პირველი ოთახში ბიჭი იყო.
კეთმა ჯერ კარს შეხედა, მერე კი - იმ ფურცელს დახედა, რომელზეც სტუდენტურ საცხოვრებელში მისთვის გამოყოფილი ოთახის ნომერი ეწერა.
პაუნდ-ჰოლი, 913.
ოთახი ნამდვილად #913 იყო, მაგრამ შეიძლება, „ პაუნდ- ჰოლი “ იყო არასწორი. ეს საერთო საცხოვრებლები, მოხუცთა თავშესაფრების არ იყოს, ყველა ერთმანეთს ჰგავდა. იქნებ, ჯობდა, კეთს მამისთვის ეს მანამდე ეთქვა, სანამ მის ყუთებს მაღლა ამოზიდავდა.
- შენ ალბათ კეთერი ხარ, - უთხრა ღიმილით ბიჭმა და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა.
- კეთი, - შეუსწორა გოგომ და უეცრად, საშინელი შიში დაეუფლა. ბიჭს ხელი არ ჩამოართვა (ყუთი ეჭირა და აბა, რას ელოდა?).
ეს შეცდომა იყო - დიდი შეცდომა. კეთმა იცოდა, რომ პაუნდის სტუდსაცხოვრებელში ბიჭებიც ცხოვრობდნენ და გოგოებიც, მაგრამ ერთ ოთახში?
ბიჭმა კეთს ყუთი გამოართვა და იქვე, თავისუფალ საწოლზე დადო. ოთახის მეორე მხარეს საწოლი უკვე დაეკავებინათ, მასზე ტანსაცმელი და ყუთები ელაგა.
- ამოსატანი დაგრჩა რამე? - ჰკითხა ბიჭმა, - ჩვენ ახლახან მოვრჩით და წახემსებას ვაპირებთ. ბურგერი ხომ არ გინდა? „ პეარსში “ ყოფილხარ? მუშტის სიმსხო ბურგერები აქვთ, - უთხრა და კეთს ხელი მაღლა ააწევინა, რომელმაც ამ დროს სიმწრის ნერწყვი გადაყლაპა, - მუშტად შეკარი! - უბრძანა.
კეთი დაემორჩილა.
- შენს მუშტზე უფრო მსხვილებს აკეთებენ, - უთხრა ბიჭმა, ხელი გაუშვა და ის ზურგჩანთა აიღო, რომელიც კეთმა შემოსასვლელ კართან დააგდო, - კიდევ გაქვს ყუთები? რასაკვირველია, გექნება. გშია?
ბიჭი მაღალი, გამხდარი და გარუჯული იყო. მის შემხედვარე კეთს ეგონა, ყაჩაღის ნიღაბი - მაღალყელიანი წინდა - ახლახან მოიხსნაო, რადგან ქერა თმა გასჩეჩოდა. კეთმა, ხელში, ფურცელს კიდევ ერთხელ დახედა. „ ნუთუ ეს არის რეიგანი? “
- რეიგან! - წამოიძახა მხიარულად ბიჭმა, - ნახე, შენი ოთახის მეზობელი უკვე აქაა.
უცხო გოგომ კარის ზღურბლთან მდგომ კეთს ჩაუარა და ცივად გახედა. გოგოს სწორი, მუქი მოწითალო-მოყავისფრო თმა ჰქონდა და პირში აუნთებელი სიგარეტი გაეჩარა. ბიჭმა რეიგანს პირიდან სიგარეტი გამოაცალა და თავად ჩაიდო.
- რეიგან, კეთერი. კეთერ, რეიგანი. - თქვა მან.
- კეთი, - შეუსწორა კეთმა.
რეიგანმა კეთს თავი მისალმების ნიშნად დაუქნია და ჩანთიდან სიგარეტის ახალი ღერი ამოიღო.
- ოთახის ეს ნაწილი მე დავიკავე, - თქვა რეიგანმა და მარჯვენა მხარეს, ერთმანეთზე დაწყობილ ყუთებზე თავით ანიშნა, - თუ ფენ-შუის(აღმოსავლური სწავლება, რომლის მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობა, წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აქვს მოწყობილი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.) მიმდევარი არ ხარ, თავისუფლად შეგიძლია, ჩემი ხარახურა ისე მისწი-მოსწიო, როგორც გაგიხარდება, - უთხრა კეთს და ბიჭს მიუბრუნდა, - აბა, მზად ხარ?
ბიჭი კეთისკენ მიტრიალდა.
- შემოგვიერთდები?
კეთმა უარის ნიშნად გააქნია თავი.
კარის მიხურვის შემდეგ, ოთახში მარტო დარჩენილი კეთი, სავარაუდოდ, თავისი საწოლის ლეიბზე დაჯდა (იმწუთში ფენ-შუი ყველაზე ნაკლებად ადარდებდა), კედელს, რომელზეც აგურები ეხატა თავი მიადო და დამშვიდება სცადა.
მეტისმეტად აღელვებული კეთი, გრძნობდა, რომ თვალები ებინდებოდა და გული ყელში ებჯინებოდა. გრძნობების მოთოკვა სცადა, სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც.
ნებისმიერ წუთს მამა და რენი ოთახში ამოვიდოდნენ. კეთს არ სურდა, შეტევის შესახებ მათ რამე გაეგოთ. თუ ცუდად გახდებოდა, მაშინ მამაც ცუდად შეიქნებოდა. ამ შემთხვევაში კი რენი გადაწყვეტდა, რომ ისინი სტუდქალაქში მისი პირველი დღის ჩასაშხამებლად, განგებ იქცეოდნენ ასე, რენის გასაოცარი, ახალი თავგადასავლის ჩასაშხამებლად.
- აი, ნახავ, ამისთვის მადლობას მეტყვი, - უმტკიცებდა რენი კეთს.
პირველად ეს ჯერ კიდევ ივნისში უთხრა. იმდროისათვის კეთს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე მოთხოვნა უკვე გაეგზავნა და ანკეტის შევსებისას, რა თქმა უნდა, წამით არ დაფიქრებულა, ისე მიუთითა ოთახის მეზობლად რენი. აკი, თვარმეტი წლის განმავლობაში დებს საერთო ოთახი ჰქონდათ და რა იყო ცუდი იმაში, რომ უნივერსიტეტშიც ერთად ეცხოვრათ?
- თვრამეტი წელი ხომ ერთ ოთახში ვცხოვრობდით, - არ ეთანხმებოდა რენი. იგი კეთის საწოლის თავში იჯდა და სახეზე მე-უკვე-გავიზარდე ეწერა.
- და მერე ცუდად ვიყავით? - კეთმა ხელით ანიშნა დას საძინებელ ოთახში დახვავებულ წიგნებზე, საიმონ სნოუს პლაკატებსა და მათ საერთო გარდერობზე, რომელშიც ტანსაცმელს ჩურთავდნენ და არც კი დარდობდნენ, ვისი რა იყო.
კეთი საწოლის ბოლოში იჯდა და ცდილობდა, საბრალო-რომელიც-სულ-ტირის გამომეტყველებით არ ეცქირა რენისათვის.
- ეს კოლეჯია, - დაიჟინა რენმა, - კოლეჯში კი სწავლის გაგრძელების დედააზრი ახალი ხალხის