ნაწილი პირველი
1
ნაცრისფერი ძაღლი იყო, ცხვირის მარჯვენა მხარეს დასკუპებული მეჭეჭით, რომელიც თირკმელა სოკოს წააგავდა. დრუნჩი კი მთლიანად ჟღალი ბალნით ჰქონდა დაფარული, რაც მას „მწეველი ძაღლის“ აბრაზე გამოსახულ გამოუსწორებელ მწეველს ამსგავსებდა. გეცოდინებათ ის კაფე-ბარი, ნიცაში იყო, სულ ორ ნაბიჯზე იმ ლიცეუმიდან, სადაც ვსწავლობდი.
თავი ოდნავ გვერდზე გადაეწია და დაჟინებით მიყურებდა. ასეთ მზერას მხოლოდ უპატრონო ძაღლთა თავშესაფარში თუ ნახავთ, სადაც ხანმოკლე ვიზიტის დროს ცხოველები შიშნარევი იმედიანი თვალებით შემოგცქერიან. აუტანელია! მკერდი ნამდვილად მებრძოლი ძაღლისა ჰქონდა. მოგვიანებით, როცა ჩემი ბებერი სენდი გააჯავრებდა და წყობიდან გამოიყვანდა - და ამის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ - ბულდოზერივით მიაწვებოდა ხოლმე აბეზარს.
გერმანული ნაგაზი იყო.
ჩემს ცხოვრებაში პირველად 1968 წლის 17 თებერვალს გაჩნდა. მაშინ ბევერლი ჰილზში ახალი ჩასული გახლდით. ჩემს მეუღლეს, ჯინ სიბერგს იღებდნენ რომელიღაც ფილმში. იმ დღეს, ისევე როგორც ეს თითქმის ყველა ბუნებრივი მოვლენისთვისაა დამახასიათებელი ამერიკაში, ლოს-ანჯელესს უძლიერესი, მე ვიტყოდი, უსაშველო თავსხმა დაატყდა თავს: რამდენიმე წუთში ეს უზარმაზარი ქალაქი გადაიქცა ტბად, სადაც ფშვინვითა და ხროტინით საცოდავად დაღოღავდნენ წყლით ფილტვებგაბერილი ცოცხალმკვდარი კადილაკები. ქალაქს უცნაური, მისი დანიშნულებისათვის სრულიად შეუსაბამო იერი დაედო, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი სანახაობისთვის სიურრეალისტებმა დიდი ხანია შეგვამზადეს. მე მარტო ერთი რამე მადარდებდა ძალიან - ჩემი ძაღლი სენდი. წინა დღეს სანსეტ ბულვარზე გავარდა სახეტიალოდ, როგორც ეს უცოლშვილო მამრებს სჩვევიათ და ჯერ კიდევ არ იყო შინ დაბრუნებული. სენდი ოთხი წლის ასაკამდე უმანკო გახლდათ, რაც, ალბათ, გარკვეულწილად ჩვენი ოჯახისთვის დამახასიათებელი მაღალი მორალური პრინციპებით აღსავსე ატმოსფეროში ცხოვრებით იყო განპირობებული. ერთ დღესაც დოჰენი დრაივის ტურფამ თავბრუ დაასხა და ოთხწლიანი ბურჟუაზიული აღზრდა-განათლებისა და ფრიად მისაბაძი სანიმუშო პრინციპებისგან ნატამალიც კი აღარ დარჩა. სენდი, ცხადია, ბუნებით უბრალო, მიამიტი და ადვილად მიმნდობი არსებაა, ჰოლივუდის კინემატოგრაფიულ წრეებში ჯეროვანი თავდაცვისთვის სრულიად მოუმზადებელი.
პარიზიდან ლოს-ანჯელესში ჩამოვბარგდით მთელი ჩვენი ბარგი-ბარხანითა და, რაც მთავარია, სამხეცეთი. ჩამოვიყვანეთ ბირმული კატა ბრუნო და მისი განუმეორებელი თანამგზავრი მეი, სიამის ჯიშისა. მეი სინამდვილეში ხვადი იყო, მაგრამ ჩვენ, მართალი გითხრათ, არც კი ვიცი რატომ, ყოველთვის ძუდ აღვიქვამდით. შეიძლება იმიტომ, რომ სითბოსა და სინაზის საგანძური არ ელეოდა; კიდევ გვყავდა უკვე გადაღრძუებული ყოფილი მაწანწალა კატა ბიპო, ველური, მოუხელთებელი, უკარება და თანაც, ყველა სიკეთესთან ერთად კაცთმოძულეობისკენაც გახლდათ მიდრეკილი. აბა, ერთი გეცადათ, მოჰფერებოდით, იმ წუთშივე ბასრბრჭყალებიან თათს გამოგიქანებდათ; ტუკანი ბილი-ბილი, რომელიც კოლუმბიაში ცხოვრების დროს ვიშვილეთ. მხოლოდ ამას წინათ შეველიე არაჩვეულებრივ შვიდმეტრიან პითონს, რომელსაც პიტ-მახრჩობელა დავარქვით. სან-ფერნანდო ველიში ჯეკ კერათერსის კერძო ზოოპარკს ჩავაბარე. სხვათა შორის, იმასაც კოლუმბიის ჯაგნარში გადავეყარე. პიტთან განშორება იძულებითი იყო. მეგობრები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ მის მოვლაზე. ეს მაშინ ხდებოდა, როცა საკუთარ კანში გამომწყვდეულ კლაუსტროფობიით სნეულს ვემსგავსებოდი და დაუოკებელი მოუსვენრობა და უმისამართო ხეტიალის სურვილი შემიპყრობდა. კონტინენტიდან კონტინენტზე გადავდიოდი. ვეძებდი ვიღაცას თუ რაღაცას, ოღონდ განსხვავებულს. ზუსტად არც მქონდა გააზრებული. ბარემ, ჯობია, აქვე ვაღიარო, რომ ამ გადარბენებსა და წანწალში არც გადავყრივარ რამე ან ვინმე უჩვეულოს; მარტო არაჩვეულებრივი სიგარები აღმოვაჩინე მადრასში, რომელიც დღესაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობად მიმაჩნია.
დროდადრო ჩემი პითონის მოსანახულებლად სან-ფერნანდო ველიში ჩავდიოდი. მწერლებისადმი რიდითა და პატივისცემით შეპყრობილ ჯეკ კერათერსს მისთვის ცალკე ვოლიერი ჰქონდა გამოყოფილი. მოვკალათდებოდი ხოლმე ჩემთვის სადმე კუთხეში, გადავიდებდი ფეხს ფეხზე და თვალი თვალში გაყრილნი დიდხანს ვუცქერდით ერთმანეთს, მონუსხულნი, უსაზღვროდ გაოგნებულნი, სრულიად უძლურნი, ერთიმეორისათვის აგვეხსნა, რა ხდებოდა ჩვენს თავს, ან გაგვეზიარებინა მცირედი ნაწილი იმ გამოცდილებისა, რომელიც მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგვიგროვდა ორივეს. პითონის ტყავში აღმოჩენა ან, პირიქით, ადამიანისა - ეს ისეთი გასაოცარი გარდასახვაა, რომ გაზიარებული განცვიფრება ჭეშმარიტად ძმურად გვაკავშირებდა.
ხანდახან პიტი სამკუთხედად გარდაიქმნებოდა - პითონები ბურთად კი არ ეხვევიან, არამედ კუთხსაზომი ეკერის ფორმას იღებენ - მაშინ ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს მასპინძელი რაღაცაზე მიმანიშნებდა, რაც მე უეჭველად უნდა ამომეცნო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ კუთხსაზომის პოზას პითონი მარტო მაშინ იღებს, როცა საფრთხის მოახლოებას გრძნობს და თავდასაცავად ემზადება. მაშინ მივხვდი, რომ მე და პიტ-მახრჩობელას ერთი ფრიად დასაფასებელი თვისება გვქონდა საზიარო - უკიდურესი სიფრთხილე ადამიანებთან ურთიერთობაში.
შუადღე იქნებოდა. ლოს-ანჯელესის ქუჩებში ჯერ კიდევ წყლის ნაკადები ბობოქრობდნენ, როცა ჩემთვის კარგად ნაცნობი ბარიტონი ჩამესმა. ჩემი ძაღლი ყეფდა გამწარებით და შემოშვებას მთხოვდა. გარეთ გავქანდი და სასწრაფოდ კარი გავუღე. სენდი დიდი ყვითელი ძაღლია (შესაძლოა,