თავი 1 - აქ მოსკოვია
– არა, არტიომ, არ შეიძლება.
– გააღე-მეთქი!
– სადგურის უფროსმა ბრძანა, არავინ გაუშვათო.
– იდიოტი გგონივარ? როგორ თუ არავინ?!
– ბრძანება მაქვს. სადგურის დაცვის მიზნით... დასხივებისგან დასაცავად... არ უნდა გავაღო. ბრძანება მაქვს, გესმის?!
– სუხოიმ გიბრძანა? ჩემმა მამინაცვალმა? გააღე, მიდი!
– შენ ნაცვლად მე მომხვდება, არტიომ.
– მაშინ თავად გავაღებ.
– ალო, სანსეიჩ... დიახ, პოსტზე... აქ თქვენი არტიომია... მე რაღა ვქნა? კარგი, გელოდებით.
– დამაბეზღე, ხომ? ყოჩაღ, ნიკიცკა. მაბეზღარა! გაეთრიე! მაინც გავაღებ, მაინც წავალ!
ჯიხურიდან კიდევ ორი დარაჯი გამოვარდა, არტიომსა და კარს შორის ჩადგნენ და მორიდებით ჰკრეს ხელი. არტიომი ძალიან დაღლილი ჩანდა, თვალის უპეები ჩაშავებოდა, წინა დღეს ზემოთ ასვლის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მომჯობინებულიყო – დარაჯებს ვერ უმკლავდებოდა, თუმცა მასთან ჩხუბს არც არავინ აპირებდა. მალე ცნობისმოყვარეებმა მოიყარეს თავი – ტურტლიანმა ბიჭებმა შუშასავით გამჭვირვალე თმით, გაფუებულმა დიასახლისებმა გაყინულ წყალში რეცხვისგან დალურჯებული და გაუხეშებული ხელებით, დაღლილმა ფერმერებმა მარჯვენა გვირაბიდან... ჩურჩულებდნენ და არტიომს მიშტერებოდნენ, ეშმაკმა უწყის, სახეზე რა ეწერათ.
– სულ დადის და დადის. რას დადის?
– თან ყოველ ჯერზე კარი იღება. იქიდან კი, ზემოდან, სხვათა შორის, უბერავს. წყეული!...
– მისმინე, მასზე ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ასეა თუ ისე, ყველა გადაგვარჩინა. შენი შვილებიც.
– კი ბატონო, გადაგვარჩინა, მაგრამ რისთვის? ამისთვის? თვითონაც რენტგენით იყორავს მუცელს და ჩვენც...
– ნეტა იქ რა ჯანდაბა დარჩენია? რამე მაინც იყოს...
უცებ ბრბოში მთავარი სახე გამოიკვეთა – მოუვლელი ულვაში, ჭაღარა და გამელოტებული კინკრიხოს დასაფარად უკან გადაყრილი სველი თმა; სახე – სწორხაზოვანი, არავითარი სიმრგვალე; სხვა დანარჩენიც ყველაფერი უხეში, თითქოს ცოცხლად გაახმესო. ხმაც ასეთი ჰქონდა – გამომშრალი.
– დაიშალეთ! გასაგებია?
– სუხოი მოვიდა. ჰოდა მიხედოს.
– ძია საშა...
– ისევ შენ, არტიომ? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ...
– გააღე, ძია საშა...
– დაიშალეთ-მეთქი, ვის ვუთხარი?! სანახავი არაფერია! შენ კი წამომყევი.
მოთხოვნის პასუხად არტიომი გრანიტის ცივ, გაპრიალებულ იატაკზე დაჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო.
– საკმარისია, – უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით ანიშნა სუხოიმ, – ხალხი ისედაც გაღიზიანებულია.
– უნდა ავიდე.
– რისთვის? იქ არაფერია!
– ხომ გითხარი, ძია საშა...
– ნიკიტა, რა პირი დაგიღია? მიდი, ხალხი აქაურობას მოაშორე.
– არის, სანსეიჩ! აბა, ვის უნდა მოსაწვევი? გაინძერით! გაინძერით! – შეუტია შეკრებილებს ნიკიცკამ და გასასვლელისკენ უბიძგა.
– კი, სისულელეს მეუბნებოდი. მისმინე, – სუხოი მოლბა, ამოიოხრა და მოღუშული არტიომის გვერდით დაეშვა, – თავს იკლავ. გგონია, კოსტიუმი დაგიცავს? გინდა ეგ გცმია და გინდა ჩითის კაბა.
– და რა?
– სტალკერებიც კი არ ადიან ასე ხშირად. დაგითვლია, რა დოზა გაქვს მიღებული? სიცოცხლე მოგბეზრდა?
– დარწმუნებული ვარ, მართლა გავიგონე...
– მე კი მგონია, რომ მოგეჩვენა. იქ სიგნალის მომცემი აღარავინაა. არავინ, არტიომ! რამდენჯერ უნდა გითხრა?! აღარავინ დარჩა. აღარაფერი, მოსკოვის გარდა. და ჩვენ აქ!..
– არ მჯერა.
– რა ჩემი საქმეა, გჯერა თუ არა? თმა რომ დაგცვივდება და ფსელს სისხლს გააყოლებ, აი, ესაა ჩემი საქმე! გინდა, მანდ ყველაფერი გაგიხმეს და მოგძვრეს?
არტიომმა უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები, თითქოს რაღაცას აანალიზებსო. სუხოი მოთმინებით ელოდა.
– გავიგონე. მაშინ. კოშკზე. ულმანის რაციაში.
– მთელი ამ დროის განმავლობაში შენ გარდა არავის გაუგონია. რადიოეთერი ცარიელია და რა?
– ის, რომ მე ზემოთ ვიყავი, აი, რა. სხვა არაფერი.
არტიომი წამოდგა, წელში გაიმართა.
– შვილიშვილები მინდა, – ახედა სუხოიმ.
– აქ რომ იცხოვრონ? მიწისქვეშ?
– მეტროში, – შეუსწორა სუხოიმ.
– ჰო, მეტროში, – აღარ შეეკამათა არტიომი.
– აქ ნორმალურად იცხოვრებენ. დაიბადებიან მაინც. ისე კი...
– უთხარი გამიღონ, ძია საშა.
სუხოი შავი გრანიტის პრიალა იატაკს ისე მიშტერებოდა, თითქოს მის მიღმა რამეს ხედავდა.
– გინდა იცოდე, რას ამბობს ხალხი? ამბობენ, რომ იქ, კოშკზე, ჭკუიდან შეიშალე.
არტიომმა ცალყბად გაიღიმა და ღრმად ჩაისუნთქა.
– ძია საშა, შვილიშვილები თუ გინდოდა, ჯერ საკუთარი შვილები უნდა გყოლოდა. მათ უფრო მარტივად მართავდი, შენ დაგემსგავსებოდნენ და არა ეშმაკმა უწყის, ვის.
სუხოიმ წამით თვალები დახუჭა.
– ნიკიტა, გაუღე. წავიდეს, ჩაძაღლდეს. ფეხებზე მკიდია.
ნიკიცკა უხმოდ დამორჩილდა. არტიომმა კმაყოფილებით დაუქნია თავი და სუხოის უკვე ბუფერიდან გასძახა:
– მალე დავბრუნდები.
სუხოი ადგა, შვილობილს კუზიანი ზურგი აქცია და ჯანდაბაში წაფრატუნდა.
ბუფერის კარმა დაიგრუხუნა.