თავი 1. დიდ აფეთქებამდე
ორი ნათესავი
მას შემდეგ, რაც ბისმარკმა თანამდებობა დატოვა, გერმანიის საგარეო პოლიტიკა უნიჭო ტრაგიკომედიად იქცა. ტრაგიკომედიის ავტორი ახალი იმპერატორი ვილჰელმი გახლდათ, რომელიც რკინის კანცლერის გაშვების შემდეგ ქვეყანას თავის ჭკუაზე მართავდა. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტი იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რადგანაც ვილჰელმს ჭკუა და ხასიათი ერთობ ხშირად ეცვლებოდა. დილით ერთ გუნებაზე იყო, საღამოს კი – სხვაზე. ხან ლამის მთელ ევროპას ემუქრებოდა, ხან კი ყველას მეგობრობას ეფიცებოდა. მოკლედ, მეტად არაპროგნოზირებადი და ცვალებადი ხასიათის ადამიანი გახლდათ. ასეთი ხასიათით ადამიანები პრობლემებს ქმნიან ოჯახში, სამსახურში და ცხადია, კიდევ უფრო დიდი პრობლემას ქმნიან, თუკი ისინი მსოფლიო პოლიტიკაში არიან გარეულნი. გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო და, შესაბამისად, მისი ლიდერი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენდა. ლიდერი რბილი ნათქვამია. ლიდერები ჰყავდა საფრანგეთსა და ინგლისსაც პრემიერ-მინისტრების სახით, მაგრამ ისინი ხშირად იცვლებოდნენ. გერმანიის ლიდერი კი იმპერატორი გახლდათ, რომელიც 1888 წელს ავიდა ტახტზე, უკვე 26 წელი მართავდა კონტინენტის უძლიერეს სახელმწიფოს და წესით კიდევ დიდი ხნით უნდა ემართა.
ვილჰელმის გარდა პრობლემას გერმანიას (და შესაბამისად, მთელ მსოფლიოს) ბისმარკის მემკვიდრეობაც უქმნიდა, ან იქნებ, უფრო მემკვიდრეობის არქონა. ბისმარკმა ევროპაში ურთულესი და არნახული ალიანსების სისტემა შექმნა, რომელსაც, მისი აზრით, გერმანიის უსაფრთხოება უნდა დაყრდნობოდა. მაგრამ ამ სისტემის მართვას მხოლოდ უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თუ შეძლებდა. ასეთი კი ბისმარკის წასვლის შემდეგ გერმანიაში არ აღმოჩნდა და ეს უპირველესად სწორედ „რკინის კანცლერის“ გამოისობით მოხდა. იგი გერმანიას თავის ჭკუაზე მართავდა და რაიმეს რომ არ დაებრკოლებინა, ჯანსაღ პოლიტიკურ ცხოვრებას ახშობდა და ხელს უშლიდა ძლიერი პარლამენტის განვითარებას. მოკლედ, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ვინმეს საშუალება არ მისცემოდა მის საქმეში ჩარეულიყო და საქმიანი შენიშვნა მიეცა. შედეგად ბისმარკმა ქვეყანა თავის ჭკუაზე მართა (ანუ, კარგად მართა), მაგრამ მისი წასვლის შემდეგ გერმანიის პოლიტიკაში დიდი სიცარიელე დარჩა, რომელიც ვერ შეავსეს ვერც მის მიერ კონტროლირებად პარლამენტში გამოზრდილმა პოლიტიკოსებმა და ვერც იმ მაღალჩინოსნებმა, რომელთაც რკინის კანცლერი გულის სიღრმეში სძულდათ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ მისი დიპლომატია არ ესმოდათ.
რკინის კანცლერის მემკვიდრეები თავიანთ ჭკუაზე ვერ ატრიალებდნენ ახალ იმპერატორს (როგორც ამას ყოფილ იმპერატორთან ბისმარკი ახერხებდა) და ამიტომ გერმანიის საგარეო პოლიტიკას მის ხასიათს არგებდნენ. ხასიათი, როგორც ვთქვით, ცვალებადი იყო. მასზე მორგებული პოლიტიკა კი, როგორც წესი – უნიჭო.
გერმანიის ახალმა მმართველებმა უპირველეს ყოვლისა იმით გამოიჩინეს თავი, რომ რუსეთთან გადაზღვევის შეთანხმება არ გააგრძელეს (1890). ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო მინისტრი, გერმანული წარმოშობის გირსი თანამემამულეების უარმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და მზად იყო, ყველა დათმობაზე წასულიყო. მას შემდეგ, რაც პრუსიამ საფრანგეთი დაამარცხა და ელზასი და ლორენი წაართვა, გერმანელებმა დასავლეთის ფლანგზე გარანტირებული მოწინააღმდეგე შეიძინეს და ორ ფრონტზე ომის ასაცილებლად რუსეთთან მტკიცე მეგობრობა ესაჭიროებოდათ. ცხადია, ეს ყველაზე უკეთ ესმოდა ბისმარკს, რომელიც რუსეთს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა ყველაფერი შეცვალეს და თავდაყირა დააყენეს. ერთ-ერთ მიზეზად კი ის მოიყვანეს, რომ რკინის კანცლერისგან მიღებული ასეთი რთული მემკვიდრეობის (ალიანსების ჩახლართული სისტემის) მართვა შეუძლებელი იყო და ამიტომაც მემკვიდრეობის მოშლა გახდა საჭირო. ოღონდ ეს მოშლა რატომღაც სწორედ რუსეთთან გადაზღვევის შეთანხმების გაუქმებით დაიწყეს (იმ საბაბით, რომ იგი სხვა შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდა) და ყველაფერი ამითვე დაასრულეს. ამრიგად ,ბერლინმა აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლო მოწინააღმდეგესთან ბოლო მეგობრული შეთანხმება გაწყვიტა და ორ ფრონტზე ომიც გამოიწერა.
ერთადერთი შედარებით რაციონალური მიზეზი, რომელიც ბისმარკის მემკვიდრეებმა ამ ნაბიჯის გადადგმისას მოიტანეს, შემდეგი იყო: მათ ინგლისთან ალიანსის გაფორმება ჰქონდათ ჩაფიქრებული და ამის გასაკეთებლად ლონდონისათვის ტრადიციულად პრობლემურ სახელმწიფოსთან (რუსეთთან) მეგობრობა უნდა დაესრულებინათ. მართლაცდა, ინგლისს ტრადიციულად ცივი ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან (სრუტეებისა და ინდოეთის მიმართულებით რუსული ექსპანსიის გამო), რასაც ის დაემატა, რომ, ეგვიპტური კრიზისიდან მოყოლებული, საფრანგეთთან აერია ურთიერთობები, რომლებიც ვერა და ვერ დალაგდა. მოკლედ, გერმანელთა გათვლით, დადგა დრო, როცა ამპარტავან და იზოლაციონისტ ინგლისელებს კონტინენტზე მოკავშირე მოეძებნათ და ასეთ ვითარებაში ვინ იქნებოდა ეს მოკავშირე, თუ არა ბერლინი?
მაგრამ ინგლისის ლოგიკა სხვაგვარი აღმოჩნდა: ჯერ ერთი, გერმანია უკვე კონტინენტის უძლიერეს სახელმწიფოდ ქცეულიყო და მასთან ალიანსი თუნდაც ამის გამო ცოტა აზრს მოკლებული იყო (ინგლისი, ისტორიულად, უძლიერესი სახელმწიფოების დაბალანსებას ცდილობდა და არა – მათ გაძლიერებას); მეორეც, უბრალოდ ინგლისი ალიანსებს ასე იოლად არავისთან აფორმებდა, მით უმეტეს მშვიდობიანობის დროს. დაბოლოს, გერმანია, როგორც პარტნიორი, მაშინ ფასობდა,