წინასიტყვაობა
არა, მის დაბრუნებას აღარ ცდილობდა.
გოგონა მხოლოდ მაშინ ბრუნდებოდა, როცა თვითონ მოეხასიათებოდა: სიზმრებში, ტყუილებში, სასოწარკვეთილ „დეჟა-ვუებში“.
მაგალითად, ერთხელ სამსახურში მიდიოდა მანქანით, ქუჩის კუთხეში მდგარ წითურთმიან გოგონას მოჰკრა თვალი და წამით სუნთქვა შეეკრა - ის ეგონა.
მეორე წუთში დაინახა, რომ გოგონას თმა ქერა უფრო ჰქონდა, ვიდრე წითური.
და რომ ხელში სიგარეტი ეკავა და შეხ პისტოლს-ის გამოსახულებიანი მაისური ეცვა.
ელინორი კი შეხ პისტოლს-ს ვერ იტანდა.
ელინორი...
როგორ იდგა ხოლმე მის ზურგს უკან, ვიდრე უკან არ მოიხედავდა. როგორ იწვა მის გვერდით გარინდული, ვიდრე ის არ გაიღვიძებდა. ელინორის მერე ყველა სხვა ქალი უღიმღამო, ტლანქი, უვარგისი ეჩვენებოდა.
ელინორის არყოფნა სიცოცხლეს უმწარებდა.
ელინორი სამუდამოდ წასულიყო.
მის დაბრუნებას უკვე აღარ ცდილობდა.