ჩემი არჩევანი
ზღვა უნდა დავაშროო, - დაიქადნა დედაბერმა. უსაქმურებმა სიცილი დააყარეს, - რომელი ზღვის დამშრობი შენა ხარო! სტაცა გულმოსულმა დედაბერმა მუგუზალს ხელი, წაცუხცუხდა და ჩაჰკრა ზღვაში. ახორხოცდნენ უქნარები - რა ქენი, დააშრეო? დედაბერმა, - თუ ვერ დავაშრე, ხომ ავაშიშხინეო.
საქმეშემოლეული ნამდვილად არა ვარ. ბევრს არაფერს ვაკეთებდე იქნებ, მაგრამ ვცდილობ, სადღეისოდ ძლევამოსილ მუქთამჭამელთა ლაშქარს არ მივემატო. მათი რაოდენობა საჭიროზე მეტიც კი მეჩვენება, რაღა ჩემი მიმატება სჭირდება-მეთქი, ვფიქრობ და არ ვჩერდები: ვმუშაობ, ვაკეთებ ყველაფერს, რისი კეთების უნარიც მაქვს მგონია და რამდენადაც ძალა შემწევს; ხანდახან ვწერ კიდევაც, უფრო მაშინ, როცა რაიმე მოვლენა, ვინმეს სიტყვა ან საქმე ალოგიკური და ქვეყნისათვის საზიანო მეჩვენება. თუ ცოცხალი ხარ და ადამიანურად აზროვნების უნარი გაგაჩნია, ძნელია მოსეირე მაყურებლად დარჩე იმისადმი, რაც შენს ირგვლივ ხდება და არ შეეცადო გარკვევას - რამდენად მართალი ხარ, როცა რაიმე აუცილებელი და საჭირო გგონია, ანდა პირიქით. ვწერ ისე, ყოველი შემთხვევისათვის, გულის მოსაფხანად, თორემ, წამკითხველი რომ არავინაა, არ გეგონოთ, არ ვიცოდე. თინეიჯერობის ასაკს კარგა ხანია გადავცდი და დიდად ცივილიზებულობას ვერ დავიკვეხნი, მაგრამ, კითხვა რომ თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის საქმე არაა და ამ მავნე ტრადიციის მიმდევრის ჩამორჩენილობაზე, უკულტურობასა და გონებაშეზღუდულობაზე მეტყველებს, ამდენი კი ვიცი. რასაკვირველია, ისეთი რამეების კითხვაზეა ლაპარაკი, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ ბნელში მყოფ, უგუნურ კაცობრიობას მსოფლიო შედევრებად მიაჩნდა.
ფხანა ქეცმა იცისო, დიდმა ილიამ ბრძანა (საკითხავია - ვისთვისაა დიდი), რავა, არ გვჭირს თუ? ყოველ შემთხვევაში, მე რომ ნამდვილად მჭირს, ეჭვი არ მეპარება; ისე მომინდება ხოლმე ზოგჯერ ეგ გულის მოფხანა, რომ... და მეც ვიფხან. მადლობა ღმერთს, თანამედროვე დემოკრატიულ და ჰუმანისტურად მოაზროვნე ცივილიზებულ საზოგადოებაში ამის უფლება ყველას აქვს! იფხანე, რამდენიც გენებოს, როგორც გინდა და სადაც გინდა. გააჩნია, სად უფრო გაწუხებს ქეცი - გულზე, თავზე, უკანალზე თუ საზარდულში. ეს პროცედურა ყველგან დაუბრკოლებლივ შეგიძლიათ ჩაიტაროთ - საკუთარ მყუდრო ოთახში ჩაკეტილმა, ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე (სადმე თუ გეგულება), საჯაროდ - ქალაქის თუ სოფლის მოედანზე, ტელესტუდიაში, ძვირადღირებულ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სცენაზე... კომპიუტერი და ინტერნეტი ხომ პირდაპირ მისწრებაა საამისოდ. ერთი სიტყვით, საამურია ცხოვრება, თუმცა, რაღაც მაინც არის გასათვალისწინებელი - ტვინი მხოლოდ გულის ფხანისასაა საჭირო (ისიც არა ყოველთვის); სხვა შემთხვევებში იგი სრულიად ზედმეტია და საშიშიც, რადგან, შესაძლოა, მან თქვენდა უნებურად აზროვნება დაიწყოს, მერე ზნეობამაც წამოჰყოს თავი, რომელიც იმ ბნელ წარსულში დაგაბრუნებს, როცა იგი საზოგადოების უმრავლესობას თავის ჭკუაზე დაატარებდა და... მშვიდობით დემოკრატიავ, თავისუფლებავ, ხორხოცმა და ტიტლიკანა ტლინკაობავ! - ფხანას გემოს ვეღარ ჩაატანთ. ჰო, ერთი რამეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. რაგინდ ძაანაც გეფხანებოდეთ, ხელისგულებისა და ფეხისგულების ფხანას ნუ შეეცდებით! ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების პრეროგატივაა, სურვილიც თქვენზე მეტი აქვს ამისი, შესაძლებლობაც და ცოდნა-გამოცდილებაც. ნაცმოძრაობამ არაერთი გაკვეთილი ჩაგვიტარა საამისოდ, რითიც ჩვენ, ქართველებს, წვრილმანებამდე დაგვანახეს - როგორცაა ევროპულ-ამერიკული დემოკრატია. იმათ თავგამოდებამ და ძალისხმევამ აღტაცებაში მოიყვანა მთელი დემოკრატიული სამყარო და ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ნაცები ბევრს თვალით არ დაგვენახვებოდა, ევროპული არჩევანი ყველამ ერთხმად გავაკეთეთ.
როგორც ადრე, ბნელში ყოფნისას ეგონათ, ტვინი ფიქრისთვის, აზროვნებისთვის აქვს ღვთისგან მიმადლებული ადამიანს, სამყაროსა და საკუთარი თავის შესაცნობად, ნათელის გასარჩევად ბნელისაგან. იგი ცოცხალ არსებათაგან ძალიან ბევრსა აქვს, მაგრამ აზროვნებისათვის - მხოლოდ ადამიანს; თუმცა, დღევანდელი ცივილიზებული საზოგადოების უმეტესი ნაწილი ადამიანის ტვინზე ამ შეხედულებას არ იზიარებს და მას სულ სხვა ფუნქციას აკისრებს. ყველა მათგანი, ცხადია, სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის ევოლუციონისტური თეორიის მიმდევრები არიან, მიუხედავად იმისა, იციან თუ არა რაიმე ამ თეორიის არსებობის შესახებ, მაგრამ იციან მთავარი - ადამიანი ოდესღაც, რაღაც ერთუჯრედიანი არსება იყო, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, მაიმუნი, რომელიც რატომღაც ზნეობის მქონე არსებად, - ადამიანად იქცა. ეს თვითონ გააკეთა თუ ვინმემ გააკეთებინა, რა თქმა უნდა, ვერაა კაი საქმე და, როგორც იქნა, ამ ბოლო დროს, კაცობრიობა გონს მოეგო - ომი გამოუცხადა ყოველგვარი ადამიანური უბედურების მიზეზს, - ზნეობას და ჯერჯერობით მთელი პლანეტის მასშტაბით ვერა, მაგრამ ამერიკასა და ევროპაში ამ ომის ძლევამოსილი გამარჯვებით დამთავრებას ბევრიც აღარაფერი უკლია.
და სად ვართ ამ დროს ჩვენ - ქართველები? ვართ კი საერთოდ? კაცობრიობის უმრავლესობამ ჩვენი არსებობის შესახებ ყურმოკრულადაც არაფერი იცის. სულ ცოტა ხნის წინათ არც ევროპა და ამერიკა იყო ამ მხრივ გამონაკლისი,