პროლოგი
2034 წელი.
მთელი მსოფლიო დანგრეულია, კაცობრიობა კი – თითქმის მთლიანად განადგურებული. ნახევრად დანგრეული ქალაქები რადიაციის გამო საცხოვრებლად უვარგისია. დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ მათ მიღმა იწყება გადამწვარი, უსასრულო უდაბნოები და გადაგვარებული ტყეები.
ცივილიზაცია გადაშენების პირასაა. მოგონებები ადამიანის სიდიადეზე იგავებად და ლეგენდებად იქცა. მას შემდეგ, რაც მიწიდან ბოლო თვითმფრინავი აფრინდა, ოც წელზე მეტი გავიდა. ჟანგისგან შეჭმული რკინიგზა არსაით მიდის. დაუმთავრებელი საუკუნის მშენებლობა ნანგრევებად იქცა. რადიოეთერი ცარიელია, კავშირგაბმულობის თანამშრომლებმა მილიონჯერ მომართეს რადიომიმღებები სიხშირეზე, საიდანაც ადრე ნიუ-იორკი, პარიზი, ტოკიო და ბუენოს-აირესი მაუწყებლობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ საცოდავი ზუზუნი ისმის.
მხოლოდ ოცმა წელიწადმა ჩაიარა რაც ეს მოხდა, მაგრამ ადამიანი უკვე აღარაა დედამიწაზე ბატონი. რადიაციისგან შობილი არსებები ადამიანზე ბევრად უკეთ შეეგუვნენ ახალ სამყაროს. კაცობრიობის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.
სულ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს არ სჯერა ამის. ისინი მოსკოვის მეტროში ცხოვრობენ – ყველაზე დიდ საფარში, რაც კი ოდესმე ადამიანს აუშენებია; ადამიანის უკანასკნელ თავშესაფარში.
იმ დღეს ისინი მეტროში აღმოჩნდნენ და ამიტომ გადარჩნენ. მათ ჰერმეტული ჭიშკრები იცავს რადიაციისა და დედამიწის ზედაპირზე მცხოვრები ურჩხულებისგან, ნახმარი ფილტრებით ფილტრავენ წყალსა და ჰაერს. მცოდნეების მიერ აწყობილი დინამომანქანებით გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, მიწისქვეშა ფერმებში ამრავლებენ სოკოსა და ღორებს.
მმართველობის ცენტრალური სისტემა დიდი ხნის წინ დაემხო და სადგურები ჯუჯა სახელმწიფოებად იქცა. აქ ადამიანები ერთიანდებიან იდეის, რელიგიის ან, უბრალოდ, წყლის ფილტრების გარშემო.
ეს არის სამყარო ხვალინდელი დღის გარეშე. აქ არ არის ადგილი ოცნებების, გეგმებისა და იმედებისთვის. გრძნობების ადგილას ინსტინქტებია, რომელთაგან უმთავრესია გადარჩენა – ნებისმიერ ფასად.
ამ წიგნში მოთხრობილი ისტორიის შესავალი წაიკითხეთ რომანში „მეტრო 2033“.