გამარჯვებული
შამათი ორ სვლაში? ერთი, ორი... სწორია, გნებდებით. დავიღალე, გვეყო ამდენი ჭადრაკი. წინააღმდეგი თუ არა ხართ, შევისვენოთ. ცხელ ჩაის მოგართმევთ, თან მოგიყვებით რაღაცას.
ეს ამბავი ჩვენ – მერის და მე – თერთმეტნახევარი წლის წინათ შეგვემთხვა. ახლა ზამთარია, მაშინ – ივლისი, გაგანია ზაფხული იყო. უნივერსიტეტის მესამე კურსზე, მათემატიკის განხრით ვსწავლობდი და ცოლის შერთვას ვაპირებდი. ჩემი დაოჯახება დედასაც უნდოდა. მამა ადრე გარდამეცვალა, დედას ჩემს გარდა სხვა შვილი არ ჰყავდა, ეტყობა, ვარაუდობდა, სახლი გამხიარულდებაო, მ-დაა... მერის და მე-მეთქი, იმ დაფერფლილი იმედის ხათრით ვამბობ, რომლის ყადრი ჩემზე უკეთ არავის გაეგება, თუმცა, ცხადია, მკვლელობაზე მერი არავითარ პასუხს არ აგებს, – იმ რიგში, თუ არად ჩავთვლით აბობოქრებულ ბრბოს სალაროს გარს რომ ეხვია, სრულიად მარტო ვიდექი. ვგონებ, შეყვარებულიც ვიყავი. მერი, ანუ – იმისდა მიხედვით, თუ რა დარი იდგა და რამდენი მანეთი მედო ჯიბეში, – მერილინ, მერი-ლუ, მარიეტ, მარიკო, – ასევე სტუდენტი იყო, ოღონდ სხვაგან სწავლობდა, არა აქვს მნიშვნელობა სად. ის, როგორც ვატყობდი, ლმობიერად ეკიდებოდა ჩემს არცთუ შენიღბულ ზრახვებს, დამყვებოდა კინოში, თეატრში, სიამოვნებით შეექცეოდა ნაყინს, რომელსაც ქუჩებში ხეტიალისას დროდადრო ვაწვდიდი და არასოდეს იშურებდა ფინჯან მაგარ ყავას – ცხადია, ნამდვილს, სახლში მოხალულსა და დაფქვილს, – სტუმრად თუ მივადგებოდი ხოლმე. ბუნებით მხიარულსა და ფიცხს, საოცრად შვენოდა მხრებზე ჩამოშლილი ქერა თმა და ელეგიურად ცისფერი თვალები. აღზრდა და განათლება არ აკლდა, ზოგჯერ მეშინოდა კიდეც... თუმცა, ამის შესახებ მერე. საშუალოზე მაღალი ტანისა და მოქნილი აღნაგობის – იმ დროს “სპორტულ” ტიპს რომ უწოდებდნენ, – ქალიშვილი იყო, თანაც დამშვიდობებისას ისეთი უცნაური, თითქოს სევდიანი, რაღაც არაამქვეყნიური გაღიმება იცოდა, რომ გულზე უმალ ჩრდილი მეფინებოდა, – ვაითუ, ეს ღიმილი მხოლოდ მე არ მეკუთვნის-მეთქი. სისულელეა, თქმა არ უნდა, თუმცა, ხომ გაგაფრთხილეთ: შეყვარებული ვიყავი. მართალია, ოდნავ წაგრძელებული ცხვირის პატრონი იყო, მაგრამ იმხანად ამ ნაკლს არათუ ვერ ვამჩნევდი, პირიქით – ღირსებაში ვუთვლიდი ჩემს მერი-ლუს.
ივნისის დამდეგს, – თითოეული დეტალი ამ ამბისა ჩემი მეხსიერების ქსოვილზე ამოტვიფრული დაღია, – ქალაქს ამბავი მოედო, ჰოლსტაინი ჩამოდისო.
არა, სულაც არ ვამტკიცებ, თითქოს უკლებლივ ყველანი მისი ვიზიტის მოლოდინით ვსუნთქავდით და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ლუდხანებში, მხოლოდ ჰოლსტაინზე ლაპარაკით ვიქცევდით თავს. მავანმა მაშინაც არ იცოდა და დღესაც არ იცის, ან მივიწყებული ექნება, თუ ვინ იყო ჰერმან ჰოლსტაინი – მით უმეტეს, რომ განთქმული მაესტრო რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა. თუმცა ამ ჩვენი უბნის კენწეროდან მთელი დედამიწა ლამის ბილიარდის ერთ პრიალა ბურთად წარმოგვიდგენია, იმედია, ეს გვარი თქვენთვის სრულიად უცნობი მაინც არ იქნება. თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ, რომ იმხანად განათლებულ ხალხში, მეტადრე კი კლასიკური მუსიკის მოტრფიალე მეოცნებეთა შორის, ჰოლსტაინის ბუმბერაზი პიროვნება უსაზღვრო ავტორიტეტით სარგებლობდა. ძალაუნებურად მეც მიწევდა მისი უბადლო მონაცემებისთვის ანგარიშის გაწევა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ და რა ცხარედ უკამათიად ჩემს ამხანაგებს იმაზე, თუ ვინაა კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის უდიდესი შემსრულებელი: ჰოლსტაინი თუ ჰოროვიცი, ჰოლსტაინი თუ გილელსი, რიხტერი თუ ჰოლსტაინი, და რამდენჯერ გამოუტანიათ მკაცრი და პირუთვნელი განაჩენი: ჰოლსტაინზე ნატიფი მეოცე საუკუნეში არავინაა. აფერუმ ჩვენი კულტურის მესვეურთ, – გესლიანად აღნიშნავდნენ განსაკუთრებით ენაწყლიანი მოპაექრენი, – ეს რამხელა უვაჟკაციათ, რომ ჩვეულ კრიჟანგობაზე ხელი აუღიათ და ჩვენში მსოფლიო ჩემპიონის მოპატიჟება ითავესო. არავითარი მაგის მსგავსი, – იფიცებოდნენ მათი არანაკლებ ოქროპირი მოქიშპენი, – საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ბატონი ჰოლსტაინი დიდი ფილანტროპია და საქველმოქმედო ხასიათის მისიით მოემგზავრება, რათა ოდესღაც მიტოვებული სამშობლოს წინაშე მოიხადოს მორალური ვალიო. მართალი გითხრათ, ჰოლსტაინის ჩამოსვლის ჭეშმარიტ მოტივებზე დღემდე არაფერი ვიცი. მაშინაც კი, თერთმეტი წლის წინათ, ვცდილობდი ნაკლებად ჩავრეულიყავი საერთო სჯა-ბაასში, უფრო ვუსმენდი, რადგან საკუთარი გამოკვეთილი აზრი არ გამაჩნდა. კი, მქონდა გაგებული, რომ სამოცდაათს მიტანებული ჰოლსტაინი დაბლობის ყრუ პროვინციაში, ხელმოკლე ებრაელი მესაათის ოჯახში დაიბადა და სულ პატარა იყო, როდესაც მშობლებმა შორით, ოკეანის გადაღმა გაიყოლეს. ისიც გამეგო, რომ ამერიკაში მან სახელიც გაითქვა და დიდძალი ფულიც მოიხვეჭა – მაშინ მის ზღაპრულ ჰონორარებზე ლეგენდები ითხზებოდა. იყო კიდევ რამდენიმე გავრცელებული ანეკდოტი ჰოლსტაინზე, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. ჩემდა სამარცხვინოდ, არანაირი სხვა ინფორმაცია განთქმულ პიანისტზე მე არ გამაჩნდა, ფოტოზეც კი არ მყავდა ნანახი. მთავარი კი მაინც ის გახლდათ, რომ დარხეული ხმა მართალი გამოდგა და ივნისის შუა რიცხვებში ქვეყნის მთავარ გაზეთში გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა ჰოლსტაინის მომავალი