რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი? მართლაცდა, რატომ დაიწერა?!
ხელოვნების ყოველი დიდი ნაწარმოები ავტორის მიერ გადატანილი ღრმა სულიერი განცდების ანარეკლია. ,,ვეფხისტყაოსნის ” შექმნა, რუსთაველის ზეგენიალურობასთან ერთად, ამითაცაა განპირობებული და შეუძლებელია არ შეეცადო იმ სულიერი ტკივილის მიზეზის პოვნას, რამაც ამ საოცრების შესაქმნელად ავტორს ხელში კალამი ააღებინა.
უიღბლო სიყვარული საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ჩვეულებრივმა მოკვდავმაც თავისი სატკივარის ქაღალდისათვის განდობა მოიწადინოს და თუ ამავე დროს, ნიჭიც მიამადლა შემოქმედმა, ქვეყანას ჭეშმარიტად ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები მოევლინება. ამისი მაგალითი უამრავი იცის კაცობრიობამ, რაც წერა-კითხვა ისწავლა, მაგრამ ,,ვეხისტყაოსანი ” ამ მხრივ ყველასა და ყველაფერს აღემატება, რაც კი დღემდე შეუქმნია ადამიანურ აზროვნებას და ვფიქრობ, ამ ნათქვამში იოტისოდენაც არაფერია გადაჭარბებული. ასეთი დონისა და მასშტაბების მქონე შედევრის შესაქმნელად ვერანაირი იღბლიანი თუ უიღბლო სამიჯნურო თავგადასავალი საკმარისი ვერ იქნებოდა. ნაწარმოების შექმნიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ პოემის ავტორი მეფე თამარზე იყო შეყვარებული. ეს აზრი დღემდე განაგრძობს არსებობას! ჩვენი აზრით კი ამ ვერსიას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. მრავალი მიზეზის გამო, ასეთი რამ შეუძლებელია მომხდარიყო და ასეც რომ ყოფილიყო, ამ უცნაური წიგნის შექმნის მიზეზად მაინც ვერ გამოდგებოდა.
ქალისა და მამაკაცის სატრფიალო ურთიერთობა დღესაც კი, შესაფერისი დროისა და ასაკის გარდა, მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა გამოც თითქოს ძალიან შესაფერის წყვილს შორისაც შეუძლებელი ხდება სიყვარულის გრძნობა გაჩნდეს. ამას საქართველოში ყოველთვის მეტად მკაცრი იურიდიული და ზნეობრივი ნორმები აწესრიგებდა, მით უმეტეს, ნაწარმოების შექმნის ეპოქაში. რამდენად იყო შესაძლებელი ვინმეს, თუნდაც დიდგვაროვანთა ზედაფენის უმაღლესი წოდების წარმომადგენელს, უკვე ტახტის მემკვიდრედ აღიარებული უფლისწული შეეყვარებინა? იმდროინდელი იურიდიული თუ ზნეობრივი კანონებით, უფლისწულის დაქორწინება მხოლოდ და მხოლოდ უფლისწულზე იყო შესაძლებელი. პოემის ავტორს ამის იმედი ვერანაირად ვერ ექნებოდა და თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, მაშინ ნაწარმოები ახალგაზრდა კაცის შექმნილი უნდა იყოს, რისი თქმის საფუძველს არც თვითონ პოემა და არც მკვლევარების მიერ დადგენილი მისი დაწერის დრო იძლევა. ნაწარმოების თითქმის ყოველი სტროფიდან გრძნობს მკითხველი, რომ ენციკლოპედიურად განსწავლულ და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ბრძენკაცთანა აქვს საქმე და არა - თუნდაც გენიალურ ახალგაზრდა პოეტთან. თუ იმასაც ვივარაუდებთ, რომ ნაწარმოები უეჭველად თამარის მეფობის დასასრულს ანდა, სულაც, მისი გარდაცვალების მერეა დაწერილი, რუსთაველის თამარზე უიმედოდ შეყვარებულ პოეტად მიჩნევა მისი დამცირება და შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. ვფიქრობთ, ამაზე სერიოზულად არც ღირს ლაპარაკი. რაც შეეხება მეორე მოსაზრებას, რომ ,,ვეფხისტყაოსანი ” თამარის სახოტბოდ შექმნილი პოემაა, ნაწარმოები და მისი ავტორი არც ამ აზრის გაზიარების საფუძველს იძლევა. ასეთი ხასიათის ნაწარმოებები მრავლადაა ცნობილი მსოფლიო ლიტერატურაში და ,,ვეფხისტყაოსნის ” მათთან რაიმე მსგავსებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ავტორი პოემის დასაწყისში ორიოდე სტროფში ახსენებს თამარს, სადაც ნამდვილად ჩანს მისი სიყვარული და შეიძლება ითქვას, უფრო პატივისცემა ერის სათაყვანებელი მეფისადმი, რასაც გაბოროტებული ოპოზიციონერის გარდა, ყველა გააკეთებდა. რა თქმა უნდა, ამის გამო ,,ვეფხისტყაოსნის ” სახოტბო ნაწარმოებად მიჩნევა არასერიოზულია. მით უმეტეს, ერთ სტროფში მის მიერ გამოთქმულმა აზრმა არ შეიძლება არ დააფიქროს და დააეჭვოს მკითხველი:
,,თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული. ”
დასაწყისის რამდენიმე სტროფში რუსთაველი თითქოს ცდილობს ,,ვეფხისტყაოსანი ” მართლაც სახოტბო ნაწარმოებად წარმოაჩინოს, მაგრამ მთლიანად პოემა მისი ამგვარად გაგების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. მით უმეტეს, ზემოთმოყვანილი სტროფი ჩვენი აზრით, სრულიად სხვა რაიმეზე მიგვანიშნებს და ნაწარმოების სრულყოფილად აღქმისათვის მისი ამოხსნა ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სახოტბო ნაწარმოებში სისხლის ცრემლების ღვრა სრულიად უადგილოა და მხოლოდ თავსატეხს თუ გაუჩენს დაბნეულ მკითხველს. თანაც ავტორი იქვე ამბობს, რომ მას უკვე შეუსხამს ხოტბა თამარისათვის და ეს საკმაოდ მაღალ დონეზე გაუკეთებია, ახლა კი იგივეს სისხლიანი ცრემლებით აკეთებს.
სისხლის ცრემლები მეტისმეტად დიდ ტკივილსა და ღრმა მწუხარებაზე მეტყველებს. ამის მიზეზი მხოლოდ თამარის გარდაცვალება შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მომდევნო სტროფში რუსთაველი თამარზე რომ არ ლაპარაკობს აშკარაა:
,,მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა,
გასტეხს