პროლოგი: ჩყმყ წელი.
აპნისი.
ბაკერ სტრეეტ-221 ბ-სთან, კუთხეში, პატარა რესტორანი ყესტერდაყ. პატარა ფანჯრები ყინვას დაებურა. ბუხარი. პატარა მრგვალი მაგიდა.
საუბრობდა ორი. მესამე, მრ ღინგო, კუთხეში ჩამომჯდარი, საქსოფონზე უკრავდა და პერიოდულად ჭიქებს ავსებდა კონიაკით.
ლ. თ. - მთვარე რომ მდინარეში ჩაიხედავს, წავალ.
თ. ა. - სად?
ლ. თ. - ქარს დავედევნები, დაბადების ადგილს უნდა მივაგნო.
თ. ა. - ნება შენია. თოლიასანი მომიტანს ამბავს. შენი მოგზაურობა მალე არ დასრულდება.
ლ. თ. - მოგწერ.
ლ. თ. ადგა, თ. ა-ს თვალი ჩაუკრა, კონიაკი ბოლომდე დალია, ნუში მუჭში ჩაიყარა და გავიდა.
თ. ა-მ mr Ringo-ს თვალით ანიშნა, შემივსეო და გლინტვეინი შეუკვეთა. მაცდურ კიზის უყვარდა ძალიან. მაცდურ კიზი კი, როგორც ყოველთვის, აგვიანებდა. თ. ა. ბუხართან მოკალათდა. შერლოკის ნაჩუქარი სიგარა გააბოლა და mr Ringo-ს მელოდიას გაჰყვა.
* * * * *
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი, აბა, რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი და გაფრინდა შავი შაშვი ერთი უცნაური ადგილისკენ, რომელსაც ერთი პირი ზურმუხტისა ჰქონდა, მეორე კი - ფირუზისა. ზურმუხტსა და ფირუზს შორის, თეთრი კენჭების გზა გადიოდა, რომელზედაც შაშვმა მგალობელმა ლურჯი თოლიების ცეკვა პირველად იხილა. ლურჯი თოლიები იშვიათად ცეკვავდნენ, მაშინ როდესაც სატურნის სცენიდან ნესსუნ დორმა ისმოდა, მთვარე და მარსი ბაასით მისეირნობდნენ ლიანდაგზე და ზღვის ჰორიზონტზე ფირუზისფერი გემი ნატსუკასჰი მიფრინავდა. ის დღე ახალი მოგზაურობის დასაწყისი იყო.
სამბუვარი - ასე ერქვა ამ ადგილს. სამბუვარში სულ რამდენიმე ქუჩა იყო: „მიუარ-მოუარე“, „აიარ-ჩაიარე“. „აღმართ-დაღმართ“ და „გაატარ-გამოატარე“. ქუჩა „აიარ-ჩაიარე“ „შედი-გადი“ ჩიხით მთავრდებოდა. ჩიხში სარკმელი იყო, სარკმელთან ლამპარი ენთო. სარკმლიდან კარგად მოჩანდა დიდი დირიჟაბლი, რომელიც ასაფრენად ემზადებოდა. დირიჟაბლი პილოტს მოცეკვავე, ლურჯი თოლიებით მოეხატა. ლამაზი იყო ფირუზისფერი დირიჟაბლი უდაბნოში... ათუხთუხდა დირიჟაბლი, ნელ-ნელა მოსწყდა მიწას და მზისკენ გაფრინდა. დირიჟაბლს ლურჯი თოლია - თოლიასანი დაედევნა, დირიჟაბლში შეფრინდა და დარჩა. შაშვმა მგლობელმა თვალი გააყოლა. სამბუვარის ქუჩებიდან კიდევ დიდხანს ადევნებდნენ თვალს თუხთუხ აღას ფირუზისფერ, გაფრენილ დირიჟაბლს, რომელიც თანდათან უჩინარდებოდა. შორს კი სატურნის სცენიდან კვლავ მოისმოდა Nessun Dorma, ოღონდ სულ სხვა შესრულებით.
* * * * *
27 დახურული კარი - Heurisko.
„აიარ-ჩაიარე“ ქუჩაზე მოხალული ყავის სურნელი სულ იყო. ამ ქუჩაზე მოხუცი კიზი ცხოვრობდა. ყავის საფქვავში თითო-თითო ყავის მარცვალს ჰყრიდა და ნელ-ნელა ფქვავდა. ლამაზი, გრძელი თითები ჰქონდა მოხუც კიზის, ხელები უკვე დანაოჭებოდა. არათითზე უზარმაზარი ფირუზის ბეჭედი ეკეთა. ფირუზიც მოხუც კიზის ხელებივით დასერილიიყო შავი ხაზებით. თუხთუხ აღა ხშირად ესტუმრებოდა მოხუც კიზის, რომელიც მთვარის შუქზე ნანახ და გაგონილ ამბებს უყვებოდა. მოხუცი კიზის კარზე სახელურს თუხთუხ აღა სამჯერ ჩამოჰკრავდა. მოხუცმაც იცოდა სტუმრის ვინაობა და ყავის მარცვალს ამოარჩევდა. ყავას უდაბნოს ქვიშაზე ადუღებდა. აკვირდებოდა ათუხთუხებულ ყავას, მოჭუტავდა თვალებს, სიგარას გააბოლებდა და ახალ ამბავს იწყებდა, ხელებს ლამაზად აყოლებდა თხრობას. ფირუზიც დაფრინავდა ამბებთან ერთად. თუხთუხ აღა ფირუზს ჩააშტერდებოდა უნებლიეთ და ფირუზის ლაბირინთში იკარგებოდა. ლაბირინთში სულ 27 დახურული კარი იყო. 27 სხვადასხვა ზომის გასაღების დიდი ასხმა - ჰეურისკო უსახსოვრა მოხუცმა კიზიმ თუხთუხ აღას. გასაღებით კარი მხოლოდ ერთი ცდით უნდა გაეღო. სამჯერ გადაეტრიალებინა და კარიც თავისით გაიღებოდა. სხვადასხვა კარიდან სხვადასხვა მელოდია ისმოდა და ახალი თავგადასავალიც იწყებოდა. დირიჟაბლიც იქით მიფრინვდა. კარის ჭრიალის ხმა არავის ესმოდა, გარდა მოხუცი კიზისა. ჭრიალზე მოხუცი კიზი გაიღიმებდა. დირიჟაბლის პილოტი ახალ თავგადასავალში უჩინარდებოდა. მოხუცი კიზი კი იჯდა „აიარ-ჩაიარე“ ქუჩაზე, ისევ თითო-თითო ყავის მარცვალს ჰყრიდა და მშვიდად ატრიალებდა ფირუზისთვლიანბეჭდიანი ხელით ყავის საფქვავს.