მკვდარ გუბეში ნასროლი კენჭები ნაცრისფერი შალის ახალთახალი სვიტრი მაცვია და გუშინდელზე ცოტათი უკეთ ვგრძნობ თავს. ბოლო ხანებში განახლების საშინელი სურვილი მიტევს. ამიტომ, რაღაც-რაღაცებს ვყიდულობ ხოლმე და ოდნავ მაინც ვიოკებ სურვილს. ბევრს ვმუშაობ. არ მინდა ვიფიქრო, ჩემს ასაკში ბევრი ფიქრი ცოტა არ იყოს, საშიშია, რადგან არც ისეთი პატარა ვარ, რომ ფიქრებით ვიოცნებო და, არც ისეთი ხნიერი, რომ მოგონებებით ვიცხოვრო. თანდათან უფრო და უფრო ფასეული ხდება სიტყვა - ოჯახი. ამ სიტყვაში რაღაც არქაული სიმშვიდე ჩაწოლილა და თვლემს - ცოტათი საშიში, ცოტათი უცნობი, მაგრამ მაინც (მშობიარობისა არ იყოს) ბუნებრივი და პირველყოფილი. მე ვიცნობ ჩემს პოტენციურ შესაძლებლობებს. ხანდახან შორიდან ვუმზერ, როგორ აყვავდებოდა იგი ამ უძველესი სიტყვის მტკიცე შენობაში და მენანება. ჩემი თავი არა, ოჯახი მენანება უჩემოდ. ოჯახი, რომელიც შეიძლებოდა მეც მქონოდა.
* * *
დილის ცხრა საათზე ვიღვიძებ. ხნიერმა ქალებმა რიჟრაჟის სუსხს უკვე გამოსტაცეს თეთრი, ქაფქაფა რძე. ახალგაზრდა დედებმა რა ხანია შვილები გაისტუმრეს სკოლებში. მზრუნველმა მეუღლემ სამსახურიდან უკვე დარეკა პირველი ზარი.
მე კი ახლა ვდგები. მომწვანო მოყვითალო აბმა თავისი მისია კარგად შეასრულა... მთელი ღამე მკვდარივით მეძინა. ოღონდ თავი ახლაც მტკივა, დაბანგულივით მივბარბაცებ აბაზანისაკენ. ცხელი წყლის ნაკადს კრემშემშრალ კისერს ვუგებებ და ისეთი სიმშვიდე მეკიდება სხეულზე, თითქოს წყლის ჭავლი კი არა, დიდი ხნის უნახავი ძვირფასი ხელები მეფერებოდეს. სრულყოფილებისა და მთლიანობის განცდა ყველაზე მძაფრად აქ, წყლის ქვეშ მეუფლება. ამიტომ ვეღარ ველევი ამ კომუნალურ საწნახელში მოჩხრიალე ღვთიურ ნეტარებას და დიდხანს, დიდხანს ვბანაობ.
ტელეფონი რეკავს, ხუთიოდე წლის წინათ რამდენჯერ მივვარდნილვარ ყურმილს, პირდაპირ აბაზანიდან გაწუწული. არა, იმიტომ კი არა, ვინმეს ზარს საგანგებოდ ველოდი (თუმცა, არც უამისობა იყო), უბრალოდ, ისეთი გრძნობა მქონდა, ქვეყნიერებამ იცოდა სახლში რომ ვიყავი და იქნება რა სჭირდებათ-მეთქი, პროფესიონალი მკურნალივით ვფიქრობდი.
ახლა ვგრძნობ, რომ არავინ კვდება უჩემობით და მეც მშვიდად, აუჩქარებლად ვიმშრალებ ტანს: „თუ საქმე აქვთ, კიდევ დარეკავენ...“ აბაზანიდან გავდივარ.
შუადღემდე სახლს დავალაგებ (ძალიან აყრილი ვარ რაღაც), მერე ვიკითხავ, ცოტას მოვწევ.
- მოწევას თუ არ გადაეჩვიე, ირინეს აღარ შემოვუშვებ, - მემუქრება ბავშვის დედა და ოთახს მინიავებს. ერთი ასჯერ მაინც აქვს პირობა ჩამორთმეული. მე ირინეს პორტრეტს ვხატავ. წარსულის ღარიბი მხატვრებისა არ იყოს, ამ მეპატრონემაც იცის, რომ ჩემი სული მის ხელთაა. ერთ რამეში კი ვერ იქნა, და ვერ დამიყოლია: საბავშვო ბაღიდან რომ მოვა, ვასადილებ, გამოვუცვლი, დავვარცხნი, დავასვენებ და შენც მერე დაიწყე ხატვაო. როგორ გინდა აუხსნა - ეს-ესაა დაბრუნებული ბავშვის ხატვას სწორედ იმიტომ ვიწყებ, რომ ამ დროს უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია დაღლილი გოგონას სახე. რადგან ჯერ ისევ მძაფრი რძის სუნითა და ჩვილის სურნელითაა სავსე მისი აბურდული თმის კულულები, ბავშვის სამოსსაც ობლობითა და სისასტიკით, წამიერი სინაზითა და ღრმა მარტოობით გაჟღენთილი თავშესაფრის სურნელი ასდის.
მეზობლის ქალის ესთეტიკური მზერა კი მდიდრულად ჩაცმულ-დახურულ დიდგვაროვანთა ლეგიონებსაა მიჩვეული. პორტრეტში იმის დათვლა უფრო აინტერესებს, რამდენი კაკალია შებმული მკერდსავსე კნეინას მარგალიტის მძივში, ვიდრე ის, თუ რა სულიერი სიმაღლეები ილანდება ფართოდ გადაშლილ შუბლის ნაოჭსა თუ თვალის ჭრილში.
ტელეფონი ისევ რეკავს. თმის მშრალებით ვიღებ ყურმილს:
- ფული გინდა? (იცინის).
- მინდა.
- თუ გინდა, გამოიარე, კარგი წიგნი ჩამოუშვეს.
- გამოვივლი.
- დღეს მოხვალ?
- დღეს?.. მოვალ. როდემდე ხართ მანდ?
- მე სულ აქა ვარ.
- დიდი მადლობა... - ის-ისაა უნდა დავკიდო ყურმილი, რომ ისევ გაისმის ოდნავ შეცვლილი (იქნებ მე მეჩვენება და სულაც არაა შეცვლილი) მისი ხმა...
- როგორ ხარ?
ვგრძნობ, როგორ გავფითრდი. რაც შეიძლება გულგრილად ვამბობ:
- ვარ რა, არა მიშავს...
ცოტა ხნით უხერხული სიჩუმე სუნთქავს.
- აბა, გელოდები, - ამჯერად თვითონ მასწრებს, მემშვიდობება და ყურმილს ჰკიდებს.
რამდენი ხანია ქუჩაში აღარ გავსულვარ, სულ გადავეჩვიე იქაურობას. შემოდგომაა. ამაზე მძიმე დრო არ მეგულება ჩემს სამშობლოში. ყოველდღე უყურო ვიღაცის მსახვრალ ხელს, როგორ მიაქვს სიცოცხლის ფერი, წითელი ფერი. სამაგიეროდ, გარეთ გამოყრილ ადამიანებს გემოვნებით და შემოდგომისფრად აცვიათ. მჭახე სტაფილოსფერ უმკლავო ქულაჯებში გადაცმული მოხუცი მენაგვეები ზამთრისპირა შუქნიშნებივით უდგანან მხარში გაფერმკრთალებულ ქალაქს. მზისფერი ტონით შენიღბული, გაჯანსაღებული ქალები საბაზრო ჩანთაში ჩაყრილი ხორაგით კოპწიად მიირწევიან. ოდნავ, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც ტვირთის მხარეზე დამრეცად იზნიქება მაღალ „ლიპებში“ შეყუჟული მათი უსუსური, სალუქი მხრის თავები (ნეკერჩხლის ხიდან გადმოვარდნილი თავსაფრიანი დედაკაცი მახსენდება ინანიშვილის მოთხრობიდან - ლამაზად მოვკვდეო, - სიკვდილი