1 -
გამვლელი იმ მოქუფრულ დილას გამვლელი, რომელიც 1897 წლის მარტის იმ მოქუფრულ დილას გაბედავდა და მობერის მოედანზე გავიდოდა (ეს ადგილი, უბნის ავაზაკები მობს რომ ეძახდნენ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ქცეულიყო საუნივერსიტეტო ცხოვრების ხალხმრავალ ცენტრად; იქვე, ვიკუს სტრამინეუსზე, ანუ ფუარის ქუჩაზე, იყო დღედაღამ სტუდენტებით მოჟივჟივე ხელოვნების ფაკულტეტიც; მოგვიანებით კი ეს მოედანი თავისუფალი აზრის მამათა - ეტიენ დოლეს მსგავსთა - ეშაფოტად იქცა), აქოთებული ჩიხების ხლართში ამოყოფდა თავს - პარიზის ისეთ ნაწილში, რომელიც ბარონ ოსმანის მსახვრალ ხელს გადარჩენოდა: ასეთები ცოტაღა შემორჩენილიყო ქალაქში. უბანს მდინარე ბიევრის კალაპოტი კვეთდა. ბიევრის წყალი აქ თითქოს სასოწარკვეთილი უსხლტებოდა დედაქალაქის მიწისქვეშეთს, რომელშიც მრავალი წლის წინ გამოემწყვდიათ, მცირე მანძილზე მიედინებოდა ღია ცის ქვეშ და მალევე, აგონიისგან აცახცახებული, სამუდამოდ იკარგებოდა მდორე, წვირითა და მატლებით სავსე სენაში. მობერის მოედნიდან, რომელსაც ახლა სან-ჟერმენის ბულვარი სერავს, პატარა ქუჩები იტოტებოდა: მეტრ-ალბერი, სენ-სევერინი, გალანდი, ბიუშრი, სენ-ჟულიენ-ლე-პოვრი, უშეტი, მიჯრით მიწყობილი ბინძური ფუნდუკებით, რომელთა მეპატრონეებიც, სიხარბით განთქმულები (როგორც წესი, ოვერნელები), კლიენტს ერთ ფრანკს აგლეჯდნენ ღამის გათევაში. ყოველი შემდეგი ღამე ორმოცი სანტიმი ღირდა, ზეწარი კი - დამატებით ოცი სანტიმი.
თუ გამვლელი გათამამდებოდა და ამბუაზის ქუჩასაც შეუყვებოდა, მოგვიანებით სოტონის ქუჩა რომ დაერქვა, დაახლოებით შუა გზაზე, ლუდხანასა (სინამდვილეში ბორდელს) და ტავერნას შორის, სადაც ორგროშიან საძაგელ ღვინოს ყიდდნენ და ასეთსავე გულისამრევ კერძებს ამზადებდნენ (თუმცა იქაური ფასები სორბონის ჯიბეგაფხეკილი სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო), ვიწრო ჩიხს მიადგებოდა, რომელსაც მაშინ მობერის გასასვლელი ერქვა, ადრე კი ამბუაზის ჩიხს ეძახდნენ. კიდევ უფრო ადრე აქ ერთ „ტაპი-ფრანს“ ედო ბინა (ასე უწოდებდნენ ათასი ჯურის მაწანწალები იმ ტურტლიან სამიკიტნოებს, რომელთა მეპატრონეები, როგორც წესი, ნაციხარი ავაზაკები იყვნენ და კლიენტებადაც მათნაირი, ვირის აბანოდან ახალგამოსული გარეწრები დაუდიოდათ). ამ ადგილს სხვა რამის გამოც გაეთქვა სახელი: მეთვრამეტე საუკუნეში აქ სამ ცნობილ მკითხავს უცხოვრია, რომლებიც ერთ დღეს იმ მომწამლავი ნივთიერებების კვამლში გამომხრჩვალები უპოვიათ, რომლებსაც თავადვე თითხნიდნენ და ახრჩოლებდნენ იმ შავბნელ ბუნაგში.
ჩიხის ბოლოს ხის ჩარჩოში ჩასმული, პატარა შუშის ნაჭრებისგან შემდგარი ვიტრინა მოჩანდა გახუნებული აბრით: „ხარისხიანი ძველმანები“. მტვრიან, გაპოხილ შუშებში ძლივს გაარჩევდით გამოფენილ საქონელს. გვერდით მაღაზიის კარსაც შეამჩნევდით, რომელიც შეღებული თითქმის არავის უნახავს. კარზე ზანზალაკი ეკიდა, პატარა წარწერა კი იტყობინებოდა, მფლობელი მალე დაბრუნდებაო.
თუ ადამიანს მაღაზიაში შესვლის სურვილი გაუჩნდებოდა, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა, და კარიც შემთხვევით ღია დახვდებოდა, მბჟუტავ სინათლეში გაჭირვებით გაარჩევდა მონჯღრეულ თაროებსა და მოყანყალებულ მაგიდებზე დახვავებულ, ერთი შეხედვით მიმზიდველ ნივთებს. თუმცა ვინც კარგად დააკვირდებოდა, მაშინვე მიხვდებოდა, რომ ეს ნივთები სრულიად გამოუსადეგარი იყო გასაყიდადაც, გასაცვლელადაც და ნებისმიერი სხვა, თუნდაც ყველაზე იაფფასიანი, საქმიანი გარიგებისთვის: ბუხრის თავის მოსართავები, ყველაზე ლამაზ ბუხარსაც რომ იერს წაუხდენდა, კედლის საათის ოდესღაც მომინანქრებული ქანქარა, რომელსაც აქა-იქღა შერჩენოდა ლურჯი მინანქარი, ერთიანად ჩაშავებული, ოდესღაც, ალბათ, ღია ფერებით ნაქარგი ბალიშები, ყვავილების სადგამი ამომტვრეული, დაკაწრული თაბაშირის ანგელოზებით, გაუგებარი სტილისა და დანიშნულების მოყანყალებული, პატარა მაგიდები, გასაღებების ჩასაყრელი დაჟანგული კალათა, წარწერებიანი, უცნაური კოლოფები, მდარე გემოვნების, ჩინური ორნამენტით მორთული სადაფის მარაოები, ყალბი ქარვის მძივი, შალის ჩუსტები - ირლანდიური ცირკონებით მოოჭვილი თასმებით, ნაპოლეონის გაქუცული ბიუსტი, დაბზარულ შუშებში ჩამხმარი პეპლები, ოდესღაც გამჭვირვალე ლარნაკში ჩალაგებული მარმარილოს ხილი, ქოქოსი, აკვარელით მოხატული, ყვავილებიანი ძველი ალბომები, ჩარჩოში ჩასმული ლითოგრაფიები (რომლებიც იმ წლებში არანაირ სიძველეს არ წარმოადგენდა). მოკლედ, მაღაზიაში შეხეტიალებული ადამიანი ხელმოკლე ოჯახებიდან გამოტანილ ამ ხარახურას თუ გადაქექავდა, რამეს შეარჩევდა და ფასს ჰკითხავდა მეძველმანეს, რომელიც სრულიად შემთხვევით დახვდებოდა ადგილზე, ისეთ პასუხს მიიღებდა, ნაგვის ყველაზე ხარბ კოლექციონერსაც რომ დაუკარგავდა შეძენის ხალისს.
ხოლო თუ მეძველმანის მაღაზიაში მოხვედრილი ადამიანი რაღაც მანქანებით მეორე კარსაც შეაღებდა, რომელიც იქაურობას შენობის ზედა სართულისგან ყოფდა და მორყეული, ხვეული კიბის რამდენიმე საფეხურს აივლიდა (ასეთი კიბე აქვს ყველა ვიწრო პარიზულ სახლს, რომლებიც სიგანით თითქმის არ აღემატება შესასვლელ კარს. უამრავ ქუჩაზეა ერთმანეთზე მიწყობილი ასეთი სახლები), დიდ ოთახში აღმოჩნდებოდა, რომლის ავეჯი და მოწყობილობა სრულიად განსხვავდებოდა ქვედა სართულზე დახვავებული ნაგვისაგან: არწივის მოვარაყებული თავებით დამშვენებული, მედიდური სამფეხა მაგიდა, XVII საუკუნის კარადა, წითელი ხის წიგნის თაროები ძვირფას ყდებში ჩასმული, საგულდაგულოდ ჩარიგებული ასამდე წიგნით, ამერიკული ყაიდის საწერი მაგიდა ჩასაკეტი უჯრებით. გვერდით ოთახში მდიდრული, ბალდახინიანი საწოლი და სევრის ფაიფურის ნაკეთობებით სავსე სოფლური კარადა იდგა. ოთახს თურქული ყალიონი, ალებასტრის თასი, ბროლის ლარნაკი ამშვენებდა, კედლებს კი - მითოლოგიური