სია (მაკეტი ფილმისთვის) სერიალის დასაწყისში, ტიტრების ფონზე ეკრანზე ვხედავთ რომაული ციფრებისა და ლათინური, რუსული და ქართული ასოებიდან შემდგარ ნაკადს, რაც უნებურად საშუალო მაყურებელს გონებაში ძველი საარქივო მასალის შესაბამის ასოციაციას უქმნის. ამ ნაკადის ჩამთავრების შემდეგ, პირველსავე კადრებში ვხედავთ კარგად მოვლილი შუახნის მანდილოსნის აღელვებულ სახეს და, რაც მთავარია, მის შიშისგან გაოგნებულ, გაფართოებულ თვალებს. მომდევნო წამებში მაყურებლის თვალწინ ახალი სურათი იშლება - ჩვენ ვხედავთ ობიექტივისადმი ზურგით მდგომ და მაისურის ამარა დარჩენილ ჩაფსკვნილ მამაკაცს, რომელსაც მარჯვენა ხელში რევოლვერი უკავია. შემდეგ მამაკაცი მაღლა აწევს კუნთმაგარ ხელს, ლულას საფეთქელთან მიიდებს და... სროლის ხმასთან ერთად გვესმის კივილი, რომელიც თანდათან გმინვასა და კვნესაში გადადის. ქალი მიირბენს მამაკაცის ჯერ კიდევ თბილ გვამთან და გადაეფარება მას... ამის შემდგომ ეკრანი მხოლოდ იმისთვის ბნელდება, რომ რამდენიმე წამში ბუნების ხალისიანი გამოღვიძების მხიარული ფერებით შეიმოსოს და ფილმის სიუჟეტმა თავიდან და დამოუკიდებლად დაიწყოს განვითარება.
...ოთახში დაბალ ხმაზე ამერიკული ჯაზის (სავარაუდოდ, ლუი არმსტრონგის შესრულებით) ბგერები ისმის. წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი მოკლედ შეჭრილი ბლანჟეთი გამხდარ, ყვრიმალიან სახეზე ჯაზის ჰანგებზე სარკის წინ ძვირფასი ჰალსტუხის შეკვრითაა დაკავებული. მამაკაცს სოსო ქვია, ის თბილისში ცნობილი და საკმაოდ პოპულარული მწერალია და - როგორც ეს შემდგომ ირკვევა - ამ წუთებში ქორწილში დიღმის გზაზე მდებარე ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში წასასვლელად ემზადება. რეკავს მობილური ტელეფონი. სოსო ანებებს თავს ჰალსტუხს, თიშავს მუსიკალურ ცენტრს (ჯაზის ჰანგები წყდება), იღებს მობილურს იქვე მდგარი მაგიდიდან და საუბარს იწყებს. რეპლიკებიდან თანდათან ნათელი ხდება, რომ ესაუბრება ძალზე ახლობელ ადამიანს (მალევე ირკვევა, რომ უფროს ძმას - ვასიკოს), რომელიც შეახსენებს მას დიდი ხნით ადრე გარდაცვლილი მამის მიერ მათთვის დანატოვარი ამანათის ამბავს და იმასაც, რომ მამის თხოვნის მიხედვით ამანათი უნდა გაიხსნას იმ დღეს, როდესაც სოსო ორმოცდაათი წლის გახდება - ანუ ხვალ. მობილური მაღალ ხმაზეა ჩართული და ძმის სიტყვები მაყურებელს კარგად ისმის. საუბრის ბოლოს უფროსი ძმა სხვა, უფრო მიწიერ თემაზე გადადის - „ ბიჭო, სიგარეტის ფული შემომაკლდა და იქნებ როგორმე გაიმეტო... “ . „ ხვალ ორმოცდათ ლარს მოგცემ, - პასუხობს ძმას სოსო, - ახლა ქორწილში გავდივარ, იქაც ხარჯია, ხომ იცი... ოღონდ დილით შემომიარე, ამანათიც არ დაგავიწყდეს და ბარემ გავხსნათ, ვნახცოთ რაა... თორემ მერე აღარ მეცლება, ნახევარ საუკუნეს მივუკაკუნე, ხუმრობა საქმეა?... საღამოთი პატარა საიუბილეო სუფრას გავშლი ჩინურ რესტორანში, ფალიაშვილზე... ცხადია, დაპატიჟებული ხარ, მაგრამ საქმეს, მოდი, ადრე მოვრჩეთ. ასე, თერთმეტისთვის გამოდი, მანანა უკვე წასული იქნება... ეგ ამანათი, პირველ რიგში, ჩვენი საქმეა “ . „ ჰო, ეგრე აჯობებს, “ - სწრაფად თანხმდება ძმა. “ კაი, აბა დილამდე “ , - მშვიდად პასუხობს სოსო, წყვეტს საუბარს, თიშავს მობილურს, ცრის კბილებში „ წურბელა “ და ისევ სარკეს უბრუნდება.
(მალე ეკრანზე ცოტა ხნით ვხედავთ სოსოს ეშხიან ქორწილში. ყველანი მხიარულობენ, ირგვლივ ჭამა-სმა, სიმღერა, ცეკვა-თამაშია, სოსო კი ჩაფიქრებულა, თითქოს ამ ქვეყნად არაა... მომდევნო ხანგრძლივი მიზანსცენა კი იწყება იმით, რომ მეორე დილით სოსო, ძმის მოსვლისა და ამანათის გახსნის მოლოდინში, უკვე ჩაცმული და გაპარსული, სავარძელში ნერვიულად ცქმუტავს და სიგარეტს ეწევა. უფროს ძმას მოსვლისთანავე ჯერ ადრე საგანგებოდ მომზადებულ ორმოცდაათლარიანს აძლევს, შემდეგ ამანათს გამოართმევს და მაგიდაზე დადებს, ყავასაც აადუღებს უმნიშვნელო რეპლიკების უწყინარი გაცვლის ფონზე, მერე კი ძმები ერთად ხსნიან ამანათს, რომელიც, როგორც ირკვევა, შეიცავს ძველებური ყაიდის რაღაც სქელ დავთარსა და გახსნილ კონვერტში ჩადებულ წერილს - მამის შვილებისადმი ოცდაათი წლის წინათ მიწერილს. წერილს ჯერ უფროსი ძმა - ვასიკო - კითხულობს და მერე ფურცელს უხმოდ უმცროსს გადაცემს. სოსოც წაიკითხავს... მაყურებელი კი მამის წერილის შინაარსს გებულობს კადრებს მიღმა მომდინარე ტექსტიდან - მისი მოსმენისას ყურს ხვდება წამკითხავის სიმტკიცით აღსავსე ტემბრი (რაღაც ლევიტანისებრი, დაახლოებით ისეთი, როგორიც, რეჟისორის წარმოდგენით, საბჭოთა უშიშროების გამობრძმედილ გენერალს უნდა ეკუთვნოდეს). ეს კადრები მამის სიტვებითურთ მეორდება ყოველი მორიგი სერიის დასაწყისში მთელი სერიალის მანძილზე).
პირველივე სერიაში მაყურებლისთვის ცხადი ხდება, რომ წინდახედული მამის მიერ შვილებისადმი ოცდაათი წლის წინათ მიწერილი წერილი სინამდვილეში რაღაც მოკლე ინსტრუქციის მსგავსი გზავნილია, ხოლო ამანათში ჩაყოლებული დავთარი შეიცავს საიდუმლო (და, სავარაუდოდ, სამარცხვინო) ინფორმაციას მამის თანადროულ ცნობილ და გავლენიან პერსონებზე - ანუ მათი საქმიანი და ადამიანური რეპუტაციის შემლახავ ძლიერ კომპრომატებს. ამ ცნობებს თან ერთვის ხსენებული პერსონალიების საკმაოდ გრძელი სიაც. თანდათანობით მაყურებლისთვის ისიც გასაგები