I ანიტას
შაბათი, 1992 წლის 6 ივნისი, დილის 8 საათი
ამ დილით ონკანში წყალი არ მოდიოდა.
ორჯერ ახალშობილივით ამოაბოყინა და მორჩა.
მეზობელთან დავაკაკუნე: მათთან ყველაფერი რიგზეა. - ცენტრალურ ონკანს გადაკეტავდით. - მე? არც კი ვიცი, სად არის, აქ ცოტა ხნის წინ გადმოვედი, ხომ იცით, თან სახლში საღამომდე არ ვარ. - ღმერთო ჩემო, ერთი კვირით სადმე რომ მიდიხართ, წყალს და გაზს არ კეტავთ? - არა. - რა უპასუხისმგებლო ყოფილხართ, შემომიშვით, გაჩვენებთ, სადაც არის.
ნიჟარის ქვემოთ კარადა გამოაღო, რაღაც გადაატრიალა და წყალი წამოვიდა. - ხედავთ? დაკეტილი იყო. - მაპატიეთ, ძალიან უყურადღებო ვარ. - რა ხართ ეს სინგლები! მეზობელი exit. ეჰ, ამასაც სცოდნია ინგლისური.
ნერვები დავიწყნაროთ. პოლტერგეისტი არ არსებობს, მხოლოდ ფილმებშია. მთვარეული არ ვარ, მძინარეს რომ გადამეკეტა. ამ სახელურის არსებობა რომ მცოდნოდა, მღვიძარეც ხომ გამოვიყენებდი: საშხაპეს წყალი ეპარება და წვეთების წკაპუნი ხელს მიშლიდა დაძინებაში. ასე მგონია, ვალდემოსაში (ვალდემოსა - დაბა კუნძულ მაიორკაზე. აქ იგულისხმება შოპენის პრელუდია 28, ნ.15, "წყლის წვეთი") ვარ. ხშირად მეღვიძება, ვდგები და არა მარტო აბაზანის, არამედ საძინებლის კარსაც ვხურავ, ის წყეული წკაპუნი რომ არ გავიგონო.
გამორიცხულია, ელექტროკონტაქტი ან რაღაც ასეთი ყოფილიყო, რადგან თვით სიტყვა სახელური გვეუბნება, რომ ხელით უნდა აამუშაო. ვერც თაგვი იზამდა, კიდევაც რომ გაერბინა იქ. იმ რაღაცას ვერ მოერეოდა. რკინის ძველებური რგოლია (ამ სახლში ყველაფერი ორმოცდაათი წლის წინანდელი მაინც იქნება) და, რაც მთავარია, დაჟანგულია. ესე იგი, ხელი იყო საჭირო. ჰუმანოიდი. არც ბუხარი მაქვს, საიდანაც მორგის ქუჩის ორანგუტანი ჩამოძვრებოდა.
მოდი, კარგად დავფიქრდეთ. ყოველ შედეგს თავისი მიზეზი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. სასწაული უნდა გამოვრიცხოთ, არ ვიცი, რატომ უნდა დაინტერესდეს ღმერთი ჩემი საშხაპით, წითელი ზღვა ხომ არ არის. ჰოდა, ბუნებრივ მოვლენას ბუნებრივი მიზეზი აქვს. გუშინ საღამოს, დაწოლის წინ, სტილნოქსი დავლიე ერთი ჭიქა წყლით. ესე იგი, წყალი მაშინ ჯერ კიდევ იყო. ამ დილით კი აღარ მოდიოდა. ესე იგი, ძვირფასო უოტსონ, სახელური ღამით გადაატრიალეს და ეს შენ ნამდვილად არ გიქნია. ვიღაც ან ვიღაცები ჩემს სახლში იყვნენ და შეეშინდათ, რომ მათ ხმაურზე მეტად (ფეხაკრეფით დადიოდნენ) წვეთების პრელუდიას არ გავეღვიძებინე. წვეთები მათაც უშლიდა ნერვებს და უკვირდათ, როგორ არ მაფხიზლებდა. ამიტომ, შებერტყილებმა, ის გააკეთეს, რასაც ჩემი მეზობელი ქალი იზამდა: წყალი დაკეტეს.
სხვა რა? წიგნები ჩვეულებრივად უწესრიგოდ ყრია. ნახევარი მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურების აგენტები ისე შეამოწმებდნენ ფურცელ-ფურცელ, ვერც კი შევამჩნევდი. უჯრების ან შემოსასვლელში მდგარი კარადის შემოწმებას აზრი არ აქვს. თუ რამის პოვნა უნდოდათ, ჩვენს დროში მხოლოდ კომპიუტერი უნდა გაექექათ. შეიძლება, დრო რომ არ დაეკარგათ, ყველა ფაილის ასლი გააკეთეს და წავიდნენ. ჰოდა, გახსნან და დახურონ ეგ ფაილები, რამდენიც უნდათ, კარგად ნახავენ, რომ კომპიუტერში მათთვის საინტერესო არაფერია.
ნეტა რა ეგონათ, რას ნახავდნენ? აშკარაა - ეს ჩემი აზრია, თორემ სხვა ახსნას ვერ ვხედავ - რაღაც ისეთს ეძებდნენ, რაც გაზეთს უკავშირდება. სულელები არ არიან, იფიქრებდნენ, რომ შენიშვნებს ჩავიწერდი იმ ყველაფერზე, რასაც რედაქციაში ვაკეთებთ - და, თუ ბრაგადოჩოს ამბისა რამე ვიცი, სადმე რაღაცას ჩავინიშნავდი. უკვე მიხვდებოდნენ სიმართლეს, რომ ყველაფერი დისკზე მაქვს ჩაწერილი. ბუნებრივია, წუხელ ოფისს მიაკითხავდნენ და ვერ იპოვიდნენ. ახლა კი ასკვნიან (მხოლოდ ახლა), რომ დისკი, შესაძლოა, ჯიბეში მიდევს. "რა სულელები ვართ, - ეუბნებიან ერთმანეთს, - პიჯაკის ჯიბეში უნდა მოგვეძებნა". სულელები? სულელები კი არა, დამპლები. აბა, ჭკვიანი კაცი ამ ბინძურ ხელობას აირჩევდა?
ახლა ისევ ეცდებიან, რამე იპოვონ. იმდენს კი მიხვდებიან, რომ წერილი გაქრა, მოიპარეს, და ვინმეს მომიგზავნიან, თავს დამესხას ქუჩაში, ვითომ ჯიბგირია. ამიტომ, სანამ დაბრუნებულან, უნდა ვიჩქარო და დისკი ფოსტაში გავგზავნო მოკითხვამდე, უკან როდის გამოვიტან, ამას მერე ვნახავ. რამდენი სისულელე მომდის თავში, არადა აქ ერთი მკვლელობა უკვე მოხდა, სიმეი კი სადღაც გაშპა. მაგათ არც აინტერესებთ, რამე თუ ვიცი, ან რა ვიცი. ყოველი შემთხვევისთვის მიმაკლავენ და კარგად მეყოლე. ვერც იმას დავწერ გაზეთში, რომ ამ საქმისა არაფერი ვიცოდი, რადგან მხოლოდ ამის თქმითაც გავაგებინებ, რომ რაღაც ვიცოდი.
ამ ხათაბალაში როგორ გავები? ვფიქრობ, ეს პროფესორ დი სამისის ბრალია, და იმის ბრალი, რომ გერმანული ვიცი.
დი სამისი და ორმოცი წლის წინანდელი ამბავი რამ გამახსენა? იმან, რომ სულ