თავი 1
–ეი, ვინ არის მანდ? არტიომ, ნახე, ერთი, რა ხდება!
კოცონთან ჩაცუცქული არტიომი უხალისოდ წამოდგა, ზურგზე გადაგდებული ავტომატი მკერდზე გადმოიტანა და ჩაბნელებული გვირაბისაკენ წავიდა. განათებული ადგილის კიდეს რომ მიაღწია, შეჩერდა, ჩახმახს დემონსტრაციულად გამოჰკრა ხელი და ხრინწიანად დაიყვირა:
–სდექ! პაროლი!
უცნაური შარიშური და გაურკვეველი ბგერები, გვირაბიდან რომ მოისმოდა, აჩქარებული ნაბიჯების ხმამ შეცვალა. არტიომის ხრინწიანი შეძახილით და იარაღის ჟღარუნით შეშინებული დაუპატიჟებელი სტუმარი უკან იხევდა და მალე გვირაბში გაუჩინარდა.
არტიომი სასწრაფოდ დაბრუნდა კოცონთან.
–არ მოგვჩვენებია,– მიუგო მან პიოტრ ანდრეევიჩს,– ვინაობა არ გაამხილა, გაიქცა.
–აი, შე დოყლაპია! ათასჯერ გითხრეს: თუ არ გპასუხობს, უნდა ესროლო და მორჩა! რა იცი, ვინ იყო?! ხომ შეიძლება, შავები ყოფილიყვნენ?!
–არა... საერთოდ არ ჰგავდა ადამიანს. ძალიან უცნაური ხმები იყო, ნაბიჯებიც– რაღაც არაადამიანური... ადამიანის ნაბიჯებს ვერ ვცნობ თუ რა? შავები არასოდეს გარბიან ასე. თქვენც ხომ კარგად იცით, ამ ბოლო დროს ისინი გუშაგებსაც კი ესხმიან თავს უიარაღოდ და ტყვიამფრქვევსაც არ უშინდებიან, ეს კი მაშინვე გაიქცა... ვიღაც ქვეშაფსია იყო...
–ჰო, კარგი, ჭკუისკოლოფო! ინსტრუქცია ხომ გაქვს? ჰოდა, იმოქმედე იმის მიხედვით და ნუ მიედ-მოედები! რა იცი, რომ მზვერავი არ იყო? ნახა, რომ აქ ცოტანი ვართ, მიიტანს ამბავს და შემოგვიტევენ აღმატებული ძალებით... ახლა რომ ყველას ყელი გამოგვჭრან, როგორც ეს „პოლეჟაევსკოეზე“ მოხდა იმიტომ, რომ დროზე არ ჩააძაღლე ის გველის წიწილი, სად მიდიხარ მერე? იცოდე, კიდევ მოიქცევი ასე და მოგიწევს გვირაბში ამათი დევნა!
არტიომმა წარმოიდგინა გვირაბი, ის, რაც ხუთასი მეტრის იქით იწყებოდა, და შეიშმუშნა. ჩრდილოეთის მიმართულებით ამ სიშორეზე ვერავინ ბედავდა შესვლას. პატრული მხოლოდ სამას მეტრზე შედიოდა, დრეზინის პროჟექტორით ანათებდა სასაზღვრო ბოძს, დარწმუნდებოდა, რომ არავინ გადმოცოცებულა იმის აქეთ და სასწრაფოდ უკან ბრუნდებოდა. მზვერავები კი– ყოფილი საზღვაო ქვეითები– ოთხას ოთხმოც მეტრამდე მიდიოდნენ. ნიშნულს რომ მიაღწევდნენ, ცეცხლმოკიდებულ სიგარეტებს სახელოებში მალავდნენ და ღამის ხედვის ხელსაწყოებით ერთხანს აკვირდებოდნენ გვირაბს, მერე კი ნელ-ნელა, ფეხაკრეფით იხევდნენ უკან ისე, რომ შავ ჯურღმულს თვალს არ აცილებდნენ.
ეს საგუშაგო სასაზღვრო ბოძიდან ორმოცდაათ მეტრში იყო. საზღვარს დღეში ერთხელ ამოწმებდნენ. შემოწმება რამდენიმე საათის წინ დამთავრებულიყო და უწმინდურები, რომლებიც, შესაძლოა, პატრულმა დააფრთხო, ალბათ ისევ უახლოვდებოდნენ მათ პოსტს. ოჰ, როგორ იზიდავდა კოცონის ალი და ადამიანების სიახლოვე!
არტიომი დაჯდა თავის ადგილას და იკითხა:
–და მაინც, რა მოხდა „პოლეჟაევსკოეზე“?
მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცოდა ეს ამბავი, რადგან სადგურზე მოვაჭრეებმა უამბეს, მაინც კიდევ უნდოდა
მოესმინა. პატარა ბავშვივით იზიდავდა უთავო მუტანტებისა და ადამიანების გამტაცებელი ვამპირების შესახებ საშინელი ზღაპრების მოსმენა.
–„პოლეჟაევსკოეზე“? რა, არ გაგიგია? დაუჯერებელი ამბავი შეემთხვათ და თანაც– საშინელი. ჯერ რამდენიმე მზვერავი დაეკარგათ. შედიოდნენ გვირაბში და აღარ ბრუნდებოდნენ... მართალია, მათი მზვერავები, ჩვენებისგან განსხვავებით, ახალბედები არიან, მაგრამ მათი სადგურიც ჩვენსაზე პატარაა და ხალხიც ნაკლები ცხოვრობს იქ... უფრო სწორად, ცხოვრობდა. ჰოდა, მზვერავები იკარგებოდნენ. წავიდა ერთი რაზმი და გაქრა. ჯერ იფიქრეს, რომ რაღაცამ შეაფერხა ისინი. ის გვირაბი ჩვენი გვირაბივით მიხვეულ-მოხვეულია, ამიტომ ვერც საგუშაგოდან, ვერც მით უმეტეს სადგურიდან ხედავდნენ რამეს. გავიდა ნახევარი საათი, ერთი საათი, ორი... სად უნდა გამქრალიყვნენ? ჯერ ერთი, მათ აკრძალული ჰქონდათ ერთ კილომეტრზე უფრო შორს წასვლა, მეორეც, სულელები ხომ არ იყვნენ? ბოლოს, გააგზავნეს გაძლიერებული საგუშაგო ჯგუფი. გუშაგებმაც ეძებეს, იყვირეს– სულ ამაოდ. ვერავინ გაიგო, რა დაემართათ და რაც კიდევ უარესია, არავის არაფერი გაუგონია; კვალიც არ დარჩენილა...
არტიომი უკვე ნანობდა, რომ სთხოვა პიოტრ ანდრეევიჩს ამ ამბის მოყოლა. ჩანდა, მან გაცილებით მეტი იცოდა ამის შესახებ, ვიდრე ვაჭრებმა, ან ზოგ რამეს იგონებდა კიდეც. მეთაური თხრობას განაგრძობდა, არტიომი კი გრძნობდა, როგორ უდგებოდა ნელ-ნელა ყალყზე თმა, კოცონის ცეცხლი სულაც აღარ ქმნიდა ისეთ სიმყუდროვეს, როგორსაც რამდენიმე წუთის წინ, გვირაბის შავი ხვრელი კი თითქოს უფრო მოახლოებულიყო და იქიდან გამოსული ავის მომასწავებელი ხმები ახალგაზრდა კაცს გონებას უფორიაქებდა.
–ჰოდა, ასე, სროლის ხმა არავის გაუგონია, ამიტომ გუშაგებმა გადაწყვიტეს, რომ მზვერავები რაღაცაზე განაწყენდნენ და გაიქცნენ; იფიქრეს– ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რახან იოლი ცხოვრება უნდათ, ანარქისტებთან და ათასნაირ ნაყარნუყართან ჩახუტება, დაე, წავიდნენო. ასე დაიმშვიდეს თავი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მზვერავების მეორე ჯგუფი გაუჩინარდა– ისევ ისე! ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. აი, მაშინ კი შეშფოთდნენ სადგურზე და მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა ეღონათ. ამიტომ მესამასე მეტრზე კორდონი აღმართეს. ქვიშიანი