მასალები ისტორიისათვის
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ყოველკვირეული გამოცემა – გაზეთი „ქართული უნივერსიტეტი“ (მთავარი რედაქტორი ლელა ოჩიაური) 2009-2010 წლებში პერიოდულად აქვეყნებდა საუბრებს ქართული გამომცემლობების ხელმძღვანელებთან. საგაზეთო ინტერვიუებს უძღვებოდა ჟურნალისტი ნინო დეკანოსიძე. დაგროვდა საინტერესო მასალა, რომელსაც კრებულის სახით გთავაზობთ.
„ქართული საგამომცემლო მოზაიკა“ გვაცნობს დამოუკიდებელი საქართველოს საგამომცემლო სივრცეს – განსხვავებული ხედვისა და თემატური მიმართულების მრავალფეროვან სამყაროს.
საქართველოში თავისუფალი საგამომცემლო სივრცის ჩამოყალიბება მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. იმ დროიდან, როცა მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე შესაძლებელი გახდა წიგნის გამოცემა დამოუკიდებლად, „ზემდგომ ორგანოებთან“ შეთანხმების გარეშე.
რა პრობლემები არსებობს ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში, როგორ ვითარდებოდა, რა სიძნელეებსა და წინააღმდეგობებს გაუძლო, შეძლო თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენა, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და რა სამომავლო გეგმების აქვთ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც 50-ზე მეტი გამომცემელი საუბრობს ამ წიგნში.
დიახ, თქვენს ხელთაა საკმარისი ინფორმაცია განსჯისათვის!
კახმეგ კუდავა