ქეთერ - 1 მაშინ დავინახე ქანქარა.
თაღოვან ქოროში გრძელ თოკზე დაკიდებული, მოქანავე სფერო იზოქრონული მედიდურობით ხაზავდა რხევის ტრაექტორიებს.
ვიცოდი - იმ, სუნთქვასავით მშვიდი მოძრაობით მონუსხული, ნებისმიერი იგრძნობდა ამას - რომ რხევის პერიოდს განსაზღვრავდა თოკის სიგრძიდან კვადრატული ფესვის მნიშვნელობის შეფარდება π რიცხვთან, რომელიც, მთვარისქვეშეთის ბინადართათვის ირაციონალური, რაღაც ღვთიური გონების ძალით, ნებისმიერი შესაძლო წრის გარშემოწერილობას მისსავე დიამეტრს უკავშირებს. ისიც ვიცოდი, რომ დრო, რომელსაც მოქანავე სფერო ერთი ბოლოდან მეორემდე მისვლას ანდომებს, საზომთაგან ყველაზე ზედროულ საზომებს შორის რაღაც საიდუმლო შეთქმულების შედეგია: თოკის მიმაგრების წერტილის ერთადერთობის, აბსტრაქტული განზომილების ორადობის, π -ს სამბუნებოვნების, ფესვის ნიშნის იდუმალი ტეტრაგონისა და წრის სრულყოფილების კავშირის შედეგი.
ისიც ვიცოდი, რომ რხევის ვერტიკალის ქვეშ მოთავსებული მაგნიტი სფეროში ჩამალულ ცილინდრზე ზემოქმედებდა და რხევის მუდმივობას უზრუნველყოფდა: ეს ხელსაწყო, რომელიც მატერიის წინააღმდეგობას უპირისპირდებოდა, კი არ არღვევდა ქანქარის კანონს, არამედ პირიქით, ხელს უწყობდა მის გამოვლენას, რადგან ვაკუუმში უჭიმვად, უწონო ძაფზე დამაგრებული ნებისმიერი მატე-რიალური წერტილი, რომელზეც არც ჰაერის წინაღობა მოქმედებს და არც ხახუნის ძალა მიმაგრების წერტილში, მოწესრიგებულად და უსასრულოდ იმოძრავებდა.
სპილენძის სფერო მკრთალად ლიცლიცებდა ვიტრაჟებიდან შემოსული დაისის შუქზე. ქოროს იატაკი სველი ქვიშით რომ ყოფილიყო დაფარული, რომელსაც სფერო ყოველ გავლაზე შეეხებოდა, მისი სხვადასხვა მიმართულებით დატოვებული ნაკვალევები სხივების ბადის თუ გორგალის მსგავს ნახაზს წარმოქმნიდა ქვიშაზე და მანდალას ჩონჩხის, პენტაკულუმის, იდუმალი მნათობის, მისტიკური ვარდის უხილავი სტრუქტურის მსგავს სხივურ სიმეტრიას გადაუშლიდა თვალწინ მაყურებელს: ნახატს, რომელიც უსასრულო ამბავს, უდაბნოს ტრამალზე სისხლიანი ქარავნების კვალით ნაქარგ, უხსოვარი დროის მონათხრობს დაემსგავსებოდა: ათასწლეულებში ნელი, მარადიული ხეტიალის ამბავს. ალბათ, სწორედ ასეთი ჯიუტი აკვიატებით მიიწევდნენ მუს კონტინენტის ატლანტები ტასმანიიდან გრენლანდიამდე, თხის რქიდან კირჩხიბის თანავარსკვლავედამდე, პრინც ედუარდის კუნძულიდან სვალბარდამდე. სფეროს ზედაპირი სწრაფად, ხელახლა ჰყვებოდა ყოველივეს, რაც მოგზაურებს ერთი გამყინვარებიდან მეორემდე ეკეთებინათ და ალბათ, ახლაც აკეთებდნენ, თუმცა ახლა უკვე ახალ მბრძანებელთა კარნახით. ასე, სამოას კუნძულებიდან ახალ მიწამდე ქანაობდა სფერო და წონასწორობის წერტილში, ალბათ, აგარტს, სამყაროს ცენტრს ეხებოდა. და ვგრძნობდი, როგორ ლაგდებოდა ერთ სიბრტყეში ავალონი, ჰიპერბორეა და სამხრეთის უდაბნო, სადაც აიერს-როკის საიდუმლო ინახება.
მაშინ, იმ 23 ივნისის ოთხ საათზე, ქანქარა მოძრაობდა: კიდეს მიახლოებული სვლას ანელებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა, რათა ცენტრისკენ ისევ აეკრიფა სიჩქარე და ასე, უსასრულოდ, ჯიუტად ებრძოლა უხილავ ძალებთან, ალყაში რომ მოემწყვდიათ მისი ბედისწერა.
დიდხანს რომ დავრჩენილიყავი, გამეძლო და საათობით მეყურებინა იმ ნისკარტის, შუბისა თუ ამოყირავებული მუზარადის წვერისთვის, რომელიც სიცარიელეში ხაზავდა წრის დიამეტრებს და საკუთარი ასტიგმატური გარშემოწერილობის კიდურა წერტილებს ეხებოდა, ალბათ, რაღაც წარმოსახვითი ილუზიის მსხვერპლი გავხდებოდი, რადგან ქანქარა დამაჯერებდა, რომ რხევის სიბრტყემ სრული ბრუნი შეასრულა, საწყის წერტილს დაუბრუნდა ოცდათორმეტ საათში და გაბრტყელებული ელიფსი მოხაზა - ელიფსი, რომელიც საკუთარი ცენტრის გარშემო ბრუნავს მუდმივი კუთხური სიჩქარით, რომლის მნიშვნელობა განედის სინუსის პროპორციულია. როგორ იბრუნებდა ელიფსი, იმ ძაფის წვერი სოლომონის ტაძრის გუმბათის ცენტრში რომ ყოფილიყო დამაგრებული? რაინდებს იქაც ექნებათ ნაცადი, თუმცა სიჩქარის რიცხვითი მნიშვნელობა, ალბათ, მაინც არ შეიცვლებოდა. იქნებ სწორედ სენ-მარტენ-დე-შამის სააბატოს ეკლესია იყო ნამდვილი ტაძარი? ექსპერიმენტი იდეალური მხოლოდ პოლუსზე გამოვიდოდა: ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სფეროს ჩამოკიდების წერტილი დედამიწის ღერძის გაგრძელებაზე განთავსდებოდა და ქანქარა თავის წარმოსახვით ციკლს ზუსტად ოცდაოთხ საათში დაასრულებდა.
მაგრამ ეს არ ყოფილა კანონიდან გადახვევა (რომელსაც, სხვათა შორის, თავად კანონიც ითვალისწინებდა). ეს არ იყო უზენაესი ნორმის დარღვევა, რომელიც სასწაულს დააკნინებდა. ვიცოდი, რომ დედამიწა ბრუნავდა და მასთან ერთად ვბრუნავდი მეც, ჩემთან ერთად კი - სენ-მარტენ-დე-შამი და მთელი პარიზი: ერთად ვბრუნავდით ქანქარის ქვეშ, რომელიც სინამდვილეში არასოდეს იცვლიდა საკუთარი სიბრტყის მიმართულებას, რადგან იქ, ზევით, იმ ძაფის უსასრულო, იდეალური და წარმოსახვითი გაგრძელების გასწვრივ, შორეული გალაქტიკების უსასრულობაში არსებობდა მყარი წერტილი.
დედამიწა ბრუნავდა, მაგრამ წერტილი, საიდანაც ის თოკი ეშვებოდა, სამყაროს ერთადერთი უძრავი წერტილი იყო.
ამიტომ დედამიწას კი არა, ცას ვუყურებდი, სადაც აბსოლუტური უძრაობის საიდუმლო აღესრულებოდა. ქანქარა მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ერთად მოძრაობდა: სფერო, მზის სისტემა, ნისლეულები, შავი ხვრელები, დიდი კოსმოსური ამოფრქვევისდროინდელი იონებიცა და ლორწოვანი მატერიაც, ასე რომ ერთადერთი მყარი წერტილი რჩებოდა, ღერძი, ხრახნი, იდეალური საყრდენი, რომელიც საშუალებას აძლევდა სამყაროს, საკუთარი თავის გარშემო ებრუნა. და ახლა მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი, ყველასთან და ყველაფერთან ერთად ვმოძრაობდი და შემეძლო, დამენახა ის, რაღაც უძრავი, კლდე, ბურჯი, საყრდენი და