ნაპობებიდან ავარდნილი ალი ცაში აჭრას ლამობდა თითქოს.
აქ რატომ მძინავსო, - გაიფიქრა და...
უჩვეულო სიჩუმე ეუცხოვა. მიმოიხედა, ელდა ეცა. ნახევარი სამეზობლო თავზე ადგა და გაფაჩუნებასაც ვერავინ ბედავდა. ვახტანგი გამტკნარებული იდგა ბუხართან და ცეცხლის ალს მიშტერებოდა.
- რა ხდება, ხალხო, გამაგებინეთ, ხომ მშვიდობაა ჩემს თავს?! ჩემს შვილებს ხომ არაფერი დაემართა?! ხომ არ დავივსე და დავიდაგე! - დამფრთხლმა იკითხა.
- შენს შვილებს რა უჭირს, შენ რა მოგივიდა, თინა, აღარ იტყვი? - ცოლთან მიახლოებას ვერ ბედავდა ვახტანგი.
- ის ქალი სად არის?! - წამოიყვირა და ადგომა სცადა.
- იწექი, თინიკო, ცოტა ხანს კიდევ იყავი საწოლში, ძალა მოიკრიბე... - ეს მეზობლის ახალგაზრდა ქალი იყო, ექიმი, რომელიც