წიგნი I ალდენორი
პროლოგი
...ჩამავალი მზის კიდევ ერთ სხივს მისწვდა აიონი, მშვილდი მოზიდა და ისიც პირდაპირ გულის ფიცარზე მოახვედრა მის წინ, წყვდიადში, ლანდად გამოჩენილ შაოსანს.
სინათლე ცოტა ხანს კიაფობდა მკერდზე, მერე ბჟუტავდა, ბოლოს ჩაქრა.
ისევ ცეცხლის მორევში გაეხვია. გაწითლდა, გავარვარდა აიონის ჯავშანი.
მალევე დაიბრუნა პირვანდელი ელვარება. ქაოსის პირველყოფილი ცეცხლიც ვერ ვნებდა აგელონის მიერ მასში გამოჭედილ საჭურველს.
აიონმა მოელვარე ჯავშანი მოიხსნა. მუზარადიც მოიხადა. პირველი დღის ცის ფერი თვალებით დშეხედა მოსისხლე მტრად ქცეულ ტყუპისცალს, დაეღლილი მზერით.
– სად არის შენი ძალუმი მკლავები, აიონ?! სად არის შენი განიერი მხარ-ბეჭი?! სად არის ჩვენი მზისფერი თმა?! – გონებაში ხაოდა აგელონი, ტყუპებს სიტყვების გარეშეც ესმოდათ ერთმანეთის. შაოსანი მოხრილ მხრებს და მობოშებულ მკლავებს ხედავდა გაცრეცილი მოსასხამიდან. ბევრგან თმაგაცვენილ თავსაც. დასუსტებული აიონი მძიმედ სუნთქავდა.
– აიონ, თუ შენ აქედან გახვალ, პირველქმნილები შენია.
სინათლისმპყრობელი ნახევრად შემოტრიალდა და გასასვლელს შეხედა. თორმეტი ნაბიჯი აშორებდა. მიხვდა, ვერ მოასწრებდა თორმეტი ნაბიჯის გადადგმას. აგელონიც უმალვე მიხვდა.
– მაინც მე გავიმარჯვე! – წყვდიადის ფრთები გაშალა აგელონმა. შორს წვრილ ალისფერ ზოლად მოჩანდა მომაკვდავი მზე. სინათლისმპყრობელი შებარბაცდა და კბილები გააღრჭიალა. ძლივს შეიმაგრა თავი.
შიშხინებდნენ მისი შეთხელებული თმა, ხრჩოლავდნენ დამწვარი თვალები. მეოთხე ნაბიჯზე შეტორტმანდა, მეხუთეზე ცალ მუხლზე დაეშვა, მეექვსეზე დაეცა. დახრუკული თითებით ჩაებღაუჭა ქვებს, კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია და გახევდა.
აგელონმა ფეხით გადმოაბრუნა ალმოდებული ჩონჩხი, ერთხანს უცქირა და ალისფერი ზოლისკენ გაიხედა. სრული წყვდიადი დახვდა. მძლავრი ფრთები შეარხია გამარჯვებულმა.
„სინათლის გაცემა აქცევს მზეს მზედ“, ჩაესმა უეცრად. შორს, მყინვარებში თითქოს მინები ჩაილეწა. პირველმა პირველქმნილმა თვალები გაახილა.
შაოსანმა დაიღრიალა და ფრთები მოეკეცა.
მშვიდობისმყოფელის სიზმარი