რომენ გარი - იგივე ემილ აჟარი რომენ გარი, რომლის ნამდვილი გვარია კასევი, დაიბადა 1914 წელს ვილნაში (ახლანდელ ვილნიუსში - ლიტვაში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა) ებრაელი დედისა და პოლონელი მამის ოჯახში. 1925 წელს მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. დედა ვაჟთან ერთად ჯერ პოლონეთში, ხოლო 1928 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. რომენ გარი კოლეჯს ამთავრებს ნიცაში, შემდეგ კი იურისპუდენციას სწავლობს ექს-ან-პროვანსსა და პარიზში. ეუფლება აგრეთვე სამხედრო მფრინავის პროფესიას.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი მიდის ემიგრაციაში ინგლისში, სადაც ეწერება შარლ დე გოლის მიერ ფორმირებულ ფრანგულ არმიაში. 1940-1944 წლებში მონაწილეობს აფრიკაში, აბისინიაში, ლიბიასა და ნორმანდიაში წარმოებულ ბრძოლებში.
მას ანიჭებენ „საპატიო ლეგიონის კომანდორისა“ და „განმათავისუფლებელი ბრძოლის კომპანიონის“ წოდებებს, აჯილდოებენ „1939-1945 წწ. ომის ჯვრით“ (ორჯერ), წინააღმდეგობის მოძრაობისა და დაჭრილთა მედლებით.
ომის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყებს მუშაობას. სხვადასხვა დროს არის საფრანგეთის კონსული სოფიაში, ბერნში, საფრანგეთის წარმომადგენელი გაეროში, გენერალური კონსული ლოს-ანჯელესში. სწორედ აქ გაიცნობს ჯინ სებერგს, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ჟან-ლუკ გოდარის იმ დროს ახალგამოსულ და მალევე „ახალი ტალღის“ ემბლემად ქცეულ ფილმში „უკანასკნელი ამოსუნთქვა“.
რომენ გარი ტოვებს დიპლომატიური კარიერას და ცოლად მოჰყავს ჯინ სებერგი. მათ შეეძინებათ ვაჟი - ალექსანდრ დიეგო.
1968 წ. რომენ გარი იღებს ფილმს საკუთარი სცენარის მიხედვით - „ჩიტები პერუში კვდებიან“, სადაც მთავარ როლს ჯინ სებერგი თამაშობს. ამას მოჰყვება მეორე ფილმი - „კილი“ 1972 წელს.
მაგრამ ნელ-ნელა ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა. ჯინ სებერგი მიამიტურად იბრძვის შავკანიანთა უფლებების დაცვისთვის. მთელ თავის შემოსავალს ურიცხავს ორგანიზაციას „შავი პანტერები“, რომელიც მის მიამიტობას ვერაგულად იყენებს. „შავი პანტერების“ საეჭვო საქმიანობას FBI უპირისპირდება და ჯინ სებერგიც მისი ყურადღების ცენტრში ექცევა. ორ ცეცხლსშუა აღმოჩენილი მსახიობი ნუგეშს ალკოჰოლსა და შემთხვევით პარტნიორებში ეძებს... რომენ გარი და ჯინ სებერგი ერთმანეთს შორდებიან...
რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცდაათამდე რომანი, ესეი, მოგონება, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა. ყველაზე ხშირად იყენებდა ორ ფსევდონიმს - რომენ გარი (რუსული სიტყვიდან „წვა“ ბრძანებით კილოში) და ემილ აჟარი (რუსული სიტყვიდან „სიმხურვალე“). 1956 წელს მისმა ნაწარმოებმა „ცის ფესვები“ გონკურის პრემია დაიმსახურა. ეს პრემია მხოლოდ ერთხელ ენიჭება მწერალს, მაგრამ მოხდა ისე, რომ 1975 წელს რომენ გარის იგი მეორედ მიენიჭა. ამჯერად - რომანისთვის „ცხოვრება წინაა“, რომელიც ემილ აჟარის ფსევდონიმით ჰქონდა გამოცემული. ჟიურიმ არ იცოდა, რომ რომენ გარი და ემილ აჟარი ერთი და იგივე პიროვნება იყო. ეს საიდუმლო ავტორმა სიცოცხლის ბოლომდე შეინახა...
1979 წელს, რომენ გარის ყოფილი მეუღლე, ჯინ სებერგი, თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს...
1980 წლის 30 ნოემბერს, რომენ გარი გამომცემლობა „გალიმარს“ უგზავნის ახალი წიგნის ხელნაწერს სათაურით „ემილ აჟარის ცხოვრება და სიკვდილი“, სადაც ფარდას ხდის თავის ვინაობას, ხოლო სამი დღის შემდეგ კი ისიც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.
სიკვდილის წინ დატოვებულ ბარათში რომენ გარი წერს: „ჩემს სიკვდილს არაფერი აქვს საერთო ჯინ სებერგთან. გატეხილი გულების მოყვარულთ ვთხოვ, ნუ იდარდებენ... რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩემს დეპრესიას დავაბრალოთ. მაგრამ მაშინ უნდა გაგიმხილოთ, რომ ამ დეპრესიაში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიმყოფები და სწორედ მისი წყალობით ვარ მწერალი.“